Facebook Twitter

¹ას-672-1002-07 28 დეკემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ ლ. და ე. გ-ები (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ე. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

დავის საგანი _ სამკვიდრო წილის მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 13 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ლ. და ე. გ-ებმა და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქობულეთის რაიონული სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა ¹2ბ/-84-05 წლის სამოქალაქო საქმე ნ. ლ-ს სააპელაციო საჩივრის გამო, ო., ვ., ლ. და ე. გ-ების მიმართ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლომ არაერთხელ განიხილა ო., ლ., ვ. და ე. გ-ებისა სარჩელი სამკვიდროდან წილის გამოყოფის შესახებ. საბოლოოდ, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა, გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლის შესახებ, ვადის გაშვება ჩაითვალა საპატიოდ და იგი აღდგენილ იქნა; ო., ე., ლ. და ვ. გ-ების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. გ-ის სახელზე რიცხული ქობულეთში, ... ¹334-ში მდებარე სადავო სახლთმფლობელობიდან, რომელიც მან საკუთრების უფლებით მიიღო მემკვიდრეობის წესით დედის – ა. პეტრეს ასული გ-ის გარდაცვალების შემდეგ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებს, მოსარჩელეებს გამოეყოთ უძრავი ქონების, როგორც შენობა-ნაგებობის, ასევე მიწის ნაკვეთის 44/5 იდეალური წილი. შესაბამისი ცვლილებები შევიდა აწ გარდაცვლილი ა. გ-ის სახელზე არსებულ სამკვიდრო მოწმობაში, ამის საფუძველზე შესაბამისი ცვლილებები შევიდა ტექაღრიცხვის ბიუროსა და საჯარო რეესტრის სათანადო ჩანაწერებში. მოსარჩელეებს, ო., ე., ლ. და ვ. გ-ებს დაუბრუნდა მოპასუხე ნ. ლ-ს ხელთ არსებული ნივთების ნაწილი.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების – ო., ე., ლ. და ვ. გ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მათ უარი ეთქვათ სადავო ქონებიდან იდეალური წილის გამოყოფაზე და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის განჩინების საფუძველზე შევიდა კანონიერ ძალდაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი 2007 წლის 13 მარტის განცხადებით ე. და ლ. გ-ებმა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინებით ლ. და ე. გ-ების განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პალატამ მიიჩნია, რომ 2007 წლის 27 თებერვლის შპს „ქ...ს“ მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ ლ. და ე. გ-ები 1983 წელს მუშაობდნენ ქალაქ ქობულეთის სანდასუფთავებაში, არ არის ის ახალი გარემოება, რომელიც მხარისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი შეიძლება გახდეს. წარმოდგენილ ცნობაში დაფიქსირებულია, რომ ლ. და ე. გ-ები 1983 წელს ქობულეთის სანდასუფთავებაში მუშაობდნენ. აღნიშნული გარემოება, პალატის აზრით არ ნიშნავს, რომ ლ. და ე. გ-ები დაეუფლნენ დედის სამკვიდრო ქონებას ანუ აღნიშნული მტკიცებულებით არ დგინდება რაიმე ახალი გარემოება, რომლითაც შეიძლებოდა საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ე. გ-ების წარმომადგენელმა ე. ბ-მ.

კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რადგან არაერთხელ განუმარტეს სასამართლოს, რომ მუშაობდნენ ქობულეთის სანდასუფთავებაში დედის გარდაცვალების შემდეგაც, აღნიშნულ პერიოდში და შემდგომშიც ცხოვრობდნენ მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რადგანაც სხვა საცხოვრებელი მათ არ ჰქონიათ, ასეც რომ ყოფილიყო ისინი დედასთან ერთად იცხოვრებდნენ, რადგანაც დედა ა. გ-ე იყო ხანდაზმული, რომელსაც ესაჭიროებოდა მოვლა-პატრონობა და მას სხვა მომვლელი, გარდა ქალიშვილებისა, არავინ ჰყოლია.

ასევე, კასატორების აზრით, ახლად აღმოჩენილ გარემოებად ისეთი მტკიცებულებების მითითება, რომელიც დაადასტურებდა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან, ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში განუწყვეტლად ერთი წლის განმავლობაში მუშაობის ფაქტს, სასამართლოსათვის მისაღებ და საკმარის მტკიცებულებად უნდა ჩათვლილიყო, რადგანაც, თუ ისინი იმუშავებდნენ ქობულეთის სანდასუფთავებაში დედის გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, იცხოვრებდნენ დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ისევე როგორც დედის გარდაცვალებამდე. აღნიშნულ ქონებას ისინი, როგორც საკუთარს ისე ფლობდნენ და სარგებლობდნენ. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და სარგებლობა თავისთავად გულისხმობს სამკვიდრო ქონების მიღებას.

კასატორების განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგენილი ცნობები, საკმარისად უნდა ჩაეთვალა და აღნიშნულით უნდა დაედასტურებინა, რომ განმცხადებლები სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში, სამკვიდრო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ცხოვრობდნენ და, როგორც საკუთარს, ისე ფლობდნენ აღნიშნულ ქონებას.

ასევე კასატორების განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით წარდგენილი ცნობები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ერთიანად უნდა შეეფასებინა რადგანაც ისინი ერთიანი შეფასების საფუძველზე იძლეოდნენ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. და ე. გ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. და ე. გ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. და ე. გ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.