Facebook Twitter

ას-653-983-07 21 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს “ლ...ი” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ...ი” (მოპასუხე)

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიყენებული ზიანისა და ქონებრივი ზარალის ანაზღაურება, დავალიანების გაქვითვა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს “ლ...მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “თ...ს” მიმართ და მიუთითა, რომ სს „ლ...ს“ ბალანსზე ირიცხება ენერგომეურნეობა, კერძოდ, ქვესადგურები: A-93, A-824 და 2360 მეტრი მაღალი ძაბვის კაბელი. სს „თ...ი“ სარგებლობს მოსარჩელის ქვესადგურებით და აწვდის ელენერგიის 10 ობიექტს. მოსარჩელის გაანგარიშებით, სს „თ...მა“ ელექტრომეურნეობის მეშვეობით გაატარა დაახლოებით 10 მილიონი კვ.სთენერგია, რაც 41811 ათას ლარს უდრის. მოპასუხე თავს არიდებს ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ... გადაწყვეტილებით სს „ლ...ი“ ცნობილი არის მაღალი ძაბვის მომხმარებლად. თ...მა მოახდინა 1999-2002 წლებში მაღალ და დაბალ ძაბვას შორის მომხმარებელთა სხვაობის კორექტირება და მოსარჩელეს ჩამოაწერა 4808 ლარი, 2045 ლარი კი კვლავ ერიცხება დავალიანებად. დღეისათვის მოსარჩელის განმარტებით, მას ერიცხება 27702 ლარის დავალიანება. მოსარჩელემ მოითხოვა 2045 ლარით დავალიანების შემცირება, დავალიანების - 25657 ლარიდან გაიქვითოს ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური. მოსარჩელემ მოითხოვა ასევე სს „თ...სათვის“ 10 154 ლარის ქონებრივი ზარალის ანუ სულ 26 308 ლარის დაკისრება, ხოლო დაზუსტებული სარჩელით სს „თ...სათვის“ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 37 891 ლარის დაკისრება, რომლიდანაც გაიქვითოს სს „ლ...ს“ დავალიანება 27 702 ლარი და საბოლოოდ გადაიხადოს 20 343 ლარი სს „ლ...ს“ სასარგებლოდ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თუმცა სადავოდ არ გახადა ის ფაქტი, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგური და ¹ა-93 და ა-824, აგრეთვე, მაღალი ძაბვის კაბელი სს „ლ...ს“ საკუთრებას წარმოადგენს და ელექტროენერგიის ტრანსფორმატორებში გატარების მომსახურების საზღაური უნდა დადგინდეს მხარეთა შეთანხმებით. მოპასუხე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოთხოვნას 10154 ლარის ანაზღაურების შესახებ და სს „ლ...ს“ დავალიანების - 27 702 ლარის გაქვითვას დავალიანებიდან, რომელიც „ე...ს“ წარმოეშვა სს „ლ...ს“ ენერგომეურნეობის მოხმარების გამო.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ლ...ს” სარჩელი მოპასუხე სს “თ...ს” მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “თ...ს” დაეკისრა სს “ლ...ს” სასარგებლოდ 10,836,1 ლარი და აღნიშნული თანხიდან სს “თ...სადმი” დავალიანება 27 702 ლარი შეუმცირდა 16 866,1 ლარით, ხოლო დავალიანების დარჩენილ ნაწილში გადასახადისაგან განთავისუფლებაზე ეთქვა უარი. სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ლ...მა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით სს “ლ...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება სს “ლ...ს” საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო ქვესადგურების: ა-93 და ა-824-ის მეშვეობით სს “ე...ს” აბონენტებისათვის ელენერგიის მიწოდების შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი თანხმობის გარეშე, სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის გამო, მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ საფუძველს მოკლებულია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მისი მოთხოვნის, ელენერგიის გატარებისათვის გაწეული ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის სრულად, 37391 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და მხარემ ვერ დაადასტურა თუ რა თანხისაგან შედგება მის მიმართ მოწინააღმდეგე მხარის დავალიანება და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ აუცილებელ ხარჯებს არ მოიცავს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი, რომლითაც ზოგადად განისაზღვრა მსგავსი ურთიერთობების მოწესრიგების წესი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სს “ლ...ი” საათში მოიხმარს 6-10 კვ ელექტროენერგიას, ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მხარეთა შორის ანგარიშსწორება სემეკის მიერ დადგენილი 6-10 კვ ენერგიის ტარიფით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ლ...მა”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სს “ლ...ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე სს “თ...მა” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ლ...ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას სს “ლ...ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ლ...ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს “ლ...ს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2378 ლარის) 70% _ 1 664 ლარი და 60 თეთრი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.