Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №270აპ-16 27 ოქტომბერი, 2016 წ.

ჭ-ე ს. 270აპ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მუკბანიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენით:

ს. ჭ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი რედაქციის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.

ს. ჭ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 4000 ლარი, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად განახევრებული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და ს. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ს. ჭ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

ს. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 10 ნოემბრამდე რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

ს. ჭ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მუკბანიანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მუკბანიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი