საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-676-1006-07 7 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ჯ. ჯ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ წყალტუბოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური, ბ. ქ-იანი თ. ა-შვილი, ნოტარიუსი ი. ქ-აძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერის, ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ჯ-იამ და ნ. ჯ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების _ თ. ა-შვილის, ბ. ქ-იანის, წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის, ნოტარიუსების _ იამზე ქუთათელაძისა და ნოდარ ლექვთაძის, მესამე პირის _ სს “თიბისი ბანკის” ქუთაისის ფილიალის მიმართ და მოითხოვეს ¹2 სამწვადისა და შესაბამის მიწის ნაკვეთზე თ. ალხაზაშვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატორის მიერ შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობა; 2002 წლის 31 დეკემბერს წყალტუბოს ნოტარიუს ნ. ლექვთაძის მიერ დამოწმებული, თ. ალხაზაშვილსა და ბ. ქურასბედიანს შორის დადებული ¹2 სამწვადის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 2003 წლის 8 იანვარს წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ-აძის მიერ დამოწმებული, სს “თიბისი ბანკსა” და ბ. ქურასბედიანს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის სამსახურისათვის ჩანაწერის შეტანის დავალება იმის შესახებ, რომ თ. ა-შვილი, ჯ. ჯიქია და ნ. ჯიმშელეიშვილი იყვნენ შპს “ლაშარელას” კუთვნილი ქონების, მათ შორის, ¹2 სამწვადისა და მისი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები და მათი წილი განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: თ. ა-შვილს _ 50%, ჯ. ჯიქიას _ 50%, ნ.ჯიმშელეიშვილს _ 20%. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს: 1995 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელე ჯ.ჯიქიამ და თ. ა-შვილმა შექმნეს ამხანაგობა წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის შესყიდვის მიზნით. ობიექტის მთლიანი ღირებულება აუდიტის შეფასებით შეადგენდა 1621 აშშ დოლარს. ამხანაგობის თითოეული წევრი, მისი შენატანების შესაბამისად, ითვლებოდა ობიექტის თანამესაკუთრედ50%-იანი წილით. ამხანაგობის უფლებამოსილ პირად დაინიშნა თ. ა-შვილი. 1995 წლის 23 ოქტომბერს სადამფუძნებლო ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმდა წყალტუბოს ნოტარიუს ი.ქუთათელაძის მიერ. 1995 წლის 10 ოქტომბერს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტი გაიყიდა კონკურსის წესით, რომლის საფუძველზეც წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსსა და თ. ა-შვილს შორის დაიდო სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ¹103 ხელშეკრულება. 1995 წლის 23 ოქტომბერს აღნიშნული ხელშეკრულება სანოტარო წესით დაამოწმა წყალტუბოს ნოტარიუსმა ი.ქუთათელაძემ. 1995 წლის 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით საპრივატიზაციო ქონება გადაეცა მყიდველს _ ამხანაგობის წარმომადგენელ თ. ა-შვილს. 1996 წლის 30 იანვარს დამფუძნებელ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის ბაზაზე დაფუძნდა შპს “ლაშარელა”, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ჯ.ჯიქია, მისი მეუღლე ნ.ჯიმშელეიშვილი, თ. ა-შვილი და მისი მეუღლე დ.ბერაძე. საზოგადოების საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 2560 აშშ დოლარი. დამფუძნებელ პარტნიორებს შორის წილები განაწილდა შემდეგნაირად: თ. ა-შვილს _ 30%, ჯ. ჯიქიას _ 30%, დ. ბერაძეს _ 20%, ნ.ჯიმშელეიშვილს _ 20%. საზოგადოების წარმომადგენლობის ერთპიროვნული უფლებამოსილება მიენიჭა დირექტორ თ. ალხაზაშვილს. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 16 მაისის დადგენილებით შპს “ლაშარელა”, კანონის შესაბამისად, დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. 2001 წელს, საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორის _ დ.ბერაძის გარდაცვალების გამო, თ. ა-შვილმა მემკვიდრეობით მიიღო მისი გარდაცვლილი მეუღლის წილი და, მოსარჩელეთა თანხმობის საფუძველზე, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილებების რეგისტრაცია: შპს “ლაშარელას” საწესდებო კაპიტალი პარტნიორებს შორის განაწილდა შემდეგნაირად: თ. ალხაზაშვილს _ 50%, ჯ. ჯიქიას _ 30%, ნ.ჯიმშელეიშვილს _ 20%. 2003 წელს მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ თ. ა-შვილმა მისგან დამოუკიდებლად გაასხვისა შპს “ლაშარელას” ქონება და მიჰყიდა ბ. ქ-იანს. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა როგორც წყალტუბოს ნოტარიუსს, ასევე საჯარო რეესტრის სამსახურს, თუმცა მათგან ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. რეესტრის სამსახურში არსებული დოკუმენტებიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2003 წლის 8 იანვარს ნოტარიუსმა ი.ქუთათელაძემ სანოტარო წესით დაამოწმა შპს “ლაშარელას” ქონების მყიდველ ბ. ქ-იანსა და სს “თიბისი ბანკის” ქუთაისის ფილიალს შორის დადებული ხელშეკრულება, ბანკიდან გამოტანილი სესხის უზრუნველსაყოფად ბ. ქ-იანის საკუთრებაში რიცხული ქონების _ სამწვადის შენობისა და მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის შესახებ.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ.ჯიქიასა და ნ.ჯიმშელეიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს მიერ საჯარო რეესტრში შესრულებული ჩანაწერი ¹2 სამწვადისა და შესაბამის მიწის ნაკვეთზე თ. ა-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრში ჩანაწერის შეტანა, რომ თ. ა-შვილი, ჯ.ჯიქია და ნ.ჯიმშელეიშვილი წარმოადგენდნენ შპს “ლაშარელას” კუთვნილი ქონების, მათ შორის, ¹2 სამწვადისა და მისი განუყოფელი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს და მათ შორის წილები განისაზღვრა შემდეგნაირად: თ. ალხაზაშვილს _ 50%, ჯ.ჯიქიას _ 30%, ნ. ჯიმშელეიშვილს _ 20%; ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს ნოტარიუს ნ. ლექვთაძის მიერ 2002 წლის 31 დეკემბერს დამოწმებული ¹2 სამწვადის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება თ. ა-შვილსა და ბ. ქ-იანს შორის, ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს ნოტარიუს ი.ქუთათელაძის მიერ 2003 წლის 8 იანვარს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება სს “თიბისი ბანკის” ქუთაისის ფილიალსა და ბ. ქურასბედიანს შორის.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს “თიბისი ბანკის” ქუთაისის ფილიალმა, ბ. ქ-იანმა და თ. ა-შვილმა.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ქ-იანისა და თ. ა-შვილის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ჯ.ჯიქიასა და ნ.ჯიმშელეიშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სს “თი-ბი-სი” ბანკის ქუთაისის ფილიალის სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო წარმოება შეწყდა, ხოლო ნოტარიუს ნ. ლექვთაძის გარდაცვალების გამო, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა მოპასუხე ნოტარიუს ნ.ლექვთაძის მიმართ მისი გარდაცვალების გამო, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა ნოტარიუსის უფლებამონაცვლეობას არ ცნობს, ხოლო სს “თი-ბი-სი” ბანკის ქუთაისის ფილიალის სააპელაციო საჩივრის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე არასწორად განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2002 წლის 30 დეკემბერს ქ.წყალტუბოში, წერეთლის ქ.¹7-ში მდებარე 253 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადე) საჯარო რეესტრში აღირიცხა თ. ა-შვილის საკუთრებად. 2002 წლის 31 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ბ. ქ-იანმა თ. ა-შვილისაგან შეიძინა ქ.წყალტუბოში, წერეთლის ქ.¹7-ში მდებარე 253,4 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამწვადის შენობა 360,9 კვ.მ სასარგებლო და 360,9 კვ.მ დამხმარე ფართით, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბ. ქ-იანის სახელზე. სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 185-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია მნიშვნელოვანი გარანტიაა სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვისათვის, იგი ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, ამასთან, უფლების შემძენი ვალდებულია, იცოდეს საჯარო რეესტრის არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემი, არამედ მხოლოდ ისეთი, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ თ. ალხაზაშვილის სახელზე საკუთრების უფლების ნამდვილობა არ შეიძლება ყოფილიყო ეჭვის წარმოშობის საფუძველი, რაც ბ. ქურასბედიანის, როგორც შემძენის კეთილსინდისიერების გარანტიაა, ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საჯარო რეესტრში სადავო ფართის თ. ა-შვილის სახელზე აღრიცხვის შესახებ ჩანაწერის უზუსტობა ბ. ქურასბედიანისათვის ცნობილი იყო. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ მოწმე თინა მელქაძის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბ. ქ-იანმა ჯერ კიდევ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე სადავო ჩანაწერის უზუსტობა იცოდა. თ.მელქაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნოტარიუს ი. ქ-აძის მიერ დამოწმებული გარიგება ჯ. ჯ-იასა და თ. ა-შვილს შორის შეეხებოდა საწარმოში თ. ა-შვილის გარდაცვლილი მეუღლის წილის მემკვიდრეობის საკითხს და ამ გარიგებას ბ. ქურასბედიანი არ ესწრებოდა, ამდენად, თ.მელქაძის ჩვენება ბ. ქ-იანის არაკეთილსინდისიერ შემძენად ცნობის საფუძველი ვერ გახება. სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ბ. ქ-იანის, როგორც შემძენის არაკეთილსინდისიერებას დაადასტურებდა, ამდენად, ჯ.ჯიქიას 2002 წლის 31 დეკემბერს წყალტუბოს ნოტარიუს ნ.ლექვთაძის მიერ დამოწმებული თ. ა-შვილსა და ბ. ქურასბედიანს შორის დადებული ¹2 სამწვადის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარი ეთქვა. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ 1995 წლის 10 ოქტომბრის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით, ქ.წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის შესყიდვა-პრივატიზაციის მიზნით, კურორტვაჭრობის მუშაკებმა თ. ალხაზაშვილმა და ჯ. ჯიქიამ შექმნეს ამხანაგობა, თითოეულის წილი ამხანაგობაში განისაზღვრა 50%-ით. იმავე დღეს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს განყოფილების უფროსსა და ამხანაგობის წარმომადგენელ თ. ალხაზაშვილს შორის შედგა კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის მიღება-ჩაბარების აქტი, რის საფუძველზეც დაიდო სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ¹103 ხელშეკრულება, მყიდველს საკუთრებაში გადაეცა კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადე და დაევალა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირებულიყო, როგორც ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. 1996 წლის 30 იანვარს თ. ალხაზაშვილმა, ჯ.ჯიქიამ, დ.ბ-ძემ და ნ.ჯიმშელეიშვილმა დააფუძნეს შპს „ლაშარელა“, რომლის საწესდებო კაპიტალშიც შეტანილ იქნა კონკურსის წესით შეძენილი კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის შენობა. პალატამ მიუთითა, რომ იმ პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით „პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ დამტკიცებული „პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ“ დებულების შესაბამისად, სამწვადის ანუ საზოგადოებრივი კვების ობიექტის, კონკურსის ან აუქციონის წესით შეძენის უფლება ჰქონდათ მუშაკთა მიერ შექმნილ ამხანაგობებს, რომელთა სახელით გარიგებას დებდა ამხანაგობის წარმომადგენელი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ 1995 წლის 10 ოქტომბერს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადე შეიძინა არა თ. ა-შვილმა, არამედ ამხანაგობამ თ. ა-შვილისა და ჯ. ჯ-იას მონაწილეობით. შემდგომში აღნიშნული ქონება შეტანილ იქნა შპს „ლაშარელას“ საწესდებო კაპიტალში და 2002 წლის 30 დეკემბერს საჯარო რეესტრში არასწორად აღირიცხა თ. ა-შვილის საკუთრებად. აღნიშნულის მიუხედავად, პალატამ ჩათვალა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერის ბათილად ცნობის, ასევე საჯარო რეესტრში ¹2 სამწვადისა და მიწის ნაკვეთის, როგორც შპს „ლაშარელას“ კუთვნილი ქონების დარეგისტრირების შესახებ, ვინაიდან სადავო ქონებაზე ბ. ქურასბედიანის საკუთრებად ქონების აღრიცხვის თაობაზე ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს, სადავო უძრავ ნივთზე ბ. ქ-იანის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების გარეშე კი, კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადეზე თ. ა-შვილის საკუთრების რეგისტრაცია ვერ აღდგება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩანაწერი, რომლის ბათილად ცნობასაც მოსარჩელეები ითხოვენ, აღარ არსებობს, არარსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა კი დაუშვებელია. პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნივთზე მოსარჩელეთა საკუთრების რეგისტრაციის შესახებაც, ვინაიდან თანასაკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეებს ჰქონდათ ნივთის წინანდელი რეგისტრირებული მესაკუთრის _ თ. ალხაზაშვილის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების თანახმად კი, მოსარჩელეებს ბ. ქ-იანის მიმართ სადავო ნივთზე თანამესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არ გააჩნიათ. სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვისას, ვალდებულების შესრულების გამო, გაუქმდა სს „თიბისი ბანკსა“ და ბ. ქურასბედიანს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება, ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. ჯ-იას წარმომადგენელმა ე. ლებანიძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 185-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი. პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ბ. ქ-იანის, როგორც სადავო ნივთის შემძენის არაკეთილსინდისიერებას დაადასტურებდა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმის მასალებში არსებული წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს უფროსის მიერ რეგისტრატორისა და დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, შემძენის მონაწილეობით შედგენილი განხილვის ოქმით, რომელიც გამოქვეყნდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს და ადასტურებს, რომ ბ. ქურასბედიანის მეუღლე ციალა ზურაბიანი, რომელიც ადმინისტრაციულ განხილვაში მონაწილეობდა, როგორც სადავო ქონების მყიდველი, აღიარებს, ესწრებოდა ნოტარიუსთან სადავო ქონებაზე თ. ა-შვილის მიერ გარდაცვლილი მეუღლის წილის მემკვიდრეობით გადაფორმებას და აცხადებდა, რომ აღნიშნული თ. ა-შვილს არ სჭირდებოდა, რადგან ქონება 1998 წლის საკუთრების მოწმობით მას ეკუთვნოდა. შემძენის არაკეთილსინდისიერება დასტურდება ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხული თინა მელქაძის ჩვენებით, რომლის მიხედვით, ც.ზურაბიანი და მისი ნათესავები ესწრებოდნენ ნოტარიუს ი.ქუთათელაძესთან თ. ა-შვილის მიერ სადავო ქონებაზე გარდაცვლილი მეუღლის წილის გადაფორმებას, რა დროსაც ისინი ცდილობდნენ დაეყოლიებინათ ჯ.ჯიქია, ემუქრებოდნენ მას, რათა ამ უკანასკნელს სადავო ქონების გასხვისების ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი, ხოლო მიზნის მიუღწევლობის შემდეგ, ჯ.ჯიქია დაითანხმეს წილის მემკვიდრეობით გადანაწილებაზე. უსაფუძვლოა სასამართლოს არგუმენტი, რომ აღნიშნულ მოვლენებს ბ. ქ-იანი პირადად არ ესწრებოდა, რადგან მოვლენათა განვითარებაში მონაწილეობას იღებდა მისი მეუღლე ც.ზურაბიანი, რომელიც საქმეში მესამე პირად ჩაება იმ მოტივით, რომ 1998 წელს აღნიშნული ქონება თვითონ შეიძინა. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ბ. ქ-იანმა ბანკში გადაიხადა თ. ა-შვილის მიერ სადავო ქონებაზე მეუღლის წილის გადაფორმებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ბაჟი, რაც ასევე ადასტურებს, რომ ბ. ქ-იანისათვის ცნობილი იყო სადავო ნივთი მთლიანად თ. ა-შილს რომ არ ეკუთვნოდა. სასამართლომ კასატორის შუამდგომლობით დაათვალიერა ბ. ქ-იანის მიერ 2002 წლის 24 დეკემბრის გადახდის ქვითარი და არადამაჯერებლად ჩათვალა ბ. ქ-იანის განმარტება, რომ მას ბაჟი არ გადაუხდია, რადგან ბანკში გადახდა ხდება პირის პირადობის შემოწმების შემდეგ. საგულისხმოა, რომ თ. ა-შვილი სადავო ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში შემძენის დახმარებით დარეგისტრირდა 2002 წლის 30 დეკემბერს, 31 დეკემბერს ბ. ქ-იანთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის გარემოება, რომ სადავო ქონება შეიძინა ამხანაგობამ და არა თ. ა-შვილმა, შესაბამისად, ნივთი არასწორად აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე, მაგრამ გაუგებარია, კანონის რომელ ნორმას ეყრდნობა სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ქონების თ. ა-შვილის სახელზე აღრიცხვის ჩანაწერი ბათილად ცნობილი ვერ იქნება, რადგან 2002 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნივთის ბ. ქ-იანის სახელზე აღიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე და 59-ე მუხლებით. სრულიად გაურკვეველია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ სადავო ნივთზე თანამესაკუთრეებად რეგისტრაციის უფლება ჰქონდათ წინანდელ რეგისტრირებულ მესაკუთრე თ. ა-შვილის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების საფუძველზე კი ბ. ქ-იანის მიმართ აღნიშნულის მოთხოვნის უფლება მათ არ გააჩნიათ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ შემდეგი გარემოებები: 2002 წლის 30 დეკემბერს ქ.წყალტუბოში, წერეთლის ქ.¹7-ში მდებარე 253 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადე) საჯარო რეესტრში აღირიცხა თ. ა-შვილის საკუთრებად. 2002 წლის 31 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ბ. ქ-იანმა თ. ა-შვილისაგან შეიძინა ქ.წყალტუბოში, წერეთლის ქ.¹7-ში მდებარე 253,4 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამწვადეს შენობა 360,9 კვ.მ სასარგებლო და 360,9 კვ.მ დამხმარე ფართით, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბ. ქ-იანის სახელზე. 1995 წლის 10 ოქტომბრის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით, ქ.წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის შესყიდვა-პრივატიზაციის მიზნით, კურორტვაჭრობის მუშაკებმა თ. ალხაზაშვილმა და ჯ. ჯიქიამ შექმნეს ამხანაგობა, თითოეულის წილი ამხანაგობაში განისაზღვრა 50%-ით. იმავე დღეს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს განყოფილების უფროსსა და ამხანაგობის წარმომადგენელ თ. ალხაზაშვილს შორის შედგა კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის მიღება-ჩაბარების აქტი, რის საფუძველზეც დაიდო სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ¹103 ხელშეკრულება, მყიდველს საკუთრებაში გადაეცა კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადე და დაევალა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირებულიყო, როგორც ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. 1996 წლის 30 იანვარს თ. ალხაზაშვილმა, ჯ.ჯიქიამ, დ.ბ-ძემ და ნ.ჯიმშელეიშვილმა დააფუძნეს შპს „ლაშარელა“, რომლის საწესდებო კაპიტალშიც შეტანილ იქნა კონკურსის წესით შეძენილი კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის შენობა. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1995 წლის 10 ოქტომბერს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადე შეიძინა არა თ. ა-შვილმა, არამედ ამხანაგობამ თ. ა-შვილისა და ჯ. ჯ-იას მონაწილეობით. შემდგომში აღნიშნული ქონება შეტანილ იქნა შპს „ლაშარელას“ საწესდებო კაპიტალში და 2002 წლის 30 დეკემბერს საჯარო რეესტრში არასწორად აღირიცხა თ. ა-შვილის საკუთრებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ჯიქიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებულ დასკვნას, რომ სადავო ქონება შეძენილია არა თ. ა-შვილის, არამედ ამხანაგობის მიერ და, შესაბამისად, ეს ქონება 2002 წლის 30 დეკემბერს საჯარო რეესტრში თ. ა-შვილის საკუთრებად არასწორად იქნა აღრიცხული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები სათანადოდ არ არის გამოკვლეული და საჭიროა მათი დამატებითი შემოწმება.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა აუქმებს გადაწყვეტილებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სადავო ნივთის შემძენის, ბ. ქ-იანის კეთილსინდისიერების საკითხი უტყუარად არ არის გამოკვლეული, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
ზემოაღნიშნული ნორმებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუკი მხარე სადავოდ ხდის შემძენის კეთილსინდისიერებას, სასამართლოს არ შეუძლია თავისი დასკვნა ნივთის შეძენის კანონიერებაზე დააყრდნოს მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, გამოიკვლიოს, რა იცოდა შემძენმა ჩანაწერის ხარვეზიანობის შესახებ. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ანუ უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობისა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ბ. ქურასბედიანმა სადავო ნივთი 2002 წელს შეიძინა რა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირისაგან თ.ალხაზიშვილისაგან, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ბ. ქ-იანის, როგორც შემძენის არაკეთილსინდისიერებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მოცემულ დავაში მესამე პირად ჩართული იყო ბ. ქ-იანის მეუღლე ც.ზურაბიანი, რომლისგანაც სასამართლო სხდომაზე მიღებულ იქნა ახსნა-განმარტება (ტომი I, ს.ფ. 494). აღნიშნულ განმარტებაში ც.ზურაბიანი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან და მისმა მეუღლემ, ბ. ქ-იანმა სადავო ობიექტი თ.ალხაზიშვილისაგან რეალურად შეიძინეს 1998 წელს. ვინაიდან თანხის სრულად გადახდა ვერ შესძლეს, ნივთზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2002 წელს, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ნივთის ღირებულება სრულად გადაიხადეს. ამასთანავე, ც.ზურაბიანი მიუთითებს, რომ 1998 წელს ნივთის შეძენისას მას ხელთ ჰქონდა სადავო ობექტის რეგისტრაციის შვიდი დოკუმენტი. სასამართლოს უნდა გამოერკვია, კონკრეტულად რომელი დოკუმენტებზე უთითებდა ც.ზურაბიანი და მათი შინაარსის ცოდნა გავლენას ახდენდა თუ არა შემძენის კეთილსინდისიერებაზე.
სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში თ. ა-შვილის არასწორი აღრიცხვა განხორციელდა 2002 წლის 30 დეკემბერს. ამ გარემოებების ურთიერთშეჯერებით უტყუარად არის დასადგენი ბ. ქ-იანმა 1998 წლიდან 2002 წლამდე შეიტყო ან უნდა შეეტყო თუ არა ნივთის ნამდვილი მესაკუთრის თაობაზე. ამ კუთხით გამოსაკვლევია ასევე საქმეში წარმოდგენილი ბ. ქ-იანის განმარტებები მოცემულ ფაქტთან მიმართებით(ტ.1 ს.ფ. ¹488-489).
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე უნდა განსაზღვროს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი ანუ ნივთის შეძენის კეთილსინდისიერების საკითხთან მიმართებით მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და დამტკიცების ვალდებულების ფარგლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ონ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ჯ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.