Facebook Twitter

ას-672-1048-06 29 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს “.. .. ..” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ე. პ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ .. .. ..“ და ი. ჩ-ის მიმართ ზიანის _ 20500 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 2003 წლის 27 დეკემბერს ი. ჩ-ი მართავდა რა შპს „.. .. ..” კუთვნილ “ფორდ-ესკორტის“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით .... , ქ.ფოთში, ... ქუჩაზე შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ბ. ყ-ს მართვის ქვეშ მყოფ „გრანდ-ჩეროკის“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ... . ფოთის საქალაქო პროკურატურის 2004 წლის 27 აპრილის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების თანახმად, აღნიშნულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადამიანის დაზიანება არ გამოუწვევია, თუმცა დადგინდა, რომ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია ი. ჩ-მა და ბ. ყ-ს ავტოავარიის თავიდან აცილება არ შეეძლო. მითითებული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მ. კ-ს კუთვნილი ავტომანქანა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 999-ე და 997-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოსარჩელის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ .. .. ..“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10330 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივლისის განჩინებით შპს „ .. .. ..“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2003 წლის 27 დეკემბერს ბ. ყ-ა კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ქ.ფოთში, ... ქუჩაზე 50-60 კმ.სთ სიჩქარით. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ი. ჩ-ს ავტომანქანა ამავე ქუჩაზე ჰქონდა გაჩერებული. მოსარჩელის მიახლოებისას მან ავტომანქანა დაძრა და მოაბრუნა, რა დროსაც შეეჯახა მ. კ-ს ავტომანქანას. მოსარჩელე უშედეგოდ შეეცადა ავტოავარიის თავიდან აცილებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ი. ჩ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა წარმოადგენდა შპს “ .. .. ..” საკუთრებას, ხოლო ი. ჩ-ი ასრულებდა საზოგადოების მიერ მისთვის დაკისრებულ შრომით მოვალეობას, ჯიხურში სარეალიზაციოდ აბარებდა სიგარეტს. სასამართლოს მითითებით, ბ. ყ-ა მოძრაობდა “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის 29-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისი სიჩქარით. სააპელაციო პალატა საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისას დაეყრდნო საქმის მასალებში არსებულ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებას, მოწმეთა ჩვენებებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სპეციალისტის, ასევე შპს “გ-ს” ცნობებს, ამასთან იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს თავისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შპს “ .. .. ..” სადავო თანხის დაკისრება დასაბუთებულად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ .. .. ..“ წარმომადგენელმა ე. პ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინება სადავო ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ შპს “გ-ს” მიერ გაცემულ ცნობას, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, თუ რას შეადგენდა ავტომანქანის თვითღირებულება ზიანის მიყენებამდე და შემცირდა თუ არა მისი ღირებულება ავტოავაარიის შემდეგ. სასამართლოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში შპს “ .. .. ..” ბრალეულობის საკითხი სათანადოდ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია. პალატა დაეყრდნო მხოლოდ ფოთის საქალაქო პროკურორის 2004 წლის 27 აპრილის სისხლის სამართლის საქმისა და სამართლებრივ დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებას, რომელსაც არ შეიძლება მოცემულ შემთხვევაში პრეიდუციული ძალა მიენიჭოს. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის, ასევე სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლის მოთხოვნები.Hწარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ თვლის, რომ შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან დელიქტურ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკა ემყარება სწორედ იმ ნორმებს, რომლებითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 21 ივლისის განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა. სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 999-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლები.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ .. .. ..” წარმომადგენელ ე. პ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორ შპს “.. .. ..” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 895,26 ლარის 70% _ 626,68 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “.. .. ..” წარმომადგენელ ე. პ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 895,26 ლარის 70% _ 626,68 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.