Facebook Twitter

¹ას-674-1050-06 5 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ჩ-ე (მოპასუხე; მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ე (მოსარჩელე; მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

დავის საგანი:

სარჩელში – განქორწინება და შვილის ნახვის უფლების მინიჭება

შეგებებულ სარჩელში _ ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თითოეული შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით მოპასუხისათვის 100-100 ლარის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. გ-მ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე ე. ჩ-ის მიმართ და მიუთითა, რომ 2000 წლის 9 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ე. ჩ-სთან, ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ბ. გ-ე დაბადებული 2001 წლის 25 ივნისს და მ. გ-ე დაბადებული 2005 წლის 1 ივნისს. თავდაპირველად ჰქონდათ ნორმალური ოჯახური ურთიერთობა, ბოლო დროს ხშირად ჰქონდათ ჩხუბი, რის გამოც, დაშორდნენ ერთმანეთს. ცოლად შეირთო სხვა ქალი და ამჟამად ცხოვრობს მასთან. მან მოითხოვა, ე. ჩ-სთან განქორწინება, ასევე, შვილების ნახვისა და წამოყვანის დღეების განსაზღვრა.

ე. ჩ-მ შეგებებული სარჩელი აღძრა თ. გ-ის მიმართ და მოითხოვა თ. გ-ის საცხოვრებელ სახლში შესახლება და მცირეწლოვანი ბავშვების სასარგებლოდ თითოეულ ბავშვზე ალიმენტის 200 ლარის გადახდა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. გ-სა და ე. ჩ-ს შორის ქორწინება შეწყვეტილი იქნა; თ. გ-ს დაუწესდა შვილების ნახვისა და წამოყვანის დღეები ყოველი კვირის შაბათი და კვირა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. გ-ს მათი შვილების ბ. გ-ის - დაბადებული 2001 წლის 25 ივნისს და მ. გ-ის დაბადებული 2003 წლის 1 ივლისს, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულზე 30-30 ლარის ოდენობით, 2005 წლის 7 ოქტომბრიდან, ბავშვების სრულწლოვან ასაკის მიღწევამდე.

ე. ჩ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში; სააპელაციო წარმოება სააპელაციო საჩივრის გამო განქორწინების და შვილების ნახვისა და წამოყვანის დღეების დაწესების ნაწილში შეწყდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი და მიუთითა, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. სასამართლომ იმავე კოდექსის 1214-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც ბავშვების მატერიალური ინტერესი, ასევე მშობლების ქონებრივი მდგომარეობა, მათი რეალური შემოსავლები.

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ბავშვები აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან, აპელანტ ე. ჩ-სთან. უდავოდ მიიჩნია, რომ აპელანტს აქვს სამუშაო ადგილი და შემოსავალი ხელფასის სახით. თ. გ-ე უმუშევარია და მას დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ყოველთვიური 30 ლარი ბავშვის აღზრდისათვის საკმარისი არ არის. მაგრამ მიიჩნია, რომ არ შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილებით მხარეს დაეკისროს ისეთი ვალდებულების შესრულება, რომლის შესრულებაც შეუძლებელია. ამიტომ სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირი, რომელსაც არანაირი შემოსავალი გააჩნია, ვერ გადაიხდის აპელანტის მიერ მოთხოვნილ თანხას.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ჩ-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და თითოეული ბავშვის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ალიმენტის სახით 100-100 ლარის დაკისრება. ე. ჩ-ე თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ ერთის მხრივ ჩათვალა, ყოველთვიურად 30 ლარი შვილის აღზრდისათვის საკმარისი არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეცვალა და არ გაზარდა თანხის ოდენობა.

კასატორის მოსაზრებით, ამჟამად საქართველოში მოქალაქეები ხელშეკრულების გარეშე რამდენიმე ადგილას მუშაობენ, საკმარისი ანაზღაურებაც გააჩნიათ, მაგრამ რატომღაც სასამართლო თავის შინაგანი რწმენით არ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული მოთხოვნა გასაზიარებელია. სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლებზე, სადაც კანონი ორივე მშობელს ავალდებულებს შვილების რჩენის მოვალეობას; დღევანდელი საბაზრო ფასებით არ განსაზღვრა იმ თანხის ოდენობა, რაც საჭიროა შვილების აღზრდისა და მოვლა-პატრონობისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.