Facebook Twitter

¹ას-656-986-07 7 დეკემბერი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ვ. და ი. ა-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი –უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 8 აგვისტოს მარნეულის სასამართლოს სარჩელით მიმართა მოქალაქე ტ. შ-მ და ითხოვა მოპასუხეების ვ. ა-სა და ი. ა-ს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მათი ბინიდან გამოსახლება.

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

მას მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქვემო ქართვლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ნატურით გადაეცა მისი მოვალის მ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მარნეულის რაიონის სოფელ ...ში, რაზეც არსებობს სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 8 ნოემბრის განკარგულება. 2006 წლის 21 ივლისს უძრავი ქონება დარეგისტრირდა მის სახელზე და იგი არის ამ ქონების ერთადერთი მესაკუთრე.

მას შემდეგ რაც მისმა მოვალემ მ. ბ-მა მიატოვა სახლი, მასში უნებართვოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ და ცხოვრობდნენ მოპასუხეები, რის გამოც იგი ითხოვს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად მათ გამოსახლებას.

მოპასუხეებმა და მათმა წარმომადგენელმა ს. ს-მ სარჩელი არ ცნო. მათი განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა ამ ფორმით მიუღებელია, ვინაიდან ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ სადაო ბინაში, ბინა იყო დანგრეული, საცხოვრებლად უვარგისი და ისინი იძულებული იყვნენ ბლისოვების მიერ მიტოვებული ბინა მოეყვანათ საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში, რისთვისაც გაიღეს გარკვეული სახსრები.

მოპასუხეებმა თავის შეგებებულ სარჩელით, მოითხოვენ მოსარჩელისაგან ბინის გაუმჯობესებაზე დახარჯული სახსრების ანაზღაურების მიზნით 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის გადახდა.

მოსარჩელემ არ ცნო შეგებებულ სარჩელ და განმარტა, რომ მოპასუხეებს არ უნდა აუნაზღაურდეთ გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯები. მისივე განმარტებით, მოპასუხეებს არ ჩაუტარებიათ სარემონტო სამუშაოები. ბ-ებმა იგი მიატოვეს ვარგის მდგომარეობაში, ისევე როგორც დღეს გამოიყურება იგი გარდა ამისა მას მიაჩნია, რომ მოპასუხეები უნებართვოდ შეიჭრნენ ბინაში და მათ არავითარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნდათ მასში ცხოვრების და სარემონტო სამუშაოების ჩატარების.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები ვ. ა-ა და ი. ა-ა გამოსახლებული იქნენ ტ. შ-ის საკუთრებაში არსებული ბინიდან. მოპასუხეებ უარი ეთქვათ შეგეგებული სარცელის დაკმამაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ვ. და ი. ა-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინებთ არ დაკმაყოფილდა ვ. და ი. ა-ების სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. და ი. ა-ები ფლობენ მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ ბინას. მათი განმარტებით, ისინი აღნიშნულ ბინაში შესახლდნენ 1995 წელს. ამ დროისათვის ბინა ირიცხებოდა მ. ბ-ის სახელზე, რომელიც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად წავიდა საბერძნეთში.

დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორები ითხოვენ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის შეკეთებაზე გათწეული ხარჯების ანაზღაურებას მოპასუხე ტ. შ-ისაგან სულ 2500 აშშ დოლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მარნეულის რაიონული საასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ტ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მ. და ს. ბ-ებს დაეკისრათ ტ. შ-ის სასარგებლოდ არსებული ვალის 8500 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში. დადგენილია, რომ იუსტიციის სამინისტროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2004 წლის 8 ნოემბრის ¹05-10 განკარგულებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა კრედიტორს ტ. შ-ს. დადგენილია, რომ ტ. შ-ე მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ აღირიცხა ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე 2006 წლის 21 ივლისს.

პალატამ მიიჩნია, რომ ტ. შ-ე არ არის უფლებამოსილი პირი აანაზღაუროს ი. და ვ. ა-ების მიერ ბინაზე გაწეული ხარჯები, ვინაიდან ტ. შ-ე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა ა-ების ხარჯზე, მას ბინა გადაეცა სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, არსებულ მდგომარეობაში იმ ვალის სანაცვლოდ, რომელიც გააჩნდა მ. ბ-ს ტ. შ-ის წინაშე. შეგებებული სარჩელის ავტორების განმარტებით, 1995 წელს, როდესაც ისინი შესახლდნენ ბინაში, ბინა იყო საცხოვრებლად უვარგისი. მათ შეაკეთეს ბინის კედლები, იატაკი, სახურავი და შეასრულეს ბინის აღდგენისათვის აუცილებელი სხვა სარემონტო სამუშაოები. ამ დროისათვის ბინა ირიცხებოდა მ. ბ-ის სახელზე.

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ბინაზე გაწეული ხარჯებით, თუ ასეთს საერთოდ ჰქონდა ადგილი, მოხდა სადავო საცხოვრებელი ბინის გაუმჯობესება და მისი ღირებულების გაზრდა მ. ბ-ს სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოვალე, რომელმაც გაუმჯობესებული ქონების ხარჯზე, ანუ სხვის ხარჯზე გაისტუმრა ვალები და უსაფუძვლოდ დაზოგა ქონება და შესაბამისად გამდიდრდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ვ. და ი. ა-ებმა.

კასატორების განმარტებით მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ ყოფილა უარყოფილი, რომ მათ სადავო ბინაში განახორციელეს გაუმჯობესებითი სამუშაოები – აღნიშნული ფაქტი დასტურდება მაგნიტოფონზე ჩაწერილი ტ. შ-ის განცხადებით, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მათმიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა.

კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბინის გაუმჯობესება მოხდა ბ-ს სასარგებლოდ და რომ იგი გამდიდრდა უსაფუძვლოდ, ვინაიდან მათი განმარტებით სინამდვილეში უსაფუძვლოდ გამდიდრდა ამ ბინის მესაეკუთრე გვარის და მიუხედავად და თუ ძველმა გაასხვისა ან მას ეს ბინა ვალში წაერთვა ახალი მესაკუთრის მიერ – ეს ახალი მესაკუთრე არის სამართალმემკვიდრე ამ სახლის მესაკუთრის და მან უნდა აგოს პასუხი ამ სახლის მესაკუთრის სახელით.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებმა მოითხოვეს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნოთ სააპელაციო სასამართლოს .

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. და ი. ა-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. და ი. ა-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. და ი. ა-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.