Facebook Twitter

ას-65-399-09 2 აპრილი, 2009 წ. ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს “....” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “....” წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2005 წლის 18 სექტემბერს მის საკუთრებაში არსებულ სახლს გაუჩნდა ხანძარი და დაიწვა. მისი თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია აღდგენითი სამუშაოების გარეშე, რისი ღირებულებაც საერთო ჯამში 149000 აშშ დოლარია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2005 წლის 14 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ-ის საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის უშუალო ტექნიკური მიზეზია საჰარეო ქსელში “0” ხაზის დაზიანება და საცხოვრებელი სახლის ელ. განათების ქსელში მაღალი ძაბვის მიწოდება, რითაც მიადგა ზარალი 149388 აშშ დოლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “....” ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 100000 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს “....”.

თბილისის საააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 6 ნოემბერს, აპელანტ სს “....” გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს “....” სააპელაციო საჩივარი.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს “....”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სს “....” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2008 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “....”. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე ვერ მივიდა დანიშნულ დროს, ვინაიდან საცობის გამო, მგზავრობა შეფერხდა. აღნიშნული უნდა ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული საპატიო მიზეზი კი სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს “....” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დადგენილია, რომ 2008 წლის 6 ნოემბერს, 14.00 საათზე, დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით 2008 წლის 25 სექტემებრის სხდომის გადადებისას ხელწერილით იყო გაფრთხილებული აპელანტი სს “.....” წარმომადგენელი აკაკი ამაღლობელი. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.44).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, მგზავრობის დროს მოჰყვა საცობში.

მოცემულ შემთხვევაში, ავტოსაგზაო საცობში მოხვედრა არ წარმოადგენს დაუძლეველ ძალას, ვინაიდან მხარემ წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ყველა შემაფერხებელი გარემოება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის პროცესუალური შედეგი, რაც მოჰყვება მის გამოუცხადებლობას.

პალატა განმარტავს, რომ, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სს “....” სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “....” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.