ას-655-985-07 30 ნოემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ი-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. ი-ს მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. ი-ს დაეკისრა მეუღლის _ ფ. ი-ს მიერ აღებული სესხის დარჩენილი ნაწილის _ 8500 აშშ დოლარის გადახდა.
ნ. ი-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ. ი-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც განმცხადებელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაAპალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ი-ს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასაბუთება და მიიჩნია, რომ მხარის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული გარემოებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების დროსაც რომ ყოფილიყო სასამართლოსათვის ცნობილი, მხარისათვის სასურველ გადაწყვეტილებას არ გამოიწვევდა. პალატის მითითებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე და 1483-ე მუხლების თანახმად, გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრე ნ.ი-სათვის სესხის დაბრუნების დაკისრების შესახებ იურიდიულად ამართლებს სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ მიიჩნევა განმცხადებლის მითითება, რომ სასამართლოში წარდგენილ იქნა ორი ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულება, კერძოდ, ცნობები ნ.ი-ს მიერ გამგეობაში ვალის ზეპირი აღიარებისა და ნ.ი-ს მიერ ვალის წერილობითი აღიარების არარსებობის თაობაზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ დასახელებული მტკიცებულებები არ არის ურთიერთსაპირისპირო და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ. ი-ს ვალი წერილობით არ უღიარებია, რაც სასამართლოსათვის საქმის განხილვისას ცნობილი იყო და ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ი-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა უკანონოდ, ნ.ი-ს საქმეში მონაწილეობის გარეშე, რითაც დაირღვა მხარის უფლება, დაეცვა სასამართლოზე თავისი ინტერესები, წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები და სხვა. სასამართლომ სადავო ვალის აღიარებად არასწორად ჩათვალა 2003 წლის 23 აპრილს შედგენილი მარნეულის გამგებელ ფ.ასლანოვის მიერ დამოწმებული ცნობა. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილად ის გარემოება, რომ ფ.ა-ა სხვადასხვა ცნობებში მიუთითა, რომ სადავო ვალი აღიარა ფ.ისმაილოვმა, ნ.ი-მ. კასატორის მიერ წარდგენილი ცნობის მიხედვით კი, წერილობით ვალის აღიარება არ მომხდარა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ი-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადების დასაბუთებულობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეყრდნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.