ას-656-878-08 6 თებერვალი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი _ ა. კ-იკო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ლ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ი. და გ. ც-იები (მოპასუხეები)
წარმომადგენელი _ ნ. ბ-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ბავშვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 26 ივნისს ა. კ-იკომ სარჩელით მიმართა ხობის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ი. და გ. ც-იების მიმართ შვილად აყვანის გაუქმებისა და ბავშვის დაბრუნების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, 1996 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ. ვ-იასთან, რომელთანაც 1997 წლის 15 იანვარს შეეძინა შვილი. ბავშვი მისგან დამოუკიდებლად, კანონის უხეში დარღვევით, გააშვილეს ხობის რაიონის სოფელ .... მცხოვრები გ. ც-იას ოჯახში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბავშვის აყვანისათვის საჭირო იყო დედის წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა გადაეცა შვილის დაბადებიდან 6 კვირის შემდეგ, მას ბავშვის გაშვილება აზრადაც არ მოსვლია. საქართველოში ყოფნისას ყოველთვის ატყუებდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა როგორც მისთვის ცნობილი გახდა იგი გაშვილებულია და მშვილებლები ი. და გ. ც-იები ბავშვის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. კ-იკომ მოითხოვა შვილად აყვანის გაუქმება და ბავშვის დაბრუნება.
ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-იკოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძვნებოდა შვილად აყვანის გაუქმებას. ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება მ. ც-იას შვილად აყვანის თაობაზე, დაბადების სააქტო ჩანაწერის თანახმად, მშობლებად მითითებულნი იყვნენ ი. და გ. ც-იები, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. კ-იკოს სარჩელი შვილად აყვანის გაუქმების თაობაზე უსაფუძვლო იყო.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მ. ც-იას დაბადების სააქტო ჩანაწერის ყალბ დოკუმენტად ცნობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნა, რომ დოკუმენტის სიყალბის შესახებ არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ა. კ-იკოსათვის შვილის _ მ. ც-იას დაბრუნების მოთხოვნა, ვინაიდან მიიჩნია, რომ გარდა ზემოთმითითებული საფუძვლებისა არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მ. ც-ია ა. კ-იკოს შვილი იყო.
სასამართლომ მიუთითა, რომ ა. კ-იკოს ბავშვის წარმომავლობის დადგენა სასამართლოსათვის არ მოუთხოვია, სარჩელს საფუძვლად დაუდო მიშვილების გაუქმება, რაც კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა.
ხობის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-იკომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შვილის _ მ. ც-იას დედისთვის –ა. კ-იკოსათვის დაბრუნება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით ა. კ-იკოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1997 წლის 15 იანვარს ა. კ-იკოს შეეძინა ქალიშვილი _ მ. ც-ია, რომელიც დაბადებისთანავე იზრდებოდა ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში ი. და გ. ც-იების ოჯახში. აღნიშნული დადასტურებულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 25 ნოემბრისა და ქ. ფოთის პროკურატურის 2000 წლის 30 მაისის აპელანტის სახელზე მიწერილი წერილებით;
აღნიშნულ საქმეზე დანიშნული ექსპერტიზა, რომლითაც უნდა გარკვეულიყო ა. კ-იკო მ. ც-იას დედა იყო თუ არა, სრულყოფილად ვერ ჩატარდა, ვინაიდან ი. და გ. ც-იებმა მ. ც-ია ექსპერტიზაზე არ მიიყვანეს და არც რაიმე საპატიო მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების ხელშეშლასთან დაკავშირებით არ მიუთითებიათ;
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ ა. კ-იკოს პოზიცია, რომ იგი მ. ც-იას დედა იყო დადასტურებულად მიიჩნია;
სასამართლომ ჩათვალა, რომ ი. და გ. ც-იები არასრულწლოვან მ. ც-იას თავისთან ამყოფებდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე, ვინაიდან მათ მ. ც-ია დადგენილი წესით შვილად არ აუყვანიათ და არ არსებობდა რაიმე გადაწყვეტილება მ. ც-იას შვილების თაობაზე;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. კ-იკო სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილი იყო მოეთხოვა შვილის –მ. ც-იას დაბრუნება, თუმცა მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შვილის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-იკო არ იყო საქართველოს მოქალაქე და დღესდღეობით არ ცხოვრობდა საქართველოში;
ა. კ-იკოს შვილთან ურთიერთობა არ ჰქონია დაბადების დღიდან;
ბავშვი უკვე 11 წლის არის და დაბადებიდანვე იზრდებოდა ი. და გ. ც-იებთან, სწავლობდა საშუალო სკოლაში და ყველა პირობა გააჩნდა ნორმალური აღზრდისა და ცხოვრებისათვის;
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი მ. ც-იას ინტერესებიდან გამომდინარე, მისი გადაცემა ბიოლოგიური მშობლისათვის დაუშვებელი იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-იკომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შვილის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორის განმარტებით, განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის ახალი რედაქციით, რომელიც მოქმედებდა განჩინების გამოტანის დროს და, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1997 წლის 15 იანვარს ა. კ-იკოს ქორწინების გარეშე შეეძინა ქალიშვილი, რომელიც ა.ს არარეგისტრირებული მეუღლის – თ. ვ-იასა და ექიმის ხელშეწყობით წაიყვანეს ი. და გ. ც-იებმა. დადგენილია, რომ ა. კ-იკოს თ. ვ-იასთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა კიდევ ორი ქალიშვილი. თ. ვ-ია ა. კ-იკოს არ აძლევდა საშუალებას მოეძებნა ბავშვი. მას შემდეგ, რაც ა. კ-იკომ თავისი დედის დახმარებით მოახერხა საქართველოდან გამგზავრება დაიწყო შვილის ძებნა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქ. ფოთის პროკურატურის წერილებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბავშვი იზრდებოდა ი. და გ. ც-იების ოჯახში, რის შემდეგაც სარჩელით მიმართა სასამართლოს ბავშვის დაბრუნების თაობაზე.
დადგენილია, რომ მ. ც-იას დაბადების სააქტო ჩანაწერში მშობლებად ჩაწერილები არიან ი. და გ. ც-იები. აღნიშნულ ჩანაწერს საფუძვლად დაედო ქ. ფოთის სამშობიარო სახლის ექიმ ლ-იას მიერ გაცემული ცნობა. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ ი. ც-იას ამ სამშობიარო სახლში არ უმშობიარია.
ამდენად, დადგენილია, რომ მ. ც-იას ბიოლოგიური დედა არის ა. კ-იკო. ი. და გ. ც-იებმა ბავშვი სამშობიაროდან წამოიყვანეს ბიოლოგიურ დედასთან შეთანხმების გარეშე და კანონის მოთხოვნათა დარღვევით ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ჩაეწერნენ, როგორც ბიოლოგიური მშობლები. ი. და გ. ც-იები არასრულწლოვან მ. ც-იას თავისთან ამყოფებენ კანონიერი საფუძვლის გარეშე, მათ მ. ც-ია დადგენილი წესით შვილად არ აუყვანიათ და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ც-იას შვილების თაობაზე;
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც გაუქმებულია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საჭირო აღარ არის მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დედის ჩანაწერი სრულდება დაბადების თაობაზე ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ გაცემული საბუთის საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მშობლები დაქორწინებულნი არ არიან ერთმანეთთან, ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ კეთდება დედის განცხადებით, ხოლო ჩანაწერი მამის შესახებ, ბავშვის მშობლების ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამავე კოდექსის 1193-ე მუხლის თანახმად კი თუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების ჩანაწერის წიგნში ბავშვის მამის გვარად ჩაიწერება დედის გვარი, ხოლო ბავშვის მამის სახელი ჩაიწერება დედის მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბავშვი შეეძინა დაუქორწინებელ დედას – ა. კ-იკოს. ქ. ფოთის სამშობიარო სახლის ექიმი ლ-იას მიერ გაიცა საბუთი, თითქოს ბავშვი შეეძინა ი. ც-იას, რის გამოც, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებად ჩაიწერა ი. და გ. ც-იები. ამდენად, ი. და გ. ც-იებმა თ. ვ-იასთან შეთანხმებით, ასევე სამშობიარო სახლის ექიმის ხელშეწყობით, ბავშვის დედის ნების საწინააღმდეგოდ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით წაიყვანეს ბავშვი, რითაც დაირღვა დედა -შვილის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის თანახმად, მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან,Mრომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.
მშობელთა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა შვილების პირადად აღზრდის უფლება. მშობლის უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით (სამოქალაქო კოდექსის 1205-1206-ე მუხლები). განსახილველ შემთხვევაში ა. კ-იკოს სასამართლოს გადაწყვეტილებით არა აქვს ჩამორთმეული და არც შეზღუდული მშობლის უფლება. მისთვის კანონით მინიჭებული უფლების დარღვევა განაპირობა მოპასუხეთა უკანონო ქმედებებმა. ისეთ პირობებში კი, როდესაც თვითონ მოპასუხეები უკანონოდ ამყოფებენ ბავშვს თავისთან და თვითონვე არღვევენ ბავშვის ბიოლოგიური დედის უფლებებს, მიზანშეუწონელია ბავშვი აღსაზრდელად დარჩეს მათთან.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს არცერთი სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ბავშვის აღსაზრდელად მოპასუხეებთან დატოვება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ბიოლოგიურ დედას შეუძლია შეუქმნას ბავშვს აღზრდისა და რჩენის ნორმალური პირობები. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს ჰყავს ბიოლოგიური დები და მათი სხვადასხვა ოჯახებში აღზრდა გაუმართლებელია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბიოლოგიურ დედასთან და დებთან ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, მშობლიურ გარემოში აღზრდა დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე, შესაბამისად ბავშვი უნდა დაუბრუნდეს ბიოლოგიურ დედას და იზრდებოდეს თავის ბიოლოგიურ დებთან ერთად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დროს შეიძლება შეიქმნას სირთულეები ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან მიმართებაში, იმ კუთხით, რომ ა. კ-იკოს შვილთან ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ პალატა მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას ორივე მხარის მაქსიმალური ძალისხმევით ბავშვის ინტერესების სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1192-ე და 1193-ე მუხლების შესაბამისად, ცვლილებები უნდა შევიდეს მ. ც-იას დაბადების სააქტო ჩანაწერში. ასევე მოპასუხეებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 53-ე მუხლის საფუძველზე, უნდა დაეკისროს ა. კ-იკოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ა. კ-იკოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
ა. კ-იკოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
ი. ც-ია და გ. ც-იას _ მცხოვრები ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში, ჩამოერთვათ ბავშვი _ მ. ც-ია, დაბადებული 1997 წლის 15 იანვარს, ხობის რაიონში, სარეგისტრაციო ადგილი ხობის რაიონის სოფელი .... და გადაეცეს ბიოლოგიურ დედას _ ა. კ-იკოს, დაბადებულს 1974 წლის 8 იანვარს, უკრაინის მოქალაქე, რეგისტრირებულს შემდეგ მისამართზე: უკრაინა, დონეცკის ოლქი, სოფელი ლუკოვო;
შესაბამისი ცვლილებები შევიდეს მ. ც-იას დაბადების სააქტო ჩანაწერში;
ი. ც-ია და გ. ც-იას დაეკისროთ ა. კ-იკოს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 480 ლარი ა. კ-იკოს სასარგებლოდ;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.