ას-661-1038-06 5 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ... თავმჯდომარე მ. კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ... და მისი თავმჯდომარე მ. კ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების _ 24 000 ლარისა და მორალური ზიანის _ 50000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: ... პრეზიდენტის 1996 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა მითითებული ... პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თვეში 250 ლარის ანაზღაურებით, თუმცა 1996 წლიდან მოსარჩელეს ხელფასი არ მიუღია.
მოპასუხემ სარჩელი სახელფასო დავალიანების ნაწილში ცნო.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ...ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 24 000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
ზემოხსენებული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაზეც აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის განჩინებით მ.კ-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა.
2005 წლის 4 ოქტომბერს ... თავმჯდომარე მ. კ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და მოცემული საქმის წარმოება განახლდა.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. კ-ს სარჩელი სახელფასო დავალიანების _ 24 000 ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც ნ. კ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 4 ნოემბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ასევე გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და ... თავმჯდომარე მ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე შეტანილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურებულა ნ. კ-ს მითითება, რომ მ. კ-მ ახლად აღმოჩენილი გარემოება _ ... პრეზიდიუმის 2005 წლის 26 იანვრის ¹1 სხდომის ოქმის სიყალბე სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტისათვის უკვე იცოდა. თავად მ. კ-ის განმარტებით, მან სადავო გარემოების თაობაზე შეიტყო 2005 წლის სექტემბრის ბოლოს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. კ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან განმცხადებელი ახლად აღმოჩენილად თვლის ... პრეზიდიუმის 2005 წლის 26 იანვრის ¹1 სხდომის ოქმის სიყალბეს, რაც კანონით გათვალისწინებული წესით კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დადასტურებულა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ... თავმჯდომარე მ. კ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ თვლის, რომ ... თავმჯდომარე მ. კ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკა ემყარება სწორედ იმ ნორმებს, რომლებითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 28 ივლისის განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მეორე ნაწილისა და 430-ე მუხლის დანაწესები.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ... თავმჯდომარე მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
... თავმჯდომარე მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.