¹ას-671-892-08 30 იანვარი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს “ე.-ი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის განჩინება
დავის საგანი – სარჩოს ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ე.-ის“ მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდა გადამბმელის თანამდებობაზე და მოითხოვა 2004 წლის 17 ივლისიდან მიუღებელი ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა 162 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1955 წლის 28 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მან მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა შრომის უნარი, გახდა ინვალიდი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ იქნა საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტი და დადგენილ იქნა, რომ უბედური შემთხვევის მიზეზს წარმოადგენდა მენახშირე ა-შვილის მხრიდან საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება. გ. მ-შვილს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის მიერ, საწარმოო ტრავმის გამო 1955 წლის 3 დეკემბრიდან დაენიშნა პენსია, 1988 წლის 25 მაისიდან კი - უვადოდ. დღეისათვის იღებს პენსიას 38 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს 2004 წლის 17 ივლისიდან მიუღებელი ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა 162 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით აღიარებულ (დადგენილ) იქნა გ. მ-შვილის მოთხოვნის უფლება, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო, სს “ე.-საგან” მიიღოს ყოველთვიური სარჩო 2004 წლის 17 ივლისიდან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს “ე.-მა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით სს “ე.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე გ. მ-შვილი მუშაობდა სს “ე.-ში” გადამბმელის თანამდებობაზე. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალში გ. მ-შვილს დაენიშნა პენსია 1955 წლის 2 დეკემბრიდან, 1988 წლის 25 მაისიდან კი - უვადოდ.
პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს სარჩოს დანიშვნა საწარმოო ტრავმის გამო, ვინაიდან მიიჩნია, რომ სარჩო დანიშნულად ითვლება იმის მიუხედავად, სარჩოს დამქირავებელი საწარმო გასცემს თუ სოცდაზვევის ერთიანი ფონდი, ამდენად, ჩათვალა, რომ მტკიცების საგანს არ შეიძლება წარმოადგენდეს საწარმოს ბრალეულობის საკითხი.
პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების საფუძველი და მოპასუხე წარმოადგენს პირს, ვისაც აღნიშნული ვალდებულება ეკისრება.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, იმასთან მიმართებაში, რომ გ. მ-შვილის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია, ამდენად, მიიჩნია, რომ გ. მ-შვილს უნდა აუნაზღაურდეს სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის სარჩო და განესაზღვროს გადაწყვეტილების გამოტანიდან ყოველთვიური სარჩოს ოდენობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ე.-მა” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი და არასწორად იხელმძღვანელა გორის რაიონის სოცუზრუნველყოფის განყოფილების მიერ 2007 წლის 15 მარტის ¹807 ცნობით.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ სს “ე.-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხე სს “ე.-ს” დაეკისროს მის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო 2004 წლის 17 ივლისიდან მიუღებელი ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება 162 ლარის ოდენობით, კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე საწარმოში არსებობს გადამბელის თანამდებობა, რომლის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 200 ლარს, ხოლო ამ თანხას უნდა გამოაკლდეს 38 ლარი, რასაც ის ყოველთვიურად იღებს და სხვაობა 162 ლარის ოდენობით დაეკისროს მოპასუხეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება, რომლითაც აღიარებული (დადგენილი) იქნა გ. მ-შვილის მოთხოვნის უფლება, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო, სს “ე.-საგან” მიიღოს ყოველთვიური სარჩო 2004 წლის 17 ივლისიდან.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი შუალედური გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია დადგენილად სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა (ოდენობა), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. მ-შვილი მუშაობდა სს “ე.-ში” გადამბმელის თანამდებობაზე.
1955 წლის 28 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მან მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა შრომის უნარი, გახდა ინვალიდი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ იქნა საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტი და დადგენილ იქნა, რომ უბედური შემთხვევის მიზეზს წარმოადგენდა მენახშირე ა-შვილის მხრიდან საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან არ გადმოიხედა ტენდერიდან, გადმოაგდო ქვა და თავზე დაეცა გ. მ-შვილს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალში გ. მ-შვილს დაენიშნა პენსია საწარმოო ტრავმით 1955 წლის 3 დეკემბრიდან, ხოლო 1988 წლის 25 მაისიდან კი უვადოდ.
გ. მ-შვილი საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანისათვის პენსიას იღებს სსდეს ფონდის გორის ფილიალში.
სააპელაციო სასამართლომ მიერ ასევე დადგენილია, რომ გორის რაიონის სოცუზრუნველყოფის განყოფილება მოსარჩელე გ. მ-შვილს უხდიდა პენსიას საწარმოო ტრავმის გამო და რეგრესის წესით გადახდას თხოვდა სს “ე.-ს”.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლი ითვალისწინებს სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის დადგენის (აღიარების) შესახებ წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების გამოტანას, თუ შესაძლებელია ამ ფაქტობრივი საფუძვლით განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ამისათვის უნდა შემოწმდეს, უპირველეს ყოვლისა, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ ირკვევა მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, სასარჩელო განცხადებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს არა საწარმოს ბრალით საწარმოში მიღებული ტრავმის დადგენას და, აქედან გამომდინარე, პენსიის დანიშვნას, არამედ ტრავმის გამო და მის საფუძველზე პენსიის ოდენობის განსაზღვრას (გადაანგარიშებას).
სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს და არ მსჯელობს აღნიშნულ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, რომელი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ პენსიის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა დაენიშნა თუ არა მოსარჩელეს პენსია “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საფუძველზე.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა ფაქტობრივი გარემოება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენი იქნება მისი მოცულობა (ოდენობა), რაც მოითხოვს დამატებით პროცესუალურ მოქმედებების განხორციელებას, სასამართლოს შეუძლია წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების მიღება სარჩელის ერთ-ერთი ელემენტის _ მოთხოვნის საფუძვლის მიმართ. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მსჯელობს მოსარჩელის მიერ მიღებული ტრავმისა და მის მიერ სოცუზრუნველყოფის ფონდიდან პენსიის მიღების შესახებ, მაგრამ არ არკვევს თანხის გადაანგარიშების მოთხოვნის საფუძვლიანობას.
ამრიგად, აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე¹” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ე.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.