Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-662-992-07 6 მარტი,2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს “ .. ..” (მოპასუხე)

წარმომადგენელი – მ. ა-აძე

მოწინააღმდეგე მხარეები – კატარღა “ფ-ს” ეკიპაჟები რ. ო-ავა, ტ. ჭ-შვილი, ჯ. ჭ-შვილი, ო. ს-ანი, ჯ. მ-ავა; კატარღა “ა-ის”

ეკიპაჟები – ზ. ბ-იანი, ზ. ჩ-რია, დ. გ-ოვი, ჯ. კ-იანი, თ. გ-ოვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს საზღვაო კატარღა ფ-ს“ ეკიპაჟებმა რ. ო-ავამ, ტ. ჭ-შვილმა, ჯ. ჭ-შვილმა, ო. ს-ანმა, ჯ. მ-ავამ. ასევე საზღვაო კატარღა „ა-ის“ ეკიპაჟებმა ზ. ბ-იანმა, ზ. ჩ-რიამ, დ. გ-ოვმა, ჯ. კ-იანმა, თ. გ-ოვმა. მოპასუხედ შპს „ .. ..“ და საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საწარმოთა მართვის სააგენტო“ მიუთითეს.

მოსარჩელეთა განმარტებით, სოხუმის ნავსადგური შედიოდა სანაოსნოს სტრუქტურაში, რომელიც გემების 16 ერთეულს ითვლის.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის 1999 წლის 6 ოქტომბრის ¹314\ა ბრძანებით აღნიშნული კატარღები გადავიდა საზღვაო დეპარტამენტის სამმართველოს ბალანსზე, რომლის სამართალმემკვიდრეცაა მოპასუხე შპს „ .. ..“.

გემები „ა.“ და „ფ.“ მოსარჩელეებს მფლობელობაში ჰქონდათ გადაცემული და ისინი ინახავდნენ არსებული წესით. კვების თანხა თითოეულ მეზღვაურზე შეადგენდა დღე-ღამეში 2 დოლარს, ხელფასი 12 ლარს.

მოპასუხის მიერ 2005 წლის 16 თებერვალს გაცემული ცნობის მიხედვით ¹6\33 თ\მ „ა-ის“ ეკიპაჟთა მიმართ დავალიანება შეადგენს 20 557,35 ლარს, აქედან ხელფასია 1911 ლარი და 35. კვების რაციონისა 18 646 ლარი. თ\მ „ფ-ს“ ეკიპაჟთა მიმართ დავალიანება შეადგენს 20863,13 ლარს; აქედან ხელფასის 1774,13 ლარი, კვების რაციონისა – 18 889 ლარი.

შპს „ .. ..“ ვალდებულია მოსარჩელეებს გადაუხადოს ძირითადი დავალიანება 1997 წლის 1 ნოემბრიდან 2000 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო 2000 წლის აგვისტოს ბოლოდან 2005 წლამდე მიუღებელი ძირითადი თანხის პროცენტები. მთლიანობაში „ფ-ს“ ეკიპაჟებს ერგებათ 53 587,13 ლარი. „ა-ის“ ეკიპაჟებს 81 331,95 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზემოაღნიშნული თანხის მოპასუხეზე დაკისრება. ასევე მოითხოვეს: მოპასუხეს შპს „ .. ..-ს“ და თანამოპასუხეს „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თ\მ „ფ-ს“ ეკიპაჟებს თანასაკუთრების უფლებით საკუთრებაში გადასცენ თ\მ „ფ.“ და გასცეს შესაბამისი დოკუმენტები.

გემების ფასში გაიქვითა თ\მ „ა-ლისა“ და „ფ-ს“ ეკიპაჟების წინაშე არსებული დავალიანების თანხები და მათი ღირებულებით მოხდა დავალიანების თანხების ურთიერთჩათვლა.

დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ საზღვაო კატარღა „ფ-ს“ ეკიპაჟებმა მოპასუხისათვის 67 340 ლარის დაკისრება მოითხოვეს, ხოლო „ა-ის“ ეკიპაჟებმა 72 800 ლარის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს შპს „ .. ..-ს“ თ\მ „ფ-ს“ ეკიპაჟების სასარგებლოდ 67 340 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო თ\მ „ა-ის“ ეკიპაჟების სასარგებლოდ 72 800 ლარი.

მოსარჩელეთა მოთხოვნა თ\მ „ა-ისა“ და „ფ-ს“ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა – უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული საქმე მოპასუხე მხარეთა მონაწილეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იყო განხილული.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. ..-მ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შპს „ .. ..ს“ შპს „ფ-ს“ ეკიპაჟების„ სასარგებლოდ 46461,33 ლარი დაეკისრა თ\მ „ა-ის“ ეკიპაჟების სასარგებლოდ კი 46 348,55 ლარი.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. ..-მ“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ .. ..-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. საზღვაო კატარღა “ფ-ს” და “ა-ის” ეკიპაჟების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა შპს “ .. ..” საზღვაო კატარღა “ფ-ს” ეკიპაჟების რ. ო-ავას სასარგებლოდ – 553,5 ლარი და 1828 აშშ დოლარი; ა. ჭ-შვილის სასარგებლოდ – 499,5 ლარი და 1828 აშშ დოლარი; ჯ. ჭ-შვილის სასარგებლოდ – 333 ლარი და 1828 აშშ დოლარი; ო. ს-ანის სასარგებლოდ – 315 ლარი და 1828 აშშ დოლარი; ჯ. მ-ავას სასარგებლოდ – 315 ლარი და 1828 აშშ დოლარი. დაეკისრა შპს “ .. ..-ს” საზღვაო კატარღა “ა-ის” ეკიპაჟების ზ. ბ-იანის სასარგებლოდ – 975 აშშ დოლარი და 479,21 ლარი; დ. გ-ოვის სასარგებლოდ – 975 აშშ დოლარი და 273,49 ლარი; ზ. ჩ-რიას, ჯ. კ-იანის და თ. გ-ოვის სარჩელის დაკმაყოფილებას ეთქვა უარი. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით შპს “ .. ..-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 638,67 ლარი.

პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სასარგებლოდ შპს “ .. ..-ს” დაეკისრა 17279,8 ლარს + 4009,2 ლარი = 21 289 ლარის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხისათვის დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟი უნდა განისაზღვროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 3 პროცენტით. 21 289 ლარის 3 პროცენტი შეადგენს 638,67 ლარს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..-ს” წარმომადგენელმა მ. ა-აძემ.

კასატორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და 2007 წლის 27 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისას კანონის დარღვევით განაწილდა სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის. კერძოდ, სანაოსნოს მოთხოვნისა, წამგებ მხარეს, ანუ გემ “ა-ისა” და გემ “ფ-ს” ეკიპაჟის წევრებს არ დაეკისრა სანაოსნოს მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი ბაჟის თანხა 4140 ლარის ოდენობა. პირიქით სანაოსნოს აღნიშნული მხარის სასარგებლოდ დაეკისრა 638,67 ლარის გადახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, გემ “ა-ისა” და გემ “ფ-ს” ეკიპაჟის წევრებზე სანაოსნოს სასარგებლოდ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4140 ლარის დაკისრება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს “ .. ..-ს” დირექტორ ა. შ-ის და მისი წარმომადგენლის მ. ა-აძის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. ხოლო მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი განისაზღვრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ. მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლითაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვალდებულია მოახდინოს ყველა იმ ხარჯის გაანგარიშება, რაც მხარემ გასწია სასამართლოში. აქ იგულისხმება არა მხოლოდ კონკრეტულად გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში გაღებული ხარჯი, არამედ მთლიანად სასამართლოს ყველა ინსტანციაში გაწეული ხარჯები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას იგი შესაბამისად შეცვლის ხარჯების განაწილებასაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ემსჯელა არა მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში გაწეული ხარჯების განაწილების წესზე, არამედ სამივე ინსტანციაში გაწეულ ხარჯებზე. შესაბამისად უნდა ემსჯელა იმ თანხაზე, რაც სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო საკასაციო ინსტანციაშიც. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელეთა ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა 72800 ლარის გადახდევინების დაკისრება მოპასუხისათვის. სარჩელი დაკმაყოფილებულია 21289 ლარის დაკისრების ნაწილში. მოსარჩელეებს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 3503,50 ლარი, მოპასუხეს კი საკასაციო სასამართლოში 4140 ლარი. ამასთან ამ უკანასკნელს დაკისრებული აქვს მის მიერ წაგებული თანხის 21289 ლარის 3%-638 ლარის ოდენობით.

კასატორი ითხოვს 4140 ლარის დაკისრებას მოწინააღმდეგე მხარისათვის მაგრამ პალატა თვლის, რომ აღნიშნული თანხის მთლიანად მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება ეწინააღმდეგება 53-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმის თანახმად მოპასუხეს თანხა მიეკუთვნება იმ ნაწილის პროპორციულად, რომლითაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. ვინაიდან მოსარჩელეებს უარი ეთქვათ 72800-21289 ანუ 51511 ლარის დაკმაყოფილებაზე, პროპორციულობაც სწორედ აქედან უნდა იქნეს გამოანგარიშებული. 51511 ლარი წარმოადგენს 72800 ლარის 70%-ს. ე.ი. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მათ მიერ მოთხოვნილი თანხის 70%-ზე. ამიტომ მათ უნდა გადახდეთ არა მთლიანად 4140 ლარი, არამედ 4140 ლარის 70%, რაც შეადგენს 2898 ლარს. გარდა ამისა, მოსარჩელეებს უნდა დაეკისროთ მოცემული საკასაციო საჩივრის განხილვისათვის კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი არა მთლიანად, არამედ იგივე პროპორციულობის გათვალისწინებით. ვინაიდან კასატორი ითხოვდა 4140 ლარის დაკისრებას, მაგრამ დაკმაყოფილებულია მისი მოთხოვნა მხოლოდ 2898 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც შეადგენს მოთხოვნილი თანხის 70%-ს, მას უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 70% - ანუ 210 ლარი. სულ კასატორს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 3108 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. კასატორის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს 3108 ლარის გადახდა, ხოლო ვინაიდან კასატორს სააპელაციო სასამართლოში მასზე დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია, აღნიშნული თანხის ოდენობა უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

შპს „ .. ..-ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

შეიცვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება. რ. ო-ავას, ტ. ჭ-შვილს, ჯ. ჭ-შვილს, ო. ს-ანს, ჯ. მ-ავას, ზ. ბ-იანს, დ. გ-ოვს, ზ. ჩ-რიას, ჯ. კ-იანს, თ. გ-ოვს დაეკისროთ 3108 ლარის გადახდა შპს „ .. ..-ს” სასარგებლოდ.

გადახდეს შპს „ .. ..-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 638,67 ლარი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.