Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-666-996-07 24 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ე.ხაჩიძე

კასატორი _ ი. ს-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ნ.ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ე-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ.ო-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ე-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს-ის მიმართ თანხის _ 20077,6 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ე-ს უარი ეთქვა ქ.ქუთაისში, …ის ქ.¹91-ში მდებარე სახლიდან ი. და მ. ს-ების გამოსახლებაზე, ხოლო ი.ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი და ი.ს-ს ნ.ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11000 ლარის გადახდა. მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1998 წლის 24 დეკემბერს, სადავო ბინა აღირიცხა ი.ს-ის სახელზე, თუმცა მოპასუხეს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება არ შეუსრულებია და მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუცია. ამავე კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, ი.ს-ს უნდა დაეკისროს ასევე ზიანის ანაზღაურებაც.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ი.ს-მ ვერ მოახერხა სადავო 11000 ლარის გადახდა, რადგან 1998 წელს სააღსრულებო წარმოება, რომლის დროსაც მოპასუხემ ვალის ნაწილი შეიტანა, შეჩერდა ნ.ე-ძის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვამდე _ 2003 წლამდე. მოპასუხეს სადავო ვალდებულება უნდა შეესრულებინა კუთვნილი ბინის გასხვისების გზით, რისთვისაც მონახა კიდეც ბინის მყიდველი, მაგრამ ვერ გაყიდა ყადაღის არსებობის გამო. ამდენად, ი.ს-მ თანხა ვერ გადაიხადა მოსარჩელის მხრიდან ხელშეშლის მიზეზით, ვინაიდან ნ.ე-ს სურს არა ფულის, არამედ მოპასუხის კუთვნილი ბინის მიღება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ნ. ე-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოცემული საქმე განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ნ.ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15 296 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 24 დეკემბერის განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ს-ს ნ. ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11 000 ლარის გადახდა. ი.ს-მ გადაიხადა მხოლოდ 1600 ლარი. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვილი მასალებით ირკვევა, რომ 2003 წლის 1 აგვისტოს ნ. ე-მ 1600 ლარი დეპოზიტიდან გაიტანა. სააპელაციო სასამართლოში ი.ს-ის განმარტებითა და ზემოაღნიშნული სააღსრულებო საქმით დასტურდება, რომ ი.ს-მ აღმასრულებელთან თანხა სრულად ბოლოს 2005 წელს მიიტანა, მოპასუხის მითითებით, მას თან ახლდა უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, თუმცა ნ.ე-მ თანხა არ მიიღო, ვინაიდან ყოველთვის სახლის წართმევა უნდოდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ი.ს-ის სადავო ვალდებულება შესრულებულად ვერ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო გაიზიარებს, რომ მას 1999 წელს გადასახდელი თანხა დეპოზიტზე დადებული ჰქონდა და კრედიტორი შესრულების მიღებას აყოვნებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, ნ.ე-ე უფლებამოსილი იყო, არ მიეღო ი.ს-ის მიერ ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება. პალატამ ჩათვალა, რომ, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, არასწორია მითითება, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის კანონი პროცენტის დარიცხვას არ ითვალისწინებს, ვინაიდან სწორად სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 1998 წლის 24 დეკემბერს ი.ს-ს წარმოეშვა ნ.ე-სათვის 11 000 ლარის გადახდის ვალდებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დრო 1998 წლის 24 დეკემბრიდან უნდა აითვალოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ბანკთა საკრედიტო აუციონის საპროცენტო განაკვეთის დინამიკაზე, რომლის თანახმად სადავო პერიოდისათვის საშუალო ყოველთვიურ პროცენტად მიიჩნია 2%. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო პერიოდი მოიცავს 1999 წლის იანვრიდან 2005 წლის იანვრის ჩათვლით დროს, ვინაიდან სარჩელი აღიძრა 2005 წლის 1 თებერვალს, ამასთან, თანხის ნაწილი 2003 წლის მაისში ი.ს-მ გადაიხადა, რაც კრედიტორმა ამავე წლის აგვისტოში მიიღო, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლზე დაყრდნობით, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1998 წლის 24 დეკემბრიდან 2003 წლის 31 ივლისამდე 11000 ლარის 2%-ის, ხოლო 2003 წლის 1 აგვისტოდან 2005 წლის იანვრის ჩათვლით _ 9600 ლარის 2%-ის, სულ _ 15125 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში შესწორება შევიდა და სამოტივაციო ნაწილის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ი.ს-სათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა გაანგარიშდეს შემდეგნაირად: 1998 წლის 24 დეკემბრიდან 2003 წლის 1 აგვისტომდე _ 11 000 ლარის 2%, ხოლო 2003 წლის აგვისტოდან 2005 წლის იანვრის ჩათვლით _ 9400 ლარის 2%, რაც შეადგენს 15484 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ს-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა. გაურკვეველია, რომელი მტკიცებულების, ფაქტობრივი გარემოებისა და გაანგარიშების საფუძველზე დააკისრა პალატამ კასატორს 15296 ლარის გადახდა თვიური 2%-ის გათვალისწინებით. ასევე დასაბუთებული პროცენტის ოდენობის განსაზღვრა. სასამართლომ მტკიცებულებად არ გამოიყენა მხარის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა. სააპელაციო პალატამ არ გამოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების წარმოების მასალები და უსაფუძვლოდ არ მიიღო ი.ს-ის წარდგენილი წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კასატორმა 1600 ლარი ჯერ კიდევ 1999 წლის მაისში შეიტანა და, ნ.ე-ის განმარტებით, 2003 წლის აგვისტომდე თანხა სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტზე იდო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პროცენტის ოდენობის სწორი განსაზღვისათვის და იმის დასადგენად, თუ რომელი მხარის ბრალით დაყოვნდა აღსულება. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1998 წლის 24 დეკემბერს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების დროული შეუსრულებლობის გამო პროცენტის გადახდევინება, კერძოდ, 1998 წლის 24 დეკემბრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე ბანკთაშორისი აუქციონით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ანაზღაურება. აღნიშნულის საფუძველზე ი.ს-ს დაეკისრა პროცენტის გადახდა 1999 წლის იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე _ 2005 წლის 1 თებერვლამდე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე, თუმცა ი.ს-ე მოითხოვდა რა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას, პალატა ვალდებული იყო, შეეფასებინა დასახელებულ გადაწყვეტილებაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი _ ხანდაზმულობის საკითხი. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები. სადავო ვალდებულების შესრულების უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 1998 წლის დეკემბერში და სარჩელი აღძრა კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის აღდგენა ნ. ე-ს არ მოუთხოვია. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პროცენტის გადახდევინებას კანონი არ ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას პალატამ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 384-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროცენტის გადახდევინება შესაძლებელია, თუ ვალდებულება ან ხელშეკრულება აღნიშნულს ითვალისწინებს. სასამართლომ ბანკთაშორისი აუცქიონით დადგენილი საპროცენტო განაკვეთით ისარგებლა სადავო პროცენტის ოდენობის განსაზღვრისას, თუმცა არ მიუთითა კანონი, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში დაეყრდნო. ბანკთაშორისი აუცქიონით დადგენილი საპროცენტო განაკვეთი კი გამოიყენება მხოლოდ საკრედიტო და არა სხვა ვალდებულებების მიმართ, რაც თავად პალატის მიერ მითითებული “ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონის საპროცესო განაკვეთის დინამიკით” დასტურდება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 4 თვის განმავლობაში მორიგების აქტზე ხელის მოწერის დღიდან ი. ს-ე გადაუხდის, ხოლო ნ. ე-ე მიიღებს 10000 (ათი ათას) ლარს;

2. ი. ს-ე ნ. ე-ს 4 თვეში გადაუხდის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებულ 9400 (ცხრა ათას ოთხას) ლარს;

3. მორიგების აქტზე ხელის მოწერის შემდეგ მხარეებს ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ ექნებათ.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ს-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 764,80 ლარის ნახევარი _ 382,40 ლარი, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსახილველი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, გადახდილ უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟის კანონით გათვალისწინებული ოდენობის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა წინასწარ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 764,80 ლარის ოდენობით, ამდენად, მას უნდა დაუბრუნდეს მითითებული თანხის ნახევარი _ 382,40 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება სამოქალაქო საქმეზე _ ნ. ე-ის სარჩელის გამო ი. ს-ის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი პირობებით:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 4 თვის განმავლობაში მორიგების აქტზე ხელის მოწერის დღიდან ი. ს-ე გადაუხდის, ხოლო ნ. ე-ე მიიღებს 10000 (ათი ათას) ლარს;

2. ი. ს-ე ნ. ე-ს 4 თვეში გადაუხდის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებულ 9400 (ცხრა ათას ოთხას) ლარს;

3. მორიგების აქტზე ხელის მოწერის შემდეგ მხარეებს ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ ექნებათ.

გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ნ. ე-ის სარჩელის გამო ი. ს-ის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.

ი. ს-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 382,40 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.