Facebook Twitter

¹ას-654-876-08 18 ნოემბერი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე) _ ა. ა-ანი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ქუთაისის ......... სახელმწიფო თეატრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 8 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის .......... სახელმწიფო თეატრმა მოპასუხე ა. ა-ანის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის აბონემენტების გავრცელების შედეგად წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების დაკისრება 1353.48 ლარის ოდენობით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1997 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისის .......... სახელმწიფო თეატრსა და ამავე თეატრის მსახიობ ა. ა-ანს შორის დაიდო ხელშეკრულება აბონემენტების გავრცელების შესახებ, რომლის თანახმად, მოპასუხეს სკოლებში უნდა გაევრცელებინა აბონემენტები, ხოლო თეატრი ვალდებული იყო ნაღდი ანგარიშსწორებით შემსრულებლისათვის გადაეხადა სამუშაოს გასამრჯელო შემოტანილი თანხის 10%-ის ოდენობით.

მთლიანობაში მოპასუხემ გაიტანა 3107 ცალი აბონემენტი, რომლის ღირებულება შეადგენდა 15.224,30 ლარს. აღნიშნული თანხიდან მან შეიტანა 13.870,80 ლარი, ხოლო შესატანი დარჩა 1353,48 ლარი.

მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული დავალიანების თაობაზე ა. ა-ანი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული. 2005 წლის 4 ოქტომბერს მოპასუხემ ახსნა-განმარტებითი ბარათი წარადგინა და დავალიანება აღიარა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ტომი 1, ს.ფ. 1-2).

მოპასუხე ა. ა-ანმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. ამასთან, მის მიერ არანაირი ვალის აღიარებას ადგილი არ ჰქონია. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე იმსჯელებდა, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა გაწეული სამუშაოს ანაზღაურების თვალსაზრისით (ტომი 1, ს.ფ. 16-19).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის .......... თეატრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1997 წლის 1 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ქ. ქუთაისის .......... სახელმწიფო თეატრის დირექციამ ა. ა-ანს დაავალა აბონემენტების გავრცელება სკოლებში. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, შემკვეთი იღებდა ვალდებულებას შემსრულებლისათვის გადაეხადა შესრულებული სამუშაოს გასამრჯელო _ შეტანილი თანხის 10%. მხარეებმა სხდომაზე დაადასტურეს, რომ მათ შორის საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ გასულია თითქმის 10 წელი.

ის გარემოება, რომ აბონემენტების ღირებულება სრულად არ იყო დაფარული, მოსარჩელისათვის საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტისთანავე იყო ცნობილი. შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად საქალაქო სასამართლომ მითითებული დრო მიიჩნია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძვლის (ვალის აღიარება) არსებობის შესახებ, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებაში მოპასუხე აღწერდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას და მოთხოვნის არსებობის შესახებ არ მიუთითებდა (ტომი 1, ს.ფ. 21-24).

საქალაქო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის .......... თეატრმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტი არასწორად მიიჩნევდა სასამართლოს მსჯელობას 2005 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, რამაც, მისი მოსაზრებით, საქმეზე ხანდაზმულობის საკითხის არასწორად შეფასება განაპირობა (ტომი 1, ს.ფ. 30-31).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ქუთაისის .......... თეატრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, ქუთაისის .......... თეატრის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ა-ანს ქუთაისის თოჯინების თეატრის სასარგებლოდ დაეკისრა 1353.48 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მოცემული დავის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

რამდენადაც თოჯინების თეატრსა და ა. ა-ანს შორის დადებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების დრო არ განსაზღვრულა, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად არ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. ა-ანის ახსნა-განმარტებითი ბარათი მხარეთა შორის ვალდებულების არსებობას ადასტურებდა. ამასთან, მას აბონემენტების ნაწილი თანხა თეატრისათვის გადახდილი ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ტომი 2, ს.ფ. 41-44).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. მართალია, კანონის დასახელებულ ნორმაში საუბარია კრედიტორის უფლებამოსილებაზე ვალდებულების შესრულების ნებისმიერ დროს მოთხოვნასთან მიმართებაში, მაგრამ, კასატორის აზრით, ასეთ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ნებისმიერ დროს მოთხოვნის შესაძლებლობა მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში მოიაზრება. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სახელშეკრულებო მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მასზე უნდა გავრცელდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლაც ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად უნდა მოხდეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის მომენტს წარმოადგენს მხარეთა შორის საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის დრო _ 1998 წელი, ვინაიდან დადგენილია, რომ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას ადგილი ჰქონდა 1998 წელს. შესაბამისად, მოპასუხისათვის საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტისთანავე ცნობილი იყო უფლების დარღვევის ფაქტი, კერძოდ ის, რომ აბონემენტთა ღირებულება სრულად არ იყო დაფარული.

გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მის მიერ ახსნა-განმარტებითი ბარათით ვალდებულების არსებობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნულ ბარათში ა. ა-ანს ვალის არსებობა კი არ უღიარებია, არამედ მოპასუხესთან სადავო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობები აღწერა. ამასთან, მას ვალდებულების არსებობაც რომ ეღიარებინა, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლიდან გამომდინარე, მაინც დარჩებოდა ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლება, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო (ტომი 2, ს.ფ. 47-56).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი დადგენისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე.

საქმეზე დადგენილია, რომ 1997 წლის 1 ოქტომბერს ქ. ქუთაისის .......... სახელმწიფო თეატრის დირექციასა და ა. ა-ანს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა. ა-ანმა იკისრა აბონემენტების გავრცელება სკოლებში გარკვეული გასამრჯელოს გადახდის პირობით. მთლიანობაში ა. ა-ანმა გაიტანა 15.224,30 ლარის ღირებულების 3107 აბონემენტი. აღნიშნული თანხიდან მან შეიტანა 13.870,80 ლარი, ხოლო შესატანი დარჩა 1353,48 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა უნდა გავრცელდეს. ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევა მოთხოვნის წარმოშობის დრო. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ისე მიიჩნია ხანდაზმულად, რომ არ განსაზღვრა, თუ როდის წარმოეშვა თეატრს დარჩენილი თანხის _ 1353,48 ლარის მოთხოვნა ა. ა-ანის მიმართ. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის შეფარდებას, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. აღნიშნული ნორმის გამოყენება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, ვალდებულების შესრულების დრო ირკვეოდა თუ არა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის საქმიანი ურთიერთობა შეწყდა 1998 წელს, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათ შორის საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ გასულია თითქმის 10 წელი. სააპელაციო სასამართლომ არ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მხარეთა შორის საქმიანი ურთიერთობების 1998 წელს შეწყვეტის შესახებ, არ იმსჯელა, თუკი მხარეთა შორის საქმიანი ურთიერთობა 1998 წელს შეწყდა, ასეთ შემთხვევაში .......... თეატრს, გონივრულად, უნდა ევარაუდა თუ არა, რომ სადავო თანხის ნაწილში ხელშეკრულება არ შესრულდა. სააპელაციო სასამართლომ არც ის გარემოება დაადგინა, თუ როდის მოითხოვა თავდაპირველად ქ. ქუთაისის .......... სახელმწიფო თეატრმა ამ ვალდებულების შესრულება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ შემთხვევაში სადავოა არა მთლიანი ვალდებულების, არამედ მისი დარჩენილი ნაწილის შესრულება, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, თუ როდის შესრულდა ვალდებულების ნაწილი და აშკარა იყო თუ არა, რომ სადავო თანხის ნაწილში ვალდებულება არ შესრულდა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რა ვადის აბონემენტები ჰქონდა გასავრცელებელი მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს, როდის ამოიწურებოდა მათი გამოყენების და გავრცელების ვადა, როდის შეიტყო ან უნდა შეეტყო თეატრს აბონემენტების გავრცელების ვადის ამოწურვის შესახებ და როდიდან წარმოეშვა მას დარჩენილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს ა. ა-ანის 2005 წლის 4 ოქტომბრის ახსნა-განმარტების შესახებ (ტ.1, ს.ფ.10-11) და შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა იგი სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ვალდებული პირის აღიარებას. აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სწორად უნდა შეფასდეს შემდეგი გარემოება: ახსნა-განმარტება თავისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ა. ა-ანის მიერ ვალდებულების აღიარებას თუ ფაქტის აღიარებას. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის როგორც 137-ე, ისე 144.3 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტობრივი გარემოებების კონსტატაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.