Facebook Twitter

¹ას-675-1005-07 5 დეკემბერი, 2007 წელი.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. პ-ე

წარმომადგენელი _ ა. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 21 ივნისს მ. პ-მ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ და მოითხოვა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მუშაობა დაიწყო შპს “.. ..ის” წინამორბედ სამსახურში ... კომბინატში. მუშაობის დაწყებიდან მე-18 დღეს მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც დაკარგა მარჯვენა ხელის კიდური და გახდა მე-3 ჯგუფის ინვალიდი მუდმივად. აღნიშნული შემთხვევის გამო 1986 წლის თებერვლიდან დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 108 ლარის ოდენობით, რომელსაც იღებდა 1993 წლამდე, მაგრამ შემდგომ აღარ მიუღია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. პ-მ, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად, მოითხოვა მოპასუხისათვის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად წარმოშობილი ზიანის 100000 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის, 100000 აშშ დოლარის დაკისრება. სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და 100000 ლარის მორალურ ზიანთან ერთად მოითხოვა ერთჯერადი ანაზღაურების სახით 14014 ლარისა და 6648 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-ის წარმომადგენელმა ა. ც-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურდებდა, რომ ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, მოპასუხე საწარმომ მ. პ-ს დაუნიშნა სარჩო, რომელსაც უხდიდა 1993 წლამდე, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის მიუღებელი სარჩოს დაკისრების საფუძველი.

მითითებული ფაქტობრივი გარემოება სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი და რომელიც გამორიცხავდა დადგენილ გარემოებებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე 1986-1993 წლამდე იღებდა სარჩოს მოპასუხე საწარმოსაგან. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ახსნა-განმარტებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნულზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.

არასწორია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ. პ-ე უბედური შემთხვევის დროს არ მუშაობდა მოპასუხე საწარმოში, ვინაიდან სააპელაციო პალატამ შრომის წიგნაკის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მ. პ-ე 1985 წლის 1 სექტემბრიდან 1986 წლის 17 თებერვლამდე მუშაობდა მოპასუხე საწარმოს დეკორატიული ფილების საპრეს საამქროში მეორე თანრიგის მუშად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.