Facebook Twitter

¹ას-655-1031-06 22 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ა-ის წარმომადგენლის _ ი. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინებასა და ამავე პალატის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – 2002 წლის 25 აპრილს.... ფონდის სარჩელის გამო მოპასუხე გ. ა-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ; გ. ა-ის წარმომადგენლის _ ი. ბ-ის შეგებებული სარჩელი მესაკუთრედ აღიარების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 17 იანვარს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2002 წლის 25 აპრილს ..... ფონდმა მოპასუხე გ. ა-ის მიმართ საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე გ.ა-ი უკანონოდ ცხოვრობს ქ.თბილისში, ...., I შესახვევის მე-... კორპუსში მდებარე ფონდის მიერ შეძენილ ბინა ¹22-ში. ... ფონდის 2002 წლის 28 მაისის სხდომაზე გ.ა-ს უარი უთხრეს ფონდის მიერ შეძენილ ბინაზე დესტინატერად ცნობაზე იმ საფუძვლით, რომ იგი იყო ერთი სული და ძველი ფონდის მიერ მას არაკანონიერად ჰქონდა გამოყოფილი ორი ოთახი, რაზედაც არავითარი დოკუმენტი არ არსებობდა. მოსარჩელისათვის ასევე უცნობია, არის თუ არა გ.ა-ი ქ.თბილისში, .... ქ. ¹6-ში მდებარე სახლის მესაკუთრე და ცხოვრობენ თუ არა მასთან მისი ოჯახის წევრები, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2004 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და გ. ა-ი აღიარებულ იქნა ქმედუუნარო პირად. ი. ბ-ი ცხოვრობს ფონდის მიერ შეძენილ ბინაში უკანონოდ შეჭრილ გ. ა-სთან ერთად და ვინაიდან ეს უკანასკნელი ცნობილია ქმედუუნაროდ, არ არსებობის იმის იურიდიული საფუძველი, რომ ი. ბ-ი ჩაითვალოს მისი ოჯახის წევრად. ამასთან, ი. ბ-ი დედასთან ერთად ჩაწერილია .... ქ. ¹16-ში მდებარე სახლში. აქედან გამომდინარე, ი. ბ-ი არის არასათანადო პირი დესტინატერად ცნობისათვის, ხოლო გ. ა-ი კი არის ერთი სული და იგი უნდა დაკმაყოფილდეს პირველი შესაძლებლობისთანავე ერთი ოთახით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გ. ა-ის გამოსახლება ქ.თბილისში, .... I შესახვევი, მე-.... კორპუსის, ფონდის მიერ შეძენილი ბინა ¹22_დან და მისი შესახლება ერთოთახიან ბინაში.

მოპასუხე გ. ა-ის მეურვე ი. ბ-მა სარჩელი არ ცნო და, თავის მხრივ, წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა გ.ა-ის მესაკუთრედ აღიარება ბინაზე, მდებარე ქ.თბილისში, ... I შესახვევის მე-... კორპუსის ბინა ¹22_ში. ი. ბ-მა მიუთითა, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის „სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთათვის მეურვეობისა და მზრუნველობის დამნიშვნელი კომისიის“ 2004 წლის 15 აპრილის სხდომის გადაწყვეტილებით დაინიშნა გ. ა-ის მეურვედ. 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად გ.ა-ის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹6-ში, საკმაოდ დაზიანდა და სპეციალისტებმა იგი მიაკუთვნეს ავარიულობის მესამე კატეგორიას, რომლის მიხედვით აღნიშნული ბინა გამაგრებას არ ექვემდებარება. მისი განცხადების საფუძველზე მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციაო ეროვნულმა კომისიამ მათ გამოუყო ოროთახიანი ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ... I შესახვევის მე-... კორპუსის ბინა ¹22_ში, რომელიც მათ გადაეცათ 2002 წლის სექტემბერში. 2003 წლის იანვარში უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება დაზარალებულებსა და ფონდს შორის, მაგრამ ფონდის საქმიანობა შეჩერდა საგამოძიებო მოქმედებების გამო. ფონდის საქმიანობის განახლების შემდეგ, 2004 წლის 28 მაისს, ... ფონდის გამგეობის სხდომაზე განხილულ იქნა მათი საკითხი, როგორც „მოქალაქეთა საკითხი, რომლებსაც მათზე დამაგრებული ბინები დღემდე არ გამოუყენებიათ ან იყენებენ არადანიშნულებისამებრ“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ 2002 წლის სექტემბრიდან. ამასთან, ქ.თბილისის ... 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, დროებითი თავშესაფრის სახით გაცემული ბინები დაზარალებულებს გადაეცემათ საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ბ-მა მოითხოვა 2002 წლის 25 აპრილს .... ფონდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გ. ა-ის აღიარება სადავო ბინის მესაკუთრედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ა-ი გამოსახლდა ქ.თბილისში, ... პირველი შესახვევი, მე-... კორპუსის, ბინა ¹22-ში მდებარე ბინიდან; გ. ა-ი შესახლებულ იქნა ერთოთახიან ბინაში; გ. ა-ის წარმომადგენელ ი. ბ-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა „2002 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. ასეთ შემთხვევაში კი, ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, ფონდს უნდა გაეფორმებინა ამ ბინით ექვსი თვით სარგებლობის ხელშეკრულება, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პირი ვალდებული იყო, გაეთავისუფლებინა ბინა, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ჰქონდა სადავო ბინის ფლობის უფლება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ი. ბ-მა. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ოჯახის მძიმე მდგომარეობა, ასევე ის ფაქტი, რომ მან ფონდს წარუდგინა ყველა დოკუმენტი, რომელთა საფუძველზე ვალდებული იყო გ. ა-ი ეცნო დესტინატერად, რის შემდეგაც მხარეთა შორის დაიდებოდა ხელშეკრულება და მას საკუთრებაში გადაეცემოდა სადავო ბინა. აქედან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ფონდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, გ. ა-ის მესაკუთრედ აღიარება ბინაზე, მდებარე ქ.თბილისში, ... I შესახვევის მე-... კორპუსი ბინა ¹22_ში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენელ – ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება 2002 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში ... ფონდის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. 2002 წლის 25 აპრილს... ფონდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ი. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.

2006 წლის 18 ივლისს 2002 წლის 25 აპრილს... ფონდის წარმომადგენლებმა, დ. ა-მ და მ. ო-მ საჩივარი შემოიტანეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ ისინი, როგორც 2002 წლის 25 აპრილს... ფონდის წარმომადგენლები, საქმის განხილვაზე მოწვეული არ ყოფილან საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, მათ არ ჩაბარებიათ სასამართლო უწყებები. გარდა ამისა, 2006 წლის 7 ივნისის სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ამავე დღეს და ამავე საათზე შპს „თბილისის ...“ დანიშნული იყო საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვა. არბიტრად დანიშნული იყო დ. ა-ე, ხოლო პრეტენდენტის ინტერესებს იცავდა მ. ო-ე. მხარეები ვერ შეთანხმდნენ პროცესის სხვა დროისათვის გადადებაზე, რის გამოც დავა გაგრძელდა და მათ საშუალება არ ჰქონდათ შეეტყობინებინათ სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის შესახებ. ამასთან, გადაწყვეტილება ჩამოყალიბებულია საქართველოს სსკ-ის 234-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მართალია, მოსარჩელეს გ. ა-ის გამოსახლებაზე ეთქვა უარი, მაგრამ სასამართლომ ის მაინც არ ცნო დესტინატერად. ამდენად, მისი ცხოვრება სადავო ბინაში კანონის უხეში დარღვევაა. საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა აპელანტისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, რადგან მისი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. დარღვეულია ასევე ამავე კოდექსის 234-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და არა მის გარეშე, აღნიშნულიდან გამომდინარე, 2002 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში .... ფონდის წარმომადგენლებმა დ. ა-მ და მ. ო-მ მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2006 წლის 7 ივნისის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში და განახლდა საქმის წარმოება.

აპელანტმა - გ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ი. ბ-მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება გ. ა-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში.

მოწინააღდეგე მხარის, 2002 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში ... ფონდის, წარმომადგენელმა დ. ა-მ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. ამასთან განმარტა, რომ ... ფონდი თანახმაა, გამოსახლების შემთხვევაში, გ.ა-ი სარგებლობის უფლებით შესახლებულ იქნეს ფონდის საკუთრებაში არსებულ ერთოთახიან ბინაში, მდებარე ქ.თბილისში, .... , მე-5 კვარტლის პირველი კომპლექსის მე-... კორპუსის ბინა ¹71_ში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ა-ის კანონირი წარმომადგენლის _ ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. 2002 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში ... ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ა-ი გამოსახლდა 2002 წლის 25 აპრილს.... ფონდის საკუთრებაში არსებული ბინიდან - მდებარე ქ.თბილისში, .... I შესახვევის მე-.... კორპუსის ბინა ¹22_დან. გ.ა-ს გამოსახლებისთანავე სარგებლობის უფლებით გადაეცა 2002 წლის 25 აპრილს .... ფონდის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე ქ.თბილისში, .... მე-5 კვარტლის, პირველი კომპლექსის მე-... კორპუსის ბინა ¹71_ში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინება და ამავე პალატის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ი. ბ-მა და მოითხოვა მათი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

2002 წლის 25 აპრილს..... ფონდის თავმჯდომარე ა. გ-მ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გ. ა-ის კანონიერ წარმომადგენელ ი. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას გ. ა-ის კანონიერ წარმომადგენელ ი. ბ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ა-ის კანონირი წარმომადგენლის – ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

გ. ა-ის კანონირი წარმომადგენლის – ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.