ას-663-1040-06 21 მაისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. რ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. რ-ა (მოსარჩელე)
დავის საგანი _ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის ან ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. რ-მ 2006 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სამსახურისა და მ. რ-ს მიმართ და მოითხოვა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების მ. რ-ს სახელზე რეგისტრაციის გაუქმება, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვა, ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო განცხადება დაასაბუთა იმით, რომ მისმა მამამ, მ. რ-მ 2005 წლის 31 ოქტომბერს ლანჩხუთის რაიონის საჯარო რეესტრში თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება. მოპასუხემ ... სამსახურს არ წარუდგინა საკრებულოს ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ, რაც კანონის თანახმად მოსარჩელეს უფლებას ანიჭებდა დარეგისტრირებულიყო როგორც თანამესაკუთრე და აღნიშნული ქონება რეგისტრაციაში გატარებულიყო როგორც საერთო საკუთრება. მოსარჩელემ საჯარო რეესტრში წარადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი დღემდე არის მამის _ მ. რ-ს კომლის წევრი, ხოლო 1980 წლამდე მონაცემები ანუ ძველი საკომლო წიგნები განადგურებულია. მოსარჩელეს საჯარო რეესტრმა უარი განუცხადა რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო მოწმობის ორიგინალი გააჩნდა მოპასუხე მ. რ-ს.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. რ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა სადავო სახლის თანამესაკუთრედ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სამსახურს დაევალა 2005 წლის 31 ოქტომბრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა ნ. რ-ს მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ. რ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. რ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. რ-ა ცნობილ იქნა უძრავი ქონების _ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 138,0 კვ.მ საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ მ. რ-სთან ერთად. ნ. რ-ა რეგისტრირებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს ... სამსახურში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 138,0 კვ.მ საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარმოება, რომ ... სამსახურის მიერ 2005 წლის 31 ოქტომბერს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრები მ. რ-ა რეგისტრირებული იქნა 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 138,0 კვ.მ საცხოვრებელი სახლის ერთადერთ მესაკუთრედ. ლანჩხუთის რაიონის ...ის თემის საკრებულოს მიერ გაცემული 2005 წლის 14 დეკემბრის ¹933, 2005 წლის 29 დეკემბრის ¹962, 2005 წლის 28 დეკემბრის ¹960 და 2005 წლის 13 ოქტომბრის ¹738 ცნობებით დასტურდება, რომ ნ. რ-ა სასოფლო წიგნების მონაცემებით 1980 წლიდან ჩაწერილია კ. რ-ს კომლში, რომელიც გარდაცვალებამდე 1985 წლამდე ითვლებოდა კომლის უფროსად, ნ. რ-ა 1988 წელს გათხოვდა სოფელ ჩ...ში, თუმცა საკომლო (საადგილმამულო) წიგნის მონაცემებით იგი დღესაც ითვლება მ. რ-ს კომლის წევრად. იგივე დასტურდება საკომლო წიგნის ჩანაწერებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. რ-ა და მისი შვილი ნ. რ-ა წარმოადგენენ ერთი საკომლო მეურნეობის წევრებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კომლში არსებული ქონება კომლის საერთო საკუთრებაა და ეკუთვნის კომლის ყველა წევრს თანასაკუთრების უფლებით. სააპელაციო სასამართლომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მეხუთე პუნქტის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ნ. რ-ს კომლის წევრობა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მ. რ-ს ნ. რ-ს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩ...ში გათხოვების შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ მოუთხოვია მისი კომლის წევრობიდან ამორიცხვა. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიმართ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლით დადგენილი წესი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ. რ-ს სადავო ქონებაზე თანასაკუთრების უფლება წარმოეშვა კანონის ძალით. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ. რ-ს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹67 აქტით რეგისტრირებული აქვს 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული აქტი გაცემულია 1992 წლიდან ჩატარებული მიწის რეფორმის (პრივატიზაციის) შემდეგ პერიოდში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კი თუ მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის დროს კომლის შემადგენლობაში ირიცხება ოჯახის რომელიმე წევრი, მაშინ უძრავი ქონება ითვლება კომლის წევრთა საერთო საკუთრებად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის, ან ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლები, რადგან მოცემული დავის სასამართლო წარმოება დაიწყო სამოქალაქო წარმოების წესით, განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმეობის წესით, ხოლო სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა სამოქალაქო საქმეთა პალატაში. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სხდომის ოქმში არ არის ასახული არც მისი და არც მისი მოწმეების მიერ შეკითხვებზე გაცემული პასუხები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო წესით განსახილველი საქმე განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმეობის წესით, გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ დავას იხილავს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კი მითითებულია, რომ ლანჩხუთის რაიონულმა სასამართლომ დავა ადმინისტრაციული წესით განიხილა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებაზეა მითითებული. კასატორის მითითებით, მისთვის გაუგებარია, თუ რომელი განსჯადობით იქნა საქმე განხილული და რატომ არის მითითებული მხარედ ლანჩხუთის რაიონული საჯარო რეესტრის სამსახური და საქმეში მხარედ აღარ არის ნ. გ-ე. ამასთან მას არ ჩაბარებია სარჩელის ასლი. კასატორმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მხოლოდ სოფელ ...ის საკრებულოს მიერ გაცემულ ცნობებზე დაყრდნობით, მოსარჩელის ჩაწერა კომლში გაკეთებულია მისი ნებართვის გარეშე, კანონის დარღვევით. კასატორის განმარტებით, არ არის გამოკვლეული სარჩელის საფუძვლიანობა და ხანდაზმულობა, რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის საფუძველზე და არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 128-ე მუხლი, რომლის თანახმად ნ. რ-ს თანამესაკუთრედ ცნობისათვის მხოლოდ კომლში ჩაწერა არ არის საკმარისი. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლი, სხდომის ოქმის მხარისათის გაცნობის წესის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქმე მ.რ-ს საკასაციო საჩივრის გამო განსჯადობით განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. რ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მეხუთე პუნქტის საფუძველზე დასტურდება ნ. რ-ს კომლის წევრობა. ამ კანონის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, კომლს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც თავის ძირითად საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სფეროში. ხოლო იმავე მუხლის მეოთხე პუნქტი გვთავაზობს საკომლო მეურნეობის ცნებას და მითითებულია, რომ საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. იმავე მუხლის მეხუთე პუნქტის მოთხოვნაა, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ მ. რ-ს კომლი ჩამოყალიბებულია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ნ. რ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლანჩხუთის რაიონის სუფსის თემის საკრებულოს მიერ გაცემული 2005 წლის 14 დეკემბრის ¹933, 2005 წლის 29 დეკემბრის ¹962, 2005 წლის 28 დეკემბრის ¹960 და 2005 წლის 13 ოქტომბრის ¹738 ცნობების თანახმად ნ. რ-ა სასოფლო წიგნების მონაცემებით 1980 წლიდან ჩაწერილია კ. რ-ს კომლში, რომელიც გარდაცვალებამდე 1985 წლამდე ითვლებოდა კომლის უფროსად, ნ. რ-ა 1988 წელს გათხოვდა სოფელ ჩ...ში, თუმცა საკომლო (საადგილმამულო) წიგნის მონაცემებით იგი დღესაც ითვლება მ. რ-ს კომლის წევრად. მ. რ-ს კი ნ. რ-ს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩ...ში გათხოვების შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ მოუთხოვია მისი კომლის წევრობიდან ამორიცხვა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ» მთავრობის 22.09.92 წლის ¹949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის ¹29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია კ. რ-ა და შემდეგ მ. რ-ა რეგისტრირებული იყვნენ თუ არა ისეთ სასოფლო-სამეურნეო კომლად, რომელთა არსებობაც კოლმეურნეობებთან იყო დაკავშირებული, ისინი კოლმეურნეობის წევრებს წარმოადგენდნენ თუ არა.
სასამართლომ არ გამოარკვია ასევე, მ. რ-ს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაცემა რა სამართლებრივ რეჟიმში მოხდა. კერძოდ, მას მიწის ნაკვეთი გადაეცა როგორც ფიზიკურ პირს, თუ როგორც სასოფლო-სამეურნეო კომლს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ კომლად რეგისტრაცია და ამ კომლის წევრობა არ წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც გათვალისწინებულია საკოლმეურნეო კომლის წევრთათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 304-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. რ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.