Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-659-989-07 5 მარტი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს “ .. ..-ის” უფლებამონაცვლე - სს “ე.”

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ს-აძე, მ. ც-შვილი, ვ. ბ-შვილი, ნ- ბ-იჩი, მ. ჩ-ელი, გ. ა-იძე, დ. ვ-იძე, რ. კ-აძე და კ. თ-არი

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 22 ოქტომბერს მ. ს-აძემ, მ. ც-შვილმა, ვ. ბ-შვილმა, ნ- ბ-იჩმა, მ. ჩ-ელმა, გ. ა-იძემ, დ. ვ-იძემ, რ. კ-აძემ და კ. თ-არმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე .. ..-ის ქუთაისის სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ 2003 წლის 28 ივნისს, ელექტროენერგიის ძაბვის მძლავრი მომატების შედეგად, მათ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ხანძარი, მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი ბინები, მოსარჩელეთა ქონება, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რის გამოც მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება 45 744 ლარის ოდენობით, საიდანაც სახლის ღირებულება შეადგენს 38319 ლარს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ს-აძის, მ. ც-შვილის, ვ. ბ-შვილის, ნ- ბ-იჩის, მ. ჩ-ელის, გ. ა-იძის, დ. ვ-იძის, რ. კ-აძისა და კ. თ-არის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “ე-ს” მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 6725 ლარის სოლიდარულად გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა, საცხოვრებელი სახლისათვის ხანძრის შედეგად მიყენებული 38319 ლარის ზარალის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს “ე-ის” დირექტორმა, მ. ს-აძემ, მ. ც-შვილმა, ვ. ბ-შვილმა, ნ- ბ-იჩმა, მ. ჩ-ელმა, გ. ა-იძემ, დ. ვ-იძემ, რ. კ-აძემ და კ. თ-არმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ. ს-აძემ, მ. ს-აძის წარმომადგენლობით მ. ც-შვილმა, ვ. ბ-შვილმა და სხვებმა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებით მ. ს-აძის, მ. ც-შვილის, ვ. ბ-შვილის, ნ- ბ-იჩის, მ. ჩ-ელის, გ. ა-იძის, დ. ვ-იძის, რ. კ-აძისა და კ. თ-არის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სს “ე-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მ. ს-აძის, მ. ც-შვილის, ვ. ბ-შვილის, ნ- ბ-იჩის, მ. ჩ-ელის, გ. ა-იძის, დ. ვ-იძის, რ. კ-აძისა და კ. თ-არის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

მ. ს-აძის, მ. ც-შვილის, ვ. ბ-შვილის, ნ- ბ-იჩის, მ. ჩ-ელის, გ. ა-იძის, დ. ვ-იძის, რ. კ-აძისა და კ. თ-არის სარჩელი საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, სს “ე-ს” მ. ს-აძის, მ. ც-შვილის, ვ. ბ-შვილის, ნ- ბ-იჩის, მ. ჩ-ელის, გ. ა-იძის, დ. ვ-იძის, რ. კ-აძისა და კ. თ-არის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელ სახლზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის 36403 ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა, სს “ე-მ”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 415-ე, 992-ე მუხლები. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლების გამოყენებით სასამართლოს უნდა გამოეკვლია იმყოფებოდნენ თუ არა მხარეები ზეპირი ან წერილობითი ფორმის სახელშეკრულებო ურთიერთობებში და რომელ მხარეს რა უფლება-მოვალეობები გააჩნდა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დადგენილად მიიჩნია ელექტროკომპანიის ბრალი ზიანის გამოწვევის მიზეზებში, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი და არასწორად განმარტა აღნიშნული მუხლის ნორმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს “ე-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2003 წლის 28 ივნისს ქ. ქუთაისში, ... ქ. მეორე შესახვევის ¹ 9-ში არსებული ბინის სხვენში, ელექტროქსელში მაღალი ძაბვის მიწოდებით გამოწვეული მოკლე ჩართვის შედეგათ გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა საცხოვრებელი სახლის ჭერი და სხვენი. ხანძრის შედეგად დაიწვა იქ მცხოვრები მოქალაქეების 6725 ლარის ღირებულების ნივთები.

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს, 2003 წლის 4 ივლისის ¹549 და 2006 წლის 14 თებერვლის ¹4 კონსულტაციის აქტებს, რომლის თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალმა შეადგინა 36403 ლარი. კასატორი არ უთითებს ზემოაღნიშნული აქტების კანონიერებასთან შესაძლო სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევებზე, ამდენად საკასაციო სასამართლოსათვის აღნიშნული გარემოება დადგენილად მიიჩნევა.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაზარალებულმა ხელი შეუწყო ზიანის დადგომას. ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი და ამდენად, იგი არ უთითებს მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში, რაც უნდა შეეფასებინა და არ შეაფასა ან არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.

ამასთან ერთად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც არ განიხილა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად და რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ე-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.