¹ას-664-994-07 15 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. და ა. თ-ები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ჯ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. და ნ. თ-ებმა სარჩელით მიმართეს ჯ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვეს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევით, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის 1000 ლარისა და ავტომანქანის დაზიანებისათვის - 4500 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... ჯ. ჯ-ის დედის, აწ გარდაცვლილი ზ. ჯ-ის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლისა და 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ჯ. ჯ-ის საკუთრებაში აღრიცხვა; აგრეთვე, მოითხოვეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და 4500 აშშ დოლარის დაკისრების შემთხვევაში ამ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევა, წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გადახდილი თანხის - 180 ლარის ანაზღაურება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, ხოლო სხვა ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. და ნ. თ-ებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით ა. და ნ. თ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ზემოთ მითითებულ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ა. და ნ. თ-ებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ა. და ნ. თ-ებს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 225 აშშ დოლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ა. და ნ. თ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. და ნ. თ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 225 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (ს.ფ. 332-334). განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
მოცემული განჩინებები საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ა. და ნ. თ-ებს 2007 წლის 26 სექტემბერს (ს.ფ. 335); კასატორებს განჩინების ასლი ჩაჰბარდათ 2007 წლის 2 ოქტომბერს (ს.ფ. 336); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. და ნ. თ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. და ნ. თ-ების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.