¹ას-657-987-07 22 აპრილი, 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
კასატორი _ ი. წ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-ი (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება (სარჩელში), დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 16 მარტს ყვარლის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. წ-ემ მოპასუხეების _ გ. ს-ისა და ე. ფ-ის, მესამე პირის _ ი. წ-ის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 5).
ამავე სასამართლოს წარმოებაში იყო საქმე ე. ფ-ის სარჩელისა გამო ა. წ-ის მიმართ 1000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების შესახებ (ტომი 1).
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტომი 1, ს.ფ. 16).
2005 წლის 1 აპრილს გ. ს-მა შეგებებული სარჩელი აღძრა ა. წ-ის მიმართ და მოითხოვა დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს ანაზღაურება 900 აშშ დოლარის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 49-55).
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. წ-ეს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა გასამრჯელოს გადახდა 900 აშშ დოლარის ოდენობით ეროვნული ვალუტის ეკვივალენტით; ე. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. წ-ეს დაეკისრა ე. ფ-ის სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის გადახდა (ტომი 78, ს.ფ. 78-79).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა. წ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 2, ს.ფ. 84-87).
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 ივლისის განჩინებით ა. წ-ის საჩივარი ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (ტომი 2, ს.ფ. 99).
2005 წლის 30 აგვისტოს ა. წ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება (ტომი 2, ს.ფ. 104-121).
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ა. წ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და განსახილველად დაუბრუნდა ყვარლის რაიონულ სასამართლოს (ტომი 2, ს.ფ. 209-210).
საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელე ე. ფ-მა იმ მოტივით, რომ ა. წ-თან მორიგებული იყო ზიანის ანაზღაურებაზე, უარი თქვა სარჩელზე, რის გამოც მის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
ამავე სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის საოქმო განჩინებით ა. წ-ე, როგორც არასათანადო მოსარჩელე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ ი. წ-ით (ტომი 2, ს.ფ. 254-280).
ი. წ-ემ რამდენჯერმე დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოითხოვა გ. ს-თვის 3500 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი 2, ს.ფ. 329-339).
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:
ი. წ-ე 2001-2002 წლებში არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში, სადაც მან შეიძინა მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“ (სატრანზიტო ნომერი ....... , საიდენტიფიკაციო ნომერი .........). აღნიშნულ ავტომანქანაში ი. წ-ემ ჩატვირთა მსუბუქი ავტომანქანა BMჭ-520 და სხვადასხვა დასახელების საქონელი. ვინაიდან მას გერმანიაში ცხოვრების ვადა გასული ჰქონდა, იგი დააკავა ქ. მიუნხენის პოლიციამ, ჩამოართვა ავტომანქანა ტვირთიანად და დააყენა საჯარიმო მოედანზე, ხოლო თავად მოსარჩელე დეპორტირებულ იქნა გერმანიიდან საქართველოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ი. წ-ე მისი ძმის ბ. წ-ის მეშვეობით დაუკავშირდა მოპასუხე გ. ს-ს, რომელსაც ზეპირსიტყვიერად შეუთანხმდა გერმანიის ქ. მიუნხენიდან მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“-სა და მასში ჩატვირთული საქონლის ჩამოტანაზე, რაშიც მოპასუხისათვის უნდა გადეხადა 2300 აშშ დოლარი (გასამრჯელო და გზის ხარჯები). გ. ს-მა გერმანიიდან ჩამოიტანა მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“ და ტვირთის მცირე ნაწილი. მისი განმარტებით, ავსტრიაში საგზაო პატრულმა ავტომანქანის ძარიდან ჩამოაღებინა მსუბუქი ავტომანქანა BMჭ-520 და ტვირთის ნაწილი 3 ტონის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანა გადატვირთული იყო. აღნიშნული ტვირთი შენახულ იქნა სასაქონლო საწყობში. ვინაიდან დარჩენილი ტვირთის ჩამოსატანად კვლავ გერმანიაში წასვლა იყო საჭირო, მხარეთა შეთანხმებით გ. ს-მა სატვირთო ავტომანქანა სასწრაფოდ გაყიდა 4600 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა მას ი. წ-ემ მთლიანად დაუტოვა, რითაც აუნაზღაურა, როგორც ხარჯები, ისე ხელფასი. ამასთან, მოპასუხემ ივალდებულა ტვირთის ჩამოტანა, რომელიც ავსტრიიდან გერმანიაში უნდა გადაეტანა მის მეგობარს მ. დ-ას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტვირთი შენახვის ვადის გასვლის გამო განადგურებული იყო. აღნიშნული ტვირთი მოსარჩელემ შეაფასა 3500 აშშ დოლარად და მოითხოვა მისი ანაზღაურება (ტომი 2, ს.ფ. 1-5; 246-248).
გ. ს-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ი. წ-თვის 900 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
ი. წ-ესა და გ. ს-ს შორის შემდგარი ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გ. ს-ს გერმანიის ქ. მიუნხენიდან საქართველოში უნდა ჩამოეტანა ი. წ-ის კუთვნილი მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“ და მასში ჩატვირთული საქონელი. გ. ს-ს ი. წ-ის ავტომანქანა გერმანიიდან უნდა ჩამოეტანა იმ შემთხვევაში, თუ ის იქნებოდა გამართულ მდგომარეობაში და არ იქნებოდა გადატვირთული. გერმანიაში გამგზავრების წინ ი. წ-ემ დაარწმუნა გ. ს-ი, რომ მანქანა გადატვირთული არ იყო, რის დასადასტურებლადაც წარუდგინა თავისი ხელით დაწერილი იმ საქონლის სია, რაც სატვირთო ავტომანქანის ძარაში იყო მოთავსებული. გ. ს-ს ი. წ-გან გასამრჯელოს სახით უნდა მიეღო 900 აშშ დოლარი. ი. წ-ეს გ. ს-თვის უნდა აენაზღაურებინა ყველა ხარჯი, რაც გერმანიაში გამგზავრებისა და ავტომანქანის ჩამოსატანად იქნებოდა საჭირო. მათი შეთანხმების თანახმად, ეს თანხა უნდა ყოფილიყო 2300 აშშ დოლარი. ამასთან, ვინაიდან ი. წ-ეს თანხა არ ჰქონდა, გ. ს-ი თავისი ხარჯით უნდა წასულიყო გერმანიაში და იქედან დაბრუნების შემდეგ, გერმანიიდან ჩამოტანილი სატვირთო ავტომანქანის გაყიდვით მიღებული თანხებიდან მოხდებოდა მისი ხარჯების ანაზღაურება. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, გერმანიაში მითითებულ მისამართზე ჩასვლისა და სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შემდეგ, მან შეამჩნია, რომ ავტომანქანა გადატვირთული იყო. გ. ს-მა ი. წ-გან მიიღო ნებართვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანიდან ჩამოეღო მსუბუქი ავტომანქანა BMჭ-520 და ტვირთის ნაწილი, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა, რაზედაც მას პასუხს არ მოთხოვდა, ოღონდაც სატვირთო მერსედესი ჩამოეტანა საქართველოში.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ავსტრიაში სოფელ ........ ის საგზაო პოლიციამ გააჩერა, შეუმოწმა ტვირთის ოდენობა და ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ტვირთამწეობის მიხედვით ზედმეტი წონა სამ ტონას შეადგენდა, მოსთხოვა ტვირთის ჩამოცლა. მან ი. წ-თან შეთანხმებისამებრ სატვირთო ავტომანქანიდან ჩამოიღო მსუბუქი ავტომანქანა BMჭ-520 და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც სასაქონლო საწყობში მიაბარა შესანახად. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გ. ს-მა მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“ და მასში ჩატვირთული საქონლის ნაწილი სახლში მიუტანა ი. წ-ეს და მასვე გადასცა ყველა ჯარიმის ქვითარი და ავსტრიაში ჩამოტვირთული საქონლის შესანახად მიბარების საბუთები. შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებით, მას შემდეგ, რაც მან ავსტრიაში შესანახად მიბარებული ტვირთის საბუთები მოსარჩელეს გადასცა, არანაირი პასუხისმგებლობა ამ ტვირთზე აღარ ეკისრებოდა, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა. მისი შეგებებული სარჩელი კი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან ი. წ-გან 4500 აშშ დოლარის გადაცემით მას აუნაზღაურდა მხოლოდ სატვირთო ავტომანქანის გერმანიიდან საქართველოში ჩამოტანის ხარჯები, ხოლო 500 აშშ დოლარის ოდენობით ხელფასი და 400 აშშ დოლარის ოდენობით ზარალი, რაც ავტომანქანის დაბალ ფასად გაყიდვის გამო განიცადა, ი. წ-ეს მისთვის არ აუნაზღაურებია (ტომი 2, ს.ფ. 49-55; 281-287).
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. ს-ს ი. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარის გადახდა; გ. ს-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. წ-ეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 500 აშშ დოლარის გადახდა (ტომი 2, ს.ფ. 341-344).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 347-353).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება ი. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება გ. ს-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. წ-ე 2001-2002 წლებში არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში, სადაც მან შეიძინა მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“ (სატრანზიტო ნომერი ........, საიდენტიფიკაციო ნომერი ........). აღნიშნულ ავტომანქანის ძარაში ი. წ-ემ ჩატვირთა მსუბუქი ავტომანქანა BMჭ-520 და სხვადასხვა დასახელების საქონელი. ვინაიდან მას გერმანიაში ცხოვრების ვადა გასული ჰქონდა, იგი დააკავა ქ. მიუნხენის პოლიციამ, ჩამოართვა ავტომანქანა ტვირთიანად და დააყენა საჯარიმო მოედანზე, ხოლო თავად მოსარჩელე დეპორტირებულ იქნა გერმანიიდან საქართველოში.
საქმეზე ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ი. წ-ესა და გ. ს-ს შორის დადებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გ. ს-ს გერმანიის ქ. მიუნხენიდან უნდა ჩამოეტანა ი. წ-ის კუთვნილი მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“ და მასში ჩატვირთული საქონელი. მხარეები შეთანხმდნენ, როგორც სატვირთო ავტომანქანის გერმანიიდან საქართველოში ჩამოტანის ხარჯებზე, ასევე გასამრჯელოზეც, რამაც შეადგინა 2300 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა ი. წ-ეს გ. ს-თვის უნდა გადაეხადა ავტომანქანისა და ტვირთის საქართველოში ჩამოტანის შემდეგ.
გ. ს-ი, რომელსაც გერმანიიდან მოჰქონდა ი. წ-ის კუთვნილი მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“ და მასში ჩატვირთული საქონელი ავსტრიის ტერიტორიაზე კუნდლის საავტომობილო ტრასის საკონტროლო პუნქტზე გააჩერა ტიროლის სამხარეო ჟანდარმერიამ და მოსთხოვა საბუთები და ავტომანქანის სასწორზე აწონვა. საკონტროლო პუნქტზე აწონვის შედეგად გაირკვა, რომ ავტომანქანისა და ტვირთის საერთო წონა შეადგენდა 9.620 კგ-ს. ვინაიდან მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“-ის ტვირთამწეობა შეადგენს 6 ტონას, გ. ს-ს მოსთხოვეს ზედმეტი ტვირთის ჩამოღება. გ. ს-მა ი. წ-თან შეთანხმებით სატვირთო მერსედესიდან ჩამოიღო მსუბუქი ავტომანქანა BMჭ-520 და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც შესანახად მიაბარა ფირმა ფირმა „.........-ს“, რაშიც გადაიხადა 567 ევრო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გ. ს-მა მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“ და მასში ჩატვირთული საქონლის ნაწილი სახლში მიუტანა ი. წ-ეს და მასვე გადასცა ყველა ჯარიმის ქვითარი და ავსტრიაში ჩამოტვირთული საქონლის შესანახად მიბარების საბუთები.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გადაწყდეს დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ ი. წ-ესა და გ. ს-ს შორის დადებული შეთანხმება წარმოადგენდა დავალების ზეპირ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, გ. ს-ს (რწმუნებულს) ი. წ-ის (მარწმუნებლის) სასარგებლოდ უნდა შეესრულებინა მარწმუნებლის მიერ დავალებული (მინდობილი) მოქმედება _ გერმანიის ქ. მიუნხენიდან უნდა ჩამოეტანა ი. წ-ის კუთვნილი მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“ და მასში ჩატვირთული საქონელი. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა. კერძოდ, თავდაპირველი შეთანხმებით გათვალისწინებული “მერსედესის” მარკის სატვირთო ავტომანქანისა და მასში მოთავსებული მთლიანი ტვირთის გადმოტანა ავსტრიის ტერიტორიაზე, კუნდლის საავტომობილო ტრასის საკონტროლო პუნქტზე შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ტვირთის წონა 3000 კგ-ით აღემატებოდა მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“-ის ტვირთამწეობის დასაშვებ ნორმას, რის გამოც საკონტროლო პუნქტის თანამშრომელთა მოთხოვნით აუცილებელი იყო ზედმეტი ტვირთის ჩამოცლა.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 712-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, რწმუნებულმა გ. ს-მა შექმნილი ვითარების შესახებ შეატყობინა მარწმუნებელს _ ი. წ-ეს, რომელმაც ნება დართო რწმუნებულს სატვირთო ავტომანქანიდან ჩამოეღო მსუბუქი ავტომანქანა BMჭ-520 და სხვა საქონელი, რაც აუცილებელი იქნებოდა ტვირთამწეობის დასაშვები წონისათვის და საქართველოში ჩამოეტანა მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა „დაიმლერ ბენცი 711D“ და დარჩენილი საქონელი, ხოლო ავსტრიაში ჩამოტვირთულ საქონელზე მას პრეტენზია არ ექნებოდა. გ. ს-მა შეასრულა მარწმუნებლის მითითება _ სატვირთო მერსედესიდან ჩამოიღო და შესანახად მიაბარა ზედმეტი ტვირთი.
სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით _ მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ს-მა საქართველოში ჩამოიტანა და ი. წ-ეს გადასცა მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა “დაიმლერ ბენცი 711D“ და მასში ჩატვირთული საქონლის ნაწილი, ასევე დავალების შესრულების შესახებ ჩააბარა მას ანგარიში, რაზედაც მარწმუნებელს პრეტენზია არ გამოუთქვამს და რწმუნებულს აუნაზღაურა გაწეული ხარჯები და გასამრჯელო. გარდა ამისა, გ. ს-მა ი. წ-ეს გადასცა “მერსედესის” ავტომანქანიდან ჩამოტვირთული და ავსტრიაში ფირმა „.........-ისათვის”, შესანახად მიბარებული საქონლის საბუთები. ამასთან, მან განუმარტა ი. წ-ეს, რომ აღნიშნული საბუთებით მას შეეძლო ორი კვირის ვადაში დაებრუნებინა შესანახად მიბარებული ტვირთი, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ტვირთი განადგურდებოდა, რაზედაც ასევე პრეტენზია არ გამოუთქვამს მარწმუნებელს.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან გ. ს-მა ი. წ-თან შეთანხმების შესაბამისად გერმანიიდან საქართველოში ჩამოიტანა და მარწმუნებელს გადასცა მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანა “დაიმლერ ბენცი 711D“ და მასში ჩატვირთული საქონელი, რომლის ჩამოტვირთვაც ავსტრიაში კუნდლის საავტომობილო ტრასის საკონტროლო პუნქტზე არ მომხდარა, რწმუნებულმა შეასრულა მარწმუნებლის მიერ მისთვის დავალებული მოქმედება, რაც ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხე გ. ს-მა დავალების შესრულება _ ავსტრიაში შესანახად მიბარებული ტვირთის საქართველოში ჩამოტანა _ გადაანდო მესამე პირს მ. დ-ას და ვინაიდან ამ უკანასკნელმა ტვირთი არ ჩამოიტანა, გ. ს-მა (რწმუნებულმა) პასუხი უნდა აგოს იმ ზიანისათვის, რაც მესამე პირის მოქმედებით მიადგა ი. წ-ეს (მარწმუნებელს).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ავსტრიაში, კუნდლის საავტომობილო ტრასის საკონტროლო პუნქტზე გ. ს-ის მიერ სატვირთო “მერსედესიდან” ზედმეტი ტვირთის ჩამოღება და მისი შესანახად მიბარება მოხდა ი. წ-ის მითითებით, რომელმაც იმავდროულად განუცხადა გ. ს-ს, რომ აღნიშნულ ტვირთზე და შესაბამისად, საქართველოში მის ჩამოტანაზე პრეტენზია არ ექნებოდა. ამდენად, ხსენებული ტვირთის საქართველოში ჩამოტანაზე გ. ს-ს ვალდებულება აღარ ეკისრებოდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ასეთი ვალდებულება მას არც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უკისრია. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ი. წ-ესა და გ. ს-ს შორის ავსტრიაში შესანახად მიბარებული ტვირთის საქართველოში ჩამოტანის თაობაზე დავალების ხელშეკრულება არ არსებობდა, ამიტომ, გ. ს-ი დავალების შესრულებას მესამე პირს _ მ. დ-ას ვერ გადაანდობდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ი. წ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან გ. ს-მა სადავო ტვირთის საბუთები გადასცა მ. დ-ას, აღნიშნულით მან იკისრა ვალდებულება საქართველოში ტვირთის ჩამოტანაზე, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ს-მა საქართველოში დაბრუნებისთანავე ი. წ-ეს გადასცა სადავო ტვირთის საბუთები, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ი. წ-ის თხოვნით აღნიშნული საბუთები გადასცა მ. დ-ას, რომელიც თავისი საქმის გამო გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის თხოვნის შესაბამისად გ. ს-ის მიერ მ. დ-თვის სადავო ტვირთის საბუთების გადაცემა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ტვირთის საქართველოში ჩამოტანის ვალდებულება გ. ს-მა იკისრა. ამასთან, ი. წ-ესა და გ. ს-ს შორის სადავო ტვირთის საქართველოში ჩამოტანის თაობაზე დავალების ხელშეკრულების არსებობა საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი მისი შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გ. ს-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი. წ-გან არ მიუღია დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს ნაწილი 400 აშშ დოლარის ოდენობით, ვინაიდან აპელანტმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად ვერ შეძლო აღნიშნული გარემოების დადასტურება (ტომი 2, ს.ფ. 390-403).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. წ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
კასატორის მითითებით, მართალია ავსტრიაში სოფელ .........-თან პოლიციამ გააჩერა გ. ს-ი, მან დარეკა, რომ 3 ტონა ზედმეტი ტვირთი იყო ავტომანქანაზე და პოლიცია ედავებოდა ტვირთის ჩამოღების თაობაზე, მაგრამ კასატორმა უპასუხა, რომ ჩამოეღო სხვა ტვირთი და BMჭ-520 მარკის ავტომანქანა წამოეღო, მას არ უთქვამს ავტომანქანის დატოვების თაობაზე. ეს გ. ს-მა გააკეთა თავისი ინიციატივით და კასატორის დავალება არასწორად შეასრულა. თავისი მოქმედებით გ. ს-მა დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლისა და 711-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. კასატორს გ. ს-თვის ნება არ დაურთავს დავალების შესრულება გადაენდო მესამე პირისათვის, კერძოდ, მ. დ-თვის. ამასთან, კასატორს ბ. ნ-თვის ავსტრიაში დარჩენილი ტვირთი არ მიუყიდია, რაც ყვარლის რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ი. წ-ესა და გ. ს-ს შორის სადავო ტვირთის საქართველოში ჩამოტანის თაობაზე დავალების ხელშეკრულების არსებობა საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება. მასა და გ. ს-ს შორის ზეპირი ხელშეკრულების შეწყვეტა იმ მომენტიდან უნდა ჩაითვალოს, როცა მან ბოროტი განზრახვით არ შეასრულა მისი თხოვნა, ავტომანქანა BMჭ დატოვა თავისი ინიციატივით ავსტრიაში, ხოლო კასატორისათვის სხვა არასასურველი ტვირთი წამოიღო. გ. ს-მა თავისი მოქმედებით დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 712-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც კასატორს მიაყენა ზიანი (ტომი 2, ს.ფ. 411-414).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის სხდომაზე საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:
პროცესის მონაწილე მხარეები, ერთი მხრივ, კასატორი ი. წ-ე, ხოლო, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-ი მორიგდნენ შემდეგზე:
გ. ს-ი გადაუხდის ი. წ-ეს 300 (სამას) აშშ დოლარს 15 დღის ვადაში, ხოლო ი. წ-ეს ამ საქმესთან დაკავშირებით გ. ს-ის წინააღმდეგ არასდროს არანაირი პრეტენზია არ ექნება და საქმე შეწყდება ამ მორიგების საფუძველზე. გ. ს-ი უარს აცხადებს ყვარლის რაიონული სასამართლოს ძალაში შესული შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც 500 დოლარი დაეკისრა ი. წ-ეს, მინიჭებულ მოთხოვნაზე.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. წ-ისა და გ. ს-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება ი. წ-ესა და გ. ს-ს შორის შემდეგი პირობებით:
გ. ს-ი გადაუხდის ი. წ-ეს 300 (სამას) აშშ დოლარს მოცემული განჩინების მიღებიდან 15 დღის ვადაში, ხოლო ი. წ-ეს ამ საქმესთან დაკავშირებით გ. ს-ის წინააღმდეგ არანაირი პრეტენზია არ ექნება არასდროს და საქმე შეწყდება ამ მორიგების საფუძველზე. გ. ს-ი უარს აცხადებს ყვარლის რაიონული სასამართლოს ძალაში შესული შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც 500 დოლარი დაეკისრა ი. წ-ეს, მინიჭებულ მოთხოვნაზე.
2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
4. ი. წ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 150 ლარი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ 300773078, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.