¹ ას-670-1000-07 28 ნოემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ი. და ლ. უ-ავები (ნ. უ-ავას უფლებამონაცვლეები)
წარმომადგენელი _ ა. ბ-აია
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ო-იძე
გასაჩივრებული განჩინების _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება
დავის საგანი – დაუსწრებელი გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ო-იძის სარჩელი მოპასუხე ნ. უ-ავასა და ნოტარიუს ქ. ბ-შვილის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული კანონიერი მემკვიდრეობის მოწმობის ნაწილობრივ გაუქმების, ქ. ბათუმში, .......... ქ. ¹67-ში არსებულ სახლთმფლობელობის 1/2 –ის მემკვიდრედ ცნობისა და აღნიშნული სახლთმფლობელობიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მესამე პირების _ ლ. და ი. უ-ავების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, აწ გარდაცვლილ ვ. უ-ავს, აწ გარდაცვლილი მამის _ ბ. უ-ავას სამკვიდრო სახლთმფლობელობის – მდებარე ქ. ბათუმი, .......... ქ. 67-ის 1/2 ნაწილი ჩაეთვალა მიღებულად, ხოლო დანარჩენ ნაწილში მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ო-იძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკამყოფილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის განჩინებით ნ. ო-იძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. ო-იძის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა ნ. ო-იძის სარჩელი. გაუქმდა ნოტარიუს. ქ. ბ-შვილის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ის ნაწილი, რომლითაც სამკვიდრო სახლთმფლობელობის – მდებარე ქ. ბათუმი, .......... ქ. ¹67-ის 1/2 წილი გაფორმდა ნ. უ-ავაზე და ნ. ო-იძე ვ. უ-ავას მემკვიდრედ იქნა ცნობილი სადავო სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილზე.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. უ-ავამ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ-ავამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა ნ. უ-ავას სააპელაციო საჩივარი, რომელიც გაასაჩივრა მისმა წარმომადგენელმა ა. ბ-აიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომის დღეს ავტომობილის ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლო დროულად გამოცხადება, რის შესახებაც მან მობილური ტელეფონის საშუალებით აცნობა საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწეს და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ ......... ” მიერ გაცემული, მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარების დეტალური ამონაბეჭდი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით ნ. უ-ავას წარმომადგენლის _ ა. ბ-აიას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასებისას დადგინდა, რომ საჩივრის ავტორს მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო შეტყობინება არ განუხორციელებია და აღნიშნულის თაობაზე არც მოსამართლის თანაშემწეს რაიმე სახის ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით არ მოუწოდებია საქმის განმხილველი სასამართლოსათვის. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ ა. ბ-აიამ ვერც სხდომაზე გამოუცხადებლობის ხელშემშლელი მიზეზის (ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა) დამადასტურებელი მტკიცებულება _ გარდა თავისი განმარტებისა_ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ-ავას წარმომადგენლმა _ ა. ბ-აიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვის მიზნით, საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო უწყება მის მარწმუნებელ _ ნ. უ-ავას საერთოდ არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით, ხოლო თავად განახორციელა ყველა მის ხელთ არსებული საშუალება, რათა სასამართლოსათვის ეცნობებინა დაგვიანების თაობაზე (ტელეფინით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, ასევე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ გ. გ-ძეს, რომელსაც აცნობა სასამართლო სხდომაზე მისი დაგვიანების მიზეზები), მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაგვიანება არასაპატიოდ მიიჩნია და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას, 2007 წლის 10 დეკემბერს ნ. უ-ავას წარმომადგენელმა _ ა. ბ-იამ საკასაციო პალატას წარმოუდგინა ნ. უ-ავას გარდაცვალების მოწმობა და იშუამდგომლა კასატორის უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეჩერდა კასატორის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2008 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე კასატორ ნ. უ-ავას უფლებამონცვლედ დადგენილ იქნენ ი. და ლ. უ-ავები და განახლდა საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. უ-ავას წარმომადგენელ ა. ბ-აიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ ნ. უ-ავას და მის წარმომადგენელ ა. ბ-აიას სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დღისა და დროის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 432-446). ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებული სხვა გარემოებები, რომელიც კასატორის გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივნის მიერ მითითებულ იქნეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, ეკისრება მომჩივანს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.
კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მის მარწმუნებელს საერთოდ არ ჩაჰბარებია სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით და, შესაბამისად, იგი არ იყო ინფორმირებული სხდომის დროისა და თარიღის შესახებ,პკ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. უ-ავას კანონის შესაბამისად გაეგზავნა და ჩაჰბარდა სასამართლო უწყება სხდომის დროისა და თარიღის შესახებ (ს.ფ. 436, 437, 441, 443 – ტ.I).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. უ-ავასა და მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმის მასალებით, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. და ლ. უ-ავების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.