საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №297აპ-16 თბილისი
წ-ე ზ. 297აპ-16 24 ოქტომბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის, ასევე მსჯავრდებულ ზ. წ-სა და მისი ადვოკატის - ი. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ზ. წ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. ზ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო. ზ. წ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ზ. წ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. ზ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 7 მარტიდან. მასვე ამავე კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
5. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
6. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
7. მსჯავრდებულ ზ. წ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
8. ამასთან, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის, ასევე მსჯავრდებულ ზ. წ-სა და მისი ადვოკატის - ი. გ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი