Facebook Twitter

ას-674-1004-07 21 ნოემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ... სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –შპს “შ...ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი სარჩელში - ზარალის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 6 ოქტომბერს ... სამსახურმა მოპასუხე შპს „შ...ის“ წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მოპასუხისთვის 100 171,40 ლარის დაკისრება და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის უძრავ-მოძრავი ქონებისა და ... ბანკში არსებული საბანკო ანგარიშების დაყადაღება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ... სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ... სამსახურის დირექტორ ლ.კ-ისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება; ... სამსახურის სარჩელი შპს “შ...ის” მიმართ 100171,4 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს “შ...ს” ... სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა 100171,4 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს „შ...ის“ დირექტორმა ს. ზ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს “შ...ის” დირექტორ ს.ზ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მან ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება, რის შესახებაც წარმოადგინა განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი, რომელთაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ მხარის სასამართლოში გამოცხადებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „შ...მა,“ რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “შ...ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2007 წლის 29 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს “შ...ის” დირექტორის საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ განცხადების ან შუამდგომლობის წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

განსახილველი ნორმით გათვალისწინებულია ის იურიდიული შემადგენლობა, რომლის არსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს საპატიო მიზეზის არსებობას, კერძოდ, განსახილველი მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადებით დადგენილია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავენ სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო მიზესს. განსახილველი ნორმით მოცემულია იურიდიული შემადგენლობა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან, რომლის თანახმად ავადმყოფობა უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; დადასტურება პირდაპირ უნდა მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ კანონი საგანგებოდ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ავადმყოფოფა დადასტურებული უნდა იქნეს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და არა ყველა იმ პირის მიერ, ვისაც “საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით გააჩნიათ საექიმო საქმიანობის უფლებამოსილება.

ორივე სამართლებრივი ელემენტი მხოლოდ კუმულაციურად იწვევენ ნორმით გათვალისწინებულ შედეგს და ამდენად, მათი ცალ-ცალკე არსებობა არ შეიძლება მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

აღნიშნული მტკიცებულების უზრუნველყოფის პროცესუალური ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში აკისრია, გამოუცხადებელ მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. ამრიგად, სხვაგვარი მტკიცებულებებით აღნიშნული პროცესუალურ-სამართლებრივი იურიდიული ფაქტების დადასტურება, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით არ შეიძლება (ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 6 ივნისის ¹... ცნობა არ შეიცავს იმ აუცილებელ ელემენტებს, რაც გათვალისწინებულია განსახილველი ნორმით, კერძოდ, ცნობას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი და მასში არ არის მითითებული სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც 233-ე და არც 241-ე მუხლების დარღვევის საფუძვლები და ამდენად, ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, უარი უნდა ეთქვას კასატორს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “შ...ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.