საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-67-351-08 24 ივნისი, 2008წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ე. ხაჩიძე
კასატორი _ დ. ს.-ე, წარმომადგენელი ნ. ზ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ნ-აძე, წარმომადგენელი გ. გ-აძე (მოპასუხე)
მესამე პირი _ გ. ს-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო ფართიდან გამოსახლება
კასატორის თხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 17 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. ს.-ემ მოპასუხე ა. ნ-აძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისში, ...-ს ქ. ¹37-ში (ყოფილი ...-ის ქ. ¹31) მდებარე საცხოვრებელი სახლის 29.94 კვ.მ და 28.04 კვ.მ ფართზე (სულ 57.44 კვ.მ) მემკვიდრედ ცნობა და აღნიშნული ფართიდან მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ქ. ქუთაისში, ...-ს ქ. ¹37-ში (ყოფილი ...-ის ქ. ¹31) მდებარე სახლის გამოყოფილი ნაწილი _ ორი ოთახი 29.49 კვ.მ და 28.04 კვ.მ (მთლიანობაში 57.44 კვ.მ) ირიცხებოდა ბ. (ს.) კ.-ს ძე ს.-ის საკუთრებად. ბ. ს.-ე გარდაიცვალა 1940 წლის ივლისში. 1968 წლის 28 თებერვლის სამემკვიდრეო მოწმობით ბ. ს.-ის მემკვიდრეობის 4/9 ნაწილი მიიღო მისმა შვილმა _ ნ. ს.-ემ, რომელიც გარდაიცვალა 1970 წელს. ნ. ს.-ის შვილის _ ს. ს.-ის გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა 1986 წლის 18 თებერვალს), 1989 წლის 18 მარტის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ნ. ს.-ის დანაშთი სამკვიდროდან _ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის 4/6 ნაწილიდან 2/6 ნაწილი მიიღო მოსარჩელემ _ დ. ს.-ემ, რომელიც იყო ნ. ს.-ის რძალი.
1991 წლის 20 აგვისტოს ქ. ქუთაისის სასამართლომ განიხილა საქმე ი. ნ.ის ძე ს.-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის პრეფექტურის, ქ. ქუთაისის საბინაო სამმართველოსა და ქ. ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიმართ საცხოვრებელი სახლის ნაწილზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით ი. ს.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და აწ გარდაცვლილ ბ. (ს.) ს.-ის საკუთრებად აღირიცხა ქ. ქუთაისში, ...-ს ქ. ¹37-ში (ყოფილი ...-ის ქ. ¹31) მდებარე სახლის ორი ოთახი _ 29.49 კვ.მ და 29.04 კვ.მ.
ქ. ქუთაისის სასამართლოს 1993 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის ¹1 სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 24 სექტემბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც ბ. ს.-ის კუთვნილ სახლზე მემკვიდრეობა მიიღო მიხეილ ა.ს ძე ნ-აძემ; ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის ¹2 სანოტარო კანოტორის მიერ 1992 წლის 8 დეკემბერს იმავე ქონებაზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა ი. ნ.-ის ძე ს.-ის სახელზე.
მოსარჩელემ იმაზე მითითებით, რომ იგი არის ნ. ს.-ის კანონისმიერი მემკვიდრე, მოითხოვა ბ. ს.-ის დანაშთ სამკვიდროზე, ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹37-ში (ყოფილი ...-ის ქ. ¹31) მდებარე 29.94 კვ.მ და 28.04 კვ.მ ფართზე მემკვიდრედ ცნობა და ამ ფართიდან ა. ნ-აძისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება (ტ.1, ს.ფ. 1-4).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება გელა ს.-ე (ტ.1, ს.ფ. 67-73).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1940 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა ს. ს.-ე, რომელსაც დარჩა ოთხი მემკვიდრე: ნინა, ნ., ვარდენ და ლ. ს.-ეები. ნ. ს.-ე გარდაიცვალა 1970 წლის 18 თებერვალს. 1989 წლის 18 მარტს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე მოსარჩელემ მიიღო ნ. ს.-ის სამკვიდრო, რომელიც შეადგენდა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹37-ში (ყოფილი ...-ის ქ. ¹31) მდებარე ნ. ს.ის ძე ს.-ის კუთვნილი 4/6 ნაწილიდან 2/6 ნაწილს, ხოლო 2/6 ნაწილი დატოვებულ იქნა ღიად.
ლ. ს.-ე-ნ-აძემ მამის _ ბ. ს.-ის სამკვიდროდან მიიღო მთელი სახლთმფლობელობის 6/9 ნაწილიდან 2/9 ნაწილი, ხოლო 4/9 ნაწილი დარჩა ღიად დანარჩენ მემკვიდრეთა სასარგებლოდ. ა. ნ-აძე არის ლ. ს.-ე-ნ-აძის შვილიშვილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ს.-ის სახელზე რიცხული ...-ის ქ. ¹37-ში მდებარე სახლი 1940 წლიდან იყო მუნიციპალიზებული და ირიცხებოდა საბინაო სამმართველოს საკუთრებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1991 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ს.-ის სარჩელი ქუთაისის პრეფექტურის, ქუთაისის საბინაო სამმართველოსა და ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ს. ს.-ის საკუთრებად აღირიცხა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹37-ში (ყოფილი ...-ის ქ. ¹31) მდებარე სახლის ორი ოთახი _ 29.49 კვ.მ და 28.04 კვ.მ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1993 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 24 სექტემბერს მოპასუხის მამაზე _ მიშა ა.ს ძე ნ-აძეზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, რომლითაც მიშა ა.ს ძე ნ-აძე ცნობილ იქნა მემკვიდრედ და მესაკუთრედ ს. ს.-ის ქონებაზე, ასევე გაუქმდა ამავე ქონებაზე ქუთაისის ¹2 სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 8 დეკემბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა ი. ს.-ეზე და სადავო ქონება ისევ აღირიცხა ს. ს.-ის საკუთრებად.
სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართში 1992 წლიდან ცხოვრობს მოპასუხის ოჯახი. იმის გათვალისწინებით, რომ 1940 წლიდან სადავო ფართი ირიცხებოდა ქუთაისის საბინაო სამმართველოს სახელზე და იგი ბ. ს.-ის საკუთრებად აღირიცხა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1991 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფართი არ შედიოდა 1940 წელს გარდაცვლილი ბ. ს.-ის სამკვიდრო ქონების მასაში, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლისა.
სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ს. ს.-ის გარდაცვალების მომენტისათვის სადავო ქონება მის სამკვიდრო მასად, სასარჩელო მოთხოვნა არარსებულ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე მიიჩნია უსაფუძვლოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 183-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სადავო ფართიდან მოპასუხის ოჯახის გამოსახლების თაობაზე არ დააკმაყოფილა (ტ.1, ს.ფ. 76-77).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ს.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტ.1, ს.ფ. 81-88).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ს.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ს.-ე აღიარებულ იქნა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹37-ში (ყოფილი ...-ის ქ. ¹31) მდებარე 29.49 კვ.მ და 28.04 კვ.მ ორი ოთახის, მთლიანობაში 57.44 კვ.მ ფართისგან შემდგარი, 1940 წლის 17 ივლისს გარდაცვლილი ბ. ს.-ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან 4/27 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; მოსარჩელის მოთხოვნა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹37-ში მდებარე 57.44 კვ.მ ფართიდან ა. ნ-აძის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბ. (ს.) კ.-ს ძე ს.-ის გარდაცვალების შემდეგ მისი დანაშთი სამკვიდროს _ ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹37-ში (ყოფილი ...-ის ქ. ¹31) მდებარე სახლთმფლობელობის 6/9 ნაწილიდან 2/9 ნაწილი 1967 წლის 27 ოქტომბრის კანონისმიერი მემკვიდრეობით მიიღო მამკვიდრებლის _ ბ. ს.-ის შვილმა _ ლ. ნ-აძემ, ხოლო ამავე სამკვიდროს 4/9 ნაწილი 1968 წლის 28 თებერვლის კანონისმიერი მემკვიდრეობით მიიღო მამკვიდრებლის მეორე შვილმა _ აპელანტის მამამთილმა ნ. ს.-ემ. ნ. ს.-ის გარდაცვალების შემდგომ, 1989 წლის 18 მარტს, ნ. ს.-ის დანაშთი სამკვიდროდან (სადავო სახლთმფლობელობის 4/9 ნაწილიდან) 2/6 ნაწილი, ანუ ბ. ს.-ის სამკვიდროს 4/27 ნაწილი მიიღო დ. ს.-ემ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ რამდენადაც ბ. ს.-ის გარდაცვალების მომენტისათვის სადავო ორი ოთახი საერთო ფართით 57.44 კვ.მ მუნიციპალიზირებული იყო და იგი მხოლოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1991 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით აღირიცხა ბ. ს.-ის საკუთრებად, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად ბ. ს.-ის სამკვიდრო მასაში არ შედიოდა. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივის), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივის) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ასეთ ფაქტებს წარმოადგენს ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1991 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო 57.44 კვ.მ ფართი აღირიცხა 1940 წელს გარდაცვლილი ბ. ს.-ის საკუთრებად, იგი ჩათვლილი უნდა ყოფილიყო ბ. ს.-ის სამკვიდრო მასაში.
იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წლის 18 მარტს დ. ს.-ემ მიიღო თავისი მამამთილის _ ნ. ს.-ის სამკვიდროდან 2/6 ნაწილი, ხოლო, თავის მხრივ, ნ. ს.-ეს 1968 წლის 28 თებერვლის კანონისმიერი მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა ბ. ს.-ის სამკვიდროს 4/9 ნაწილი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა მიიღო ბ. ს.-ის სამკვიდროს 4/27 (4/9-ის 2/6) ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1423-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. კანონის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ აპელანტმა მიიღო რა ბ. ს.-ის დანაშთი სამკვიდროს ნაწილის მიღებით მიღებულად ჩაითვლება მამკვიდრებლის მთლიანი სამკვიდრო, რომელშიც შედის სადავო საცხოვრებელი ფართიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა სადავო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო საცხოვრებელი ფართი მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლებით მხოლოდ მას ეკუთვნოდა, რადგან როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, ბ. ს.-ეს აპელანტის გარდა დარჩა სხვა მემკვიდრეც, რის გამოც აპელანტი მიჩნეულ უნდა ყოფილიყო ამ ქონების მხოლოდ თანამემკვიდრედ.
იმ პირობებში, როდესაც დ. ს.-ის იდეალურ საკუთრებას წარმოადგენდა სადავო ფართის მხოლოდ 4/27 ნაწილი, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მთელი სადავო ფართიდან მოწინააღმდეგე მხარის გამოსახლების თაობაზე და აღნიშნა, რომ მითითებულ ნაწილში სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტ.2, ს.ფ. 74-86).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ს.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მისი სადავო ქონების მხოლოდ 4/27 ნაწილზე თანამემკვიდრედ ცნობის თაობაზე, მისი მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნის გამოტანამდე, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა მემკვიდრეთა წრე და მათი რიგითობა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდებოდა ბ. ს.-ის დანაშთი ქონებიდან კასატორის წილის განსაზღვრა. ამასთან, სასამართლოს არ გამოურკვევია აღნიშნულ ქონებაზე გააჩნდათ თუ არა პრეტენზია სხვა მემკვიდრეებს, ხომ არ ამბობდნენ ისინი უარს თავიანთ წილზე სხვა მემკვიდრეთა სასარგებლოდ. დასახელებული საკითხების სწორად განსაზღვრის შემდგომ ცხადი გახდებოდა სადავო ფართიდან მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების მოთხოვნის საფუძვლიანობაც.
კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1457-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თანამემკვიდრეთა შეთანხმებით შეიძლება მთელი სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე. ამავე კოდექსის 1452-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით.
კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა საჭიროებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელახალ განხილვას, რათა დადგინდეს სადავო ფართის პირველი რიგის მემკვიდრეთა ვინაობა, თანახმანი არიან თუ არა ისინი მათი წილი ქონების კასატორისათვის გადაცემაზე, რის შემდგომაც შესაძლებელი გახდება მითითებული ქონებიდან მისი წილის განსაზღვრა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დ. ს.-ის მიერ მიღებული სამემკვიდრეო წილი _ მთელი საცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილის 2/6 ნაწილი ამ ეტაპზე გაჩუქებულია მის შვილზე _ ბადრი ს.-ეზე (ტ.2, ს.ფ. 100-104).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია:
ბ. (ს.) კ.-ს ძე ს.-ის სამკვიდროს შეადგენდა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹37-ში (ყოფილი ...-ის ქ. ¹31) მდებარე სახლთმფლობელობის 6/9 ნაწილი;
ბ. (ს.) კ.-ს ძე ს.-ის გარდაიცვალა 1940 წელს. მისი სამკვიდრო კანონისმიერი მემკვიდრეობით მიიღო მისმა ორმა შვილმა: ლ. ნ-აძემ და ნ. ს.-ემ, კერძოდ, ლ. ნ-აძემ სამკვიდრო მოწმობით მიიღო ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹37-ში მდებარე სახლთმფლობელობის 6/9 ნაწილიდან 2/9 ნაწილი 1967 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო ნ. ს.-ემ _ ამავე სახლთმფლობელობის 4/9 ნაწილი 1968 წლის 28 თებერვალს;
ნ. ს.-ე გარდაიცვალა 1970 წელს. მას დარჩა ორი ვაჟი _ ი. და ს., ამ უკანასკნელის მეუღლეა დ. ს.-ე;
დ. ს.-ემ 1989 წელს კანონისმიერი მემკვიდრეობით მიიღო ნ. ს.-ის დანაშთი საცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილის 4/6 უფლებიდან 2/6 ნაწილი.
ბ. ს.-ის გარდაცვალების შემდგომ, ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹37-ში მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილი, კერძოდ, ორი ოთახი _ 29.49 კვ.მ და 29.04 კვ.მ, რომელიც ბ. ს.-ის გარდაცვალების მდგომარეობით მუნიციპალიზებული იყო, 1991 წლის 20 აგვისტოს ქ. ქუთაისის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე (მოსარჩელე ი. ნ.ის ძე ს.-ე) აღირიცხა აწ გარდაცვლილ ბ. (ს.) ს.-ის საკუთრებად.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბ. (ს.) ს.-ის სამკვიდრო მიღებული აქვს მის ორ კანონისმიერ მემკვიდრეს _ ნ. ს.-ეს და ლ. ნ-აძეს, რომელთა მემკვიდრეებსაც, თავის მხრივ, შესაბამისად წარმოადგენენ მოსარჩელე დ. ს.-ე და მოპასუხე ა. ნ-აძე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ლ. ნ-აძეს მიღებული აქვს ბ. (ს.) ს.-ის სამკვიდროს 2/9 ნაწილი, ხოლო ნ. ს.-ეს _ ამავე სამკვიდროს 4/9 ნაწილი, ანუ 2-ჯერ მეტი, ვიდრე ლ. ნ-აძეს. ე.ი. ლ. ნ-აძეს მიღებული აქვს ბ. ს.-ის მთლიანი სამკვიდროს 1/3, ხოლო ნ. ს.-ეს _ 2/3 ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა, თუ როგორ უნდა გაიყოს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ გამოვლენილი სამკვიდრო ქონების ნაწილი მემკვიდრეებს შორის, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში რამდენს შეადგენს დ. ს.-ის წილი ბ. ს.-ის სამკვიდრო მასას შემატებულ ქონებაზე _ ქუთაისში, ...-ის ქ. ¹37-ში მდებარე 29.49 კვ.მ და 29.04 კვ.მ ორ ოთახზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული ქონებიდან დ. ს.-ის წილი მემკვიდრეობა შეადგენს სადავო ფართის 4/27 ნაწილს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დ. ს.-ის წილ მემკვიდრეობად განსაზღვრა 57,44 კვ.მ-ის 4/27 ნაწილი, რაც შეადგენს დაახლოებით 8,5 კვ.მ-ს. აღნიშნული განისაზღვრა როგორც 4/9-ის 2/6 ნაწილი, მაშინ როდესაც, საქმის მასალების თანახმად, დ. ს.-ეს სამკვიდრო მიღებული აქვს არა 4/9-ის 2/6 ნაწილზე, არამედ ნ. ს.-ის დანაშთი საცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილის 4/6-დან. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ისე მოახდინა აღნიშნული წილის განსაზღვრა, რომ არ დაადგინა პრინციპი, რომლის მიხედვითაც მოცემულ შემთხვევაში უნდა გაიყოს სამკვიდრო ქონების ნაწილი მემკვიდრეებს შორის.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს იგი და სადაც უნდა იყოს იგი. ამასთან, ამავე კოდექსის 1435-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე. ამავე კოდექსის 1446-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრის უარი სამკვიდროს მიღებაზე შეუქცევადია.
იმ შემთხვევაში, თუკი ბ. (ს.) ს.-ის მემკვიდრეობა მიღებული აქვთ მხოლოდ ლ. ნ-აძესა და ნ. ს.-ეს, შესაბამისად, ითვლება, რომ მათ მთლიანად მიიღეს სამკვიდრო, მათ შორის, ამ სამკვიდროს ნაწილიც _ 57,44 კვ.მ სადავო ორი ოთახი. ამდენად, აღნიშნული ორი ოთახი მათზე განაწილდებოდა იმავე პრინციპით, როგორც დანარჩენი სამკვიდრო ქონება: ლ. ნ-აძეს _ 1/3 ნაწილი (დაახლოებით 19,14 კვ.მ), ხოლო ნ. ს.-ეს _ 2/3 ნაწილი (დაახლოებით 38,29 კვ.მ). შესაბამისად, ლ. ნ-აძის მემკვიდრეებზე აღნიშნული სამკვიდროს ნაწილი (სადავო ორი ოთახი) უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მათ მიიღონ ამ ქონების 1/3 ნაწილი, ხოლო ნ. ს.-ის მემკვიდრეებმა უნდა მიიღონ ამ ქონების 2/3 ნაწილი, მათ შორის, დ. ს.-ემ უნდა მიიღოს თავისი კუთვნილი სამკვიდროს წილი აღნიშნული 2/3-დან. თუ, კონკრეტულად, რამდენს შეადგენს დ. ს.-ის კუთვნილი წილი, ამისათვის საქმის გარემოებები დამატებით გამორკვევას საჭიროებს, კერძოდ, გასარკვევია, თავის დროზე ბ. (ს.) ს.-ის სამკვიდრო ქონება მხოლოდ კანონისმიერი მემკვიდრეობით განაწილდა, თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეობითაც, ლ. ნ-აძის და ნ. ს.-ის გარდა კიდევ ხომ არ არიან ბ. (ს.) ს.-ის მემკვიდრეები. ამასთან დაკავშირებით საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ბ. ს.-ეს დარჩა 4 შვილი: ვარდენი, ნინა, ლ. და ნ.ი, ხოლო ლ. და ნ.ის გარდა დანარჩენმა შვილებმა მიიღეს სამკვიდრო, თუ უარი თქვეს მასზე, საქმიდან არ ჩანს. ასევე გასარკვევია, ზუსტად ვისზე განაწილდა ნ. ს.-ის სამკვიდრო, როგორ განაწილდა და აქედან რამდენს შეადგენს დ. ს.-ის მიერ მიღებული მემკვიდრეობის წილი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გამორკვევის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.