¹ას-666-887-08 31 იანვარი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ვ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ი” (მოპასუხე)
დავის საგანი – საცხოვრებელი ბინის გამოყოფა
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ვ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ის” მიმართ და მოითხოვა ბინის გამოყოფა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის ¹582 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დროებითი დებულება ქ.თბილისში ინდივიდუალური მენაშენიანების, ამხანაგობების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ. ქ.თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა აღნიშნული დებულების დამტკიცებასთან ერთად 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით თბილისში საბურთალოს რაიონში, . . . ქ. ¹7, ¹9, ¹11, ¹11ა, ¹16 და ¹19-ში მცხოვრებლებს ნება დაერთოთ ბარაკული სახლების აღებისა და მათ ტერიტორიაზე კოლექტიური ამხანაგობის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე. ამასთან ერთად, დამტკიცდა ამხანაგობის წესდება და რაისაბჭოს აღმასკომს დაევალა ამხანაგობის გამგეობის დამტკიცება და მისი რეგისტრაციაში გატარება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისმა დედამ ლ. ვ-შვილმა უარი განაცხადა ამხანაგობაში გაწევრიანებაზე, რის სანაცვლოდ საბურთალოს რაიონის აღმასკომის 1989 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ვ-შვილს გამოეყო ბინა სამი სულის გათვალისწინებით - მას და მის შვილებს დაუმტკიცდათ დიდ დიღომში, პირველი მ/რ-ის ¹21 კორპუსის მე-16 სართულზე მდებარე ¹87 სამოთახიანი ბინა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან უარი განაცხადა დედასთან ერთად გამოყოფილ ბინაში გადასვლაზე და დარჩა . . . ქ.¹11-ში და მოითხოვა ამხანაგობაში გაწევრიანება. საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1990 წლის 1 აგვისტოს ¹15.30557 გადაწყვეტილებით გაწევრიანდა ამხანაგობაში ოროთახიანი ბინის მშენებლობის უფლებით. იმავე დღეს აღმასკომმა ლ. ვ-შვილის სახელზე გასცა ორდერი ერთი სულის გათვალისწინების გარეშე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საბურთალოს რაიონის აღმასკომის 1991 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა “თ. -ის” წევრთა შუამდგომლობის საფუძველზე, ნ. ვ-შვილი ოროთახიანი ბინიდან გადაყვანილ იქნა ოთხოთახიან ბინაში. 1991 წლის 23 მარტს ამხანაგობის სახელზე შეიტანა ბინის მშენებლობისათვის 10 000 მანეთი. ამხანაგობის წესდების შესაბამისად, მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2 წელიწადში და ბინის ღირებულება უნდა დაეფარათ ეტაპობრივად. ამხანაგობამ მშენებლობისათვის გამოყოფილ ადგილას ამოიღო ქვაბული და მშენებლობა გაჩერდა. ამხანაგობის საერთო კრებაზე არჩეულმა ახალმა თავმჯდომარე ზ. თ-შვილმა 2004 წელს განაახლა მშენებლობა, მაგრამ ამხანაგობის თავმჯდომარემ უარი განაცხადა მასთან ხელშეკრულების დადებაზე. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა, გამოეყოს საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1991 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი კუთვნილი ოთხოთახიანი ბინის ფართი ამხანაგობა “თ. -ში.”
თბილისის საქალაქოO სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ვ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ნ. ვ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქოO სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შექმნილ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ.-ის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ.-ი “.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 10 000 რუსული მანეთის გარდა, ამხანაგობაში სხვა შენატანის განხორციელების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ . . . ქ. ¹11-ში მდებარე დანგრეული საცხოვრებელი სახლი არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და იგი არ შეიძლებოდა შესულიყო მშენებარე საცხოვრებელი სახლის ხარჯთაღრიცხვაში.
პალატამ დადგენილად ცნო, ნ. ვ-შვილის მიერ ამხანაგობა „თ.-ისათვის“ ბინის ასაშენებლად 10000 მანეთის გადახდის ფაქტი, მაგრამ სხვა რაიმე ბინის ასაშენებლად გაწეული დანახარჯები დადასტურებულად არ ცნო.
პალატამ მიუთითა, რომ ის გარემოება, რომ ქ.თბილისში, . . . ქ. ¹7, ¹9, ¹11, ¹11ა, ¹16, ¹18 და ¹19-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ.-ი“ და ამ უკანასკნელის საკუთრებას წარმოადგენს ასევე ამავე მისამართზე მშენებარე შენობა-ნაგებობები, ნ. ვ-შვილს, როგორც ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ.-ის” წევრს, წარმოუშობს თანასაკუთრების უფლებას ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ.-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, რაც ვერ ჩაითვლება მის მიერ ამხანაგობაში შეტანილ ქონებად და მისთვის საცხოვრებელი ბინის გამოყოფის საფუძვლად, თუმცა მას არ ერთმევა უფლება ამხანაგობა „თ.-ის“ (რაც დარჩება) საკუთრებაში არსებული ქონებიდან მისი წილის კომპენსაციის მოთხოვნისა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ვ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობით, კერძოდ, 2004 წლის 1 ივნისის კრების ოქმის თანახმად, ზ. თ-შვილს ამხანაგობის თავჯდომარის უფლებამოსილება გააჩნდა მხოლოდ 2007 წლის 1 ივნისამდე, ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა და გამოეტანა გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობით (ზ. თ-შვილი და მისი წარმომადგენელები). კასატორი მიუთითებს, რომ ამხანაგობის 2007 წლის 28 ივნისის კრების ოქმის საფუძველზე ზ. თ-შვილს შეუწყდა თავჯდომარის უფლებამოსილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ უკანონოა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინება, რომლითაც ნ. ვ-შვილს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომის ოქმში არ არის დაფიქსირებული არც მისი შუამდგომლობა და არც ამ შუამდგომლობის შესახებ 2008 წლის 29 აპრილს გამოტანილი საოქმო განჩინება.
კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ არ არის გაშვებული სასამართლო სხდომის ოქმის გასაჩივრების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნა ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ი”, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ი”.
საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1991 წლის 23 იანვრის ¹2.20.44 გადაწყვეტილების შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს ამხანაგობა “თ.-ში” ოთხოთახიანი ბინის ფართის გამოყოფას.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საკითხი იმის შესახებ შესასრულებელი ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს ამხანაგობის წინაშე ოთხოთახიანი ბინის მიღების სანაცვლოდ რაიმე ვალდებულება და ეს ვალდებულება შესრულდა თუ არა. მოსარჩელე (კასატორი) სააპელაციო სასამართლოში აღნიშნავდა, რომ ბინის ასაშენებლად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ იქნა 10535 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცათ ამხანაგობის წევრებს, მათ შორის, ნ. ვ-შვილს და მის მიერ ამხანაგობაში შეტანილ იქნა მისი წილი 95,77 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 10000 მანეთი.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის თანამესაკუთრეს, რადგან იგი ამხანაგობის წევრია და ამდენად, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მან თავისი უფლება თანასაკუთრებაში არსებულ წილზე დაუთმო ამხანაგობას ბინის მიღების მიზნით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამჟამად (2007 წლის 1 აგვისტოდან) ბინათმშენებლობის ამხანაგობის სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს 2007 წლის 11 ივლისის “ბინათმშენებლობის ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც არ ითვალისწინებს მისი უკუქცევითი ძალით გამოყენებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვლებიან გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები არ ადგენენ ასაშენებელი ბინის ნაცვლად ბინათმშენებლობაში შესატანი ქონების სახესა და ოდენობას. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ნორმები არეგულირებდნენ უკვე აშენებული სახლის მესაკუთრეთა სამართლებრივ ურთიერთობებს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, რომლებიც ეხება უკვე აშენებულ სახლში არსებული ბინების მესაკუთრეთა შორის წარმოშობილ უფლება-ვალდებულებებს.
ბინის ასაშენებლად ბინათმშენებლობაში შესატანი ქონების სახისა და ოდენობის საკითხი გადასაწყვეტია მხოლოდ ამხანაგობის წევრების მიერ, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ამხანაგობის დებულებით (წესდებით) და რაც წარმოადგენს ამხანაგობის წევრებს შორის დადებულ მრავალმხრივ ხელშეკრულებას.
იმისათვის, რომ პასუხი გაიცეს კითხვაზე, თუ რა ქონება უნდა შეეტანა მოსარჩელეს ამხანაგობაში ბინის მისაღებად და რა შესატანი მიიჩნევა მოსარჩელის მიერ განხორციელებულად, აუცილებელია მივმართოთ ამხანაგობის წევრების უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის წინაპირობებს. ამასთან ერთად ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამხანაგობის შექმნის მომენტში და ამჟამად არსებულ იმ ფაქტობრივ მდგომარეობაზე, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობაში გაწევრიანებას შესაძლებელია გააჩნდეს სხვადასხვა წინაპირობები. საბოლოოდ ამხანაგობის წევრი ხდება ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ქონების თანამესაკუთრედ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ უფლების მოსაპოვებლად ამხანაგობის წევრებს გააჩნიათ გარკვეული ვალდებულებები. ზუსტად ეს ვალდებულებებია ბინათმშენებლობის ამხანაგობაში გაწევრიანების წინაპირობები. ამდენად, არ უნდა გავაიგივოთ ამხანაგობის მიერ მიწაზე საკუთრების მოპოვებისათვის არსებული წინაპირობები ბინათმშენებლობის ამხანაგობაში პირის გაწევრიანებასთან.
ერთ შემთხვევაში ამხანაგობაში გაწევრიანება შეიძლება განხორციელდეს გასაწევრიანებელი პირის საკუთრებაში არსებული მიწის ან ამ მიწაზე აღმართული მის საკუთრებაში არსებული კანონიერი ნაგებობის ამხანაგობისათვის დათმობის გზით, რომლის შემდეგ ის ხდება ამ მიწის
თანამესაკუთრე, მეორე შემთხვევაში, როდესაც ამ მიწაზე ასაშენებელ სახლში მისაღები ბინის ღირებულების გადახდით პირი ხდება ამხანაგობის წევრი და შესაბამისად, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის თანამესაკუთრე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ამხანაგობის წევრი ვალდებულია, გადაიხადოს ასაშენებელი ბინის ღირებულება.
თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნა ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ი”.
იმ პერიოდში, როდესაც შეიქმნა აღნიშნული ამხანაგობა მოქმედებდა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 19 აგვისტოს დადგენილება “საბინაო-სამშენებლო კოოპერაციის შესახებ”, მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სსრ საბინაო-სამშენებლო კოოპერაციის სანიმუშო წესდება.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ამ ძალადაკარგული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრად მიღებულ პირს კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც დამტკიცებულია სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, ეძლევა ერთი ან რამდენიმე ოთახიანი ცალკე ბინა ოჯახის წევრთა რაოდენობის, მისი საპაიო შესატანი თანხისა და საცხოვრებელი ფართობის ზღვრული ოდენობის შესაბამისად, რაც გათვალისწინებელია საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდებით.
კონკრეტული, სადავო გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველი ნორმა განსაზღვრავდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრის მოვალეობას, რომლის თანახმად იგი ვალდებული იყო, ბინის მიღებისათვის შეეტანა საპაიო შესატანი თანხისა საცხოვრებელი ფართობის ზღვრული ოდენობის შესაბამისად.
მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სსრ საბინაო-სამშენებლო კოოპერაციის სანიმუშო წესდების 27-ე პუნქტის პირველი წინადადებისა და 36-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნტის თანახმად, კოოპერატივის სახლებში საცხოვრებელი ფართობი ეძლევათ მხოლოდ კოოპერატივის წევრებს, რომლებმაც შეასრულეს დაწესებული შესასვლელი და საპაიო შენატანების გადახდის ვალდებულებანი. ამავე წესდების 28-ე პუნქტი ადგენდა, რომ კოოპერატივის წევრის პაის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კოოპერაციულ სახლში მისთვის მიცემული ცალკე ბინის სახარჯთააღრიცხვო ღირებულებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლებელია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: საბინაო-სამშენებლო ამხნაგობაში ბინის მიღების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა დაწესებული შესასვლელი და საპაიო შენატანების გადახდა, რომლის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კოოპერაციულ სახლში მისთვის მიცემული ცალკე ბინის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას.
ამდენად, ამხანაგობის შექმნის მომენტში არსებული მისი დებულება (წესდება), რომელიც წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, არ ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის შეტანის უფლებას, (მიწის მესაკუთრე იყო სახელმწიფო).
ამრიგად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შექმნილი ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ის” დებულებით, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ინდ.ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ი”, განსაზღვრული ამხანაგობის წევრების უფლებამოსილებები არ ითვალისწინებდნენ მიწის ნაკვეთის შეტანას და მის სანაცვლოდ ასაშენებელი ბინის მიღებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა იმ გარემოებას, ამხანაგობის წევრები, მათ შორის, კასატორი წარმოადგენენ ამ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს თუ არა, არამედ იმას, თუ რა უფლება-ვალდებულებებზე შეთანხმდნენ ამხანაგობის წევრები. აღსანიშნავია, რომ კერძო სამართლებრივი ურთიერთობების შეცვლასთან დაკვშირებით მათ არ შეცვალეს ბინის მიღებასთან დაკავშირებული ქონებრივი შენატანის შესახებ წესები. უპირველეს ყოვლისა, აღნიშული გარემოებები შესაძლებელია დადასტურდეს ამხანაგობის წევრებს შორის დადებული მრავალმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც კასატორი ვერ ადასტურებს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რასაც სადავოდ არ ხდის კასატორი, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შექმნილი ინდ.ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ის” უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ინდ.ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ი”, ანუ ამჟამად არსებული ამხანაგობა. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ეს უკანასკნელი არის იმ უფლებებისა და ვალდებულებების მატარებელი, რაც თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შექმნილი ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ი”.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ნ. ვ-შვილი არ წარმოადგენდა ... ¹11-ში მდებარე დანგრეული სახლის მესაკუთრეს. ამის საწინააღმდეგოდ კასატორმა ვერ მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა ზემოაღნიშნულ სახლზე მისი საკუთრების უფლება, რაც უნდა გაეთვალისწინებინა სააპელაციო სასამართლოს.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
ამდენად, ნ. ვ-შვილი არ წარმოადგენდა . . . ქ. ¹11-ში მდებარე ნაგებობის მესაკუთრეს და, აქედან გამომდინარე, მას არც მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნდა მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლება.
ის პირობები, რომლის შესრულებასაც უკავშირდება ამხანაგობის წევრების უფლებები და ვალდებულებები, არ იყო შეცვლილი ამხანაგობის მიერ.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ იმ მიწის ნაკვეთის საკუთრების რეჟიმის ტრანსფორმაცია კერძო საკუთრებად, სადაც განლაგებული იყო ამხანაგობის წევრების ბარაკული ნაგებობები, არ შეიძლება მიუთითებდეს ამხანაგობის წევრებს შორის იმ დროს მოქმედი კანონმდებლობისა და დებულების (წესდების) საფუძველზე განსაზღვრული პირობებისა და მასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შეცვლაზე.
კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ ამის შესახებ ამხანაგობის წევრებს შორის მრავალმხრივი ხელშეკრულებით (ამხანაგობის დებულებით, წესდებით) უნდა ყოფილიყო განსაზღვრული განსხვავებული პირობები და მასთან დაკავშირებული უფლება-ვალდებულებები, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული შენატანები და, აქედან გამომდინარე, უნდა არსებულიყო სახლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ამრიგად, კასატორი ვერ ადასტურებს, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-ის” 2003 წლის 20 ნოემბრის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტით ამხანაგობის წევრებმა შეცვალეს და შეთანხმდნენ შენატანის ოდენობისა და წესის სხვა პირობებზე (მაგალითად, უკვე თანასაკუთრებაში მიღებული მიწის ნაკვეთის შეტანაზე).
ზემოაღნიშნულ.ნ გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ:
ამხანაგობა “თ.-ის” შექმნის მომენტში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამხანაგობის წევრები, მათ შორის, ნ. ვ-შვილი ბინის მიღების სანაცვლოდ ვალდებულები იყვნენ, გადაეხადათ ამ ბინის ღირებულება, შენატანი არ ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის შეტანას. 1997 წლის 25 ნოემბერს ამოქმედებული სამოქალაქო კოდექსის შემდეგ ამხანაგობის წევრების, მათ შორის, ნ. ვ-შვილის მიერ არ იყო გამოთქმული ნება ამხანაგობის დებულებით (მრავალმხრივი ხელშეკრულებით), ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ასაშენებელი სახლის ბინების მიღებისათვის განხორციელებულ შენატანად ჩათვლის შესახებ.
კასატორი საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობით, კერძოდ, 2004 წლის 1 ივნისის კრების ოქმის თანახმად, ზ. თ-შვილს ამხანაგობის თავჯდომარის უფლებამოსილება გააჩნდა მხოლოდ 2007 წლის 1 ივნისამდე, ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა და გამოეტანა გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობით (ზ. თ-შვილი და მისი წარმომადგენელები). საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ამხანაგობის 2007 წლის 28 ივნისის კრების ოქმის საფუძველზე ზ. თ-შვილს შეუწყდა თავმჯდომარის უფლებამოსილება (გასათვალისწინებელია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ამხანაგობის 2007 წლის 28 ივნისის კრების ოქმი).
ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებას, რომლითაც ნ. ვ-შვილს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც 279-ე და არც 280-ე მუხლები არ ითვალისწინებენ საქმის წარმოების შეჩერებას საქმეში არაუფლებომოსილი პირის მონაწილეობის გამო.
საკასაციო ინსტანციაში ამხანაგობა “თ.-ის” თავჯდომარე ზ. თ-შვილის მიერ წარმოდგენილია ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის გამგეობის 2007 წლის 2 მაისის ოქმი, რომლითაც დასტურდება ზ. თ-შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
ამრიგად, სააკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს 2008 წლის 29 აპრილის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი საქმის შეჩერების უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება ამხანაგობის გამგეობის არაუფლებამოსილების შესახებ, რადგან აღნიშნულ გარემოებაზე კასატორი არ უთითებდა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განამარტებებზე, რომლებიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომის ოქმში არ არის დაფიქსირებული არც მისი შუამდგომლობა და არც ამ შუამდგომლობის შესახებ 2008 წლის 29 აპრილს გამოტანილი საოქმო განჩინება. ამდენად, კასატორმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივლისის განჩინება სასამართლო სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმისა და 2008 წლის 29 აპრილის განჩინება.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ზ. თ-შვილის ნაცვლად ამხანაგობის ახლად არჩეული თავჯდომარის საქმეში ჩართვის შესახებ (როგორც კასატორი აღნიშნავს) 2008 წლის 29 აპრილის განჩინებაზე, რადგან საქმეში არ არსებობს ასეთი განჩინება.
რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ კანონიერების საკითხს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორი ვერ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ პროცესუალური დარღვევებზე, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ არ არის გაშვებული სასამართლო სხდომის ოქმის გასაჩივრების ვადა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოიტანა აღნიშნული განჩინება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა 291-ე მუხლი, რომლის თანახმად სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე. აღნიშნული ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი იყო სხდომის დამთავრებიდან (2008 წლის 29 აპრილ.ნ) 3 დღის ვადაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად (2008 წლის 2 მაისს). ნ. ვ-შვილმა ოქმთან დაკავშირებით შენიშვნებით სასამართლოს მიმართა 2008 წლის 1 ივლისს, რითაც დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული სამდღიანი ვადა.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ვ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.