¹ას-662-1039-06 12 თებერვალი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს/ს “ .. .. ..” წარმომადგენელ ე. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ი. ბ-ის სარჩელის გამო მოპასუხეები ს/ს “ .. .. ..”, აჭარის ა/რ ... სამინისტროსა და აჭარის ა/რ ... მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ს/ს “ .. .. ..” წარმომადგენლის ე. პ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის _ 3327,116 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ადვოკატის ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოსადგენად.
2006 წლის 9 ნოემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო ს/ს “ .. .. ..” მიერ გაცემული ცნობა, რომ მის ანგარიშზე დარიცხულია 1210.27 ლარი, ასევე ადვოკატის ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ს/ს “ .. .. ..” წარმომადგენელ ე. პ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 3327,116 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2006 წლის 13 დეკემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით ს/ს “ .. .. ..” წარმომადგენელ ე. პ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა გადაევადა საქმის საბოლოო განხილვამდე.
აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ე. პ-ს ჩაბარდა 2007 წლის 9 იანვარს (ს.ფ. 212), ხოლო ს/ს “ .. .. ..” ჩაბარდა 2007 წლის 10 იანვარს (ს.ფ. 213). შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ორივე შემთხვევაში ამოიწურა მიმდინარე წლის 15 იანვარს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს/ს “ .. .. ..” წარმომადგენლის ე. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.