Facebook Twitter

¹ას-677-981-09 10 ნოემბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე

კასატორი _ ც. ნ-ძე, თ. კ-ავა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ი.ტ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,თელასი” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ა.ქ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ნ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მიმართ არასწორად დამონტაჟებული ელექტროსადენების ექსპლუატაციის შედეგად გაჩენილი ხანძრით მიყენებული ზიანის _ 30419 ლარისა და ადვოკატის მომსახურების _ 3040 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის 30 იანვარს ქ.თბილისში, ... ქ.¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგად დაზიანდა სახლის სახურავი. ხანძრის ჩაქრობისას წყალმა ჩამორეცხა კედლები, ჭერი, ბუხარი, გაფუჭდა ელექტროგაყვანილობა, საყოფაცხოვრებო ნივთები და, მათ შორის, ანტიკვარული როიალი. თავად სახლი კი ავარიულ მდგომარეობაშია. ხანძარი მოპასუხის მიერ ელექტროფიდერის ექსპლუატაციისა და შემოწმების წესების დარღვევის გამო გაჩნდა. ელექტროგაყვანილობა არ იყო დამონტაჟებული უსაფრთხოდ და არსებული წესების დაცვით. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე მუხლებისა და მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია, აანაზღაუროს ც.ნ-ძისათვის მიყენებული ზიანი.

თ. კ-ავამ იმავე საფუძვლებით ასევე მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მიმართ ზიანის _ 51184 ლარისა და იურიდიული მომსახურების _ 6620 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 თებერვლის განჩინებით თ.კ-ავასა და ც.ნ-ძის საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეებს ზიანი მიადგათ არა სს “თელასის” ბრალით, არამედ, საქმეში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილის უფროსისა და სახანძრო-ტექნიკური დასკვნების შესაბამისად, ხანძრის მიზეზია არალეგალურ ხაზზე მოკლე ჩართვა. არალეგალური ხაზების აღმოჩენა და აღკვეთა კი მოპასუხის უფლებაა და არა მოვალეობა. ამდენად, სს “თელასის” მხრიდან ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს ,,თელასს” თ.კ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების _ 17992,86 ლარის, ხოლო ადვოკატის მომასახურების _ 1500 ლარის გადახდა, სს ,,თელასს” ც.ნ-ძის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებისათვის დაეკისრა 12879,71 ლარის, ხოლო წარმომადგენლის მომსახურებისათვის _ 950 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ც. ნ-ძემ და თ. კ-ავამ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ სს ,,თელასმა” გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც.ნ-ძისა და თ.კ-ავას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, სარჩელები დაკმაყოფილდა, სს “თელასს” ც.ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 33459 ლარის, ხოლო თ.კ-ავასათვის _ 72804 ლარის გადახდა, თუმცა სს “თელასის” საჩივრის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის წარმოება განაახლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტები არ დაეთანხმნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო ზიანის ოდენობის განსაზღვრას. სს „თელასის“ მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა შპს „პროექტის“ მიერ შესრულებული ხარჯთაღრიცხვა, რადგან შპს „პროექტი“ არ წარმოადგენს საექსპერტო დაწესებულებას, ხოლო თ.კ-ავა და ც.ნ-ძე უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მთლიანად და არა ნაწილობრივ უნდა დაყრდნობოდა შპს „პროექტის“ ხარჯთაღრიცხვას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო, ეხელმძღვანელა როგორც ექსპერტიზის დასკვნით, ასევე შპს „პროექტის“ მიერ შესრულებული ხარჯთაღრიცხვით. პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაზიარებულია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტის დასკვნები, ხოლო შპს „პროექტის“ მიერ შესრულებულ ხარჯთაღრიცხვას საქალაქო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ნაწილობრივ, კონკრეტული სამუშოების ღირებულების დასადგენად. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მოსარჩელეთა ინტერესების შელახვად ვერ შეფასდება, რადგან ხარჯთაღრიცხვა საქმეში მოსარჩელეებმა წარადგინეს, ხოლო იმ სამუშაოთა აუცილებლობა, რომელთა ღირებულებაც ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე განისაზღვრა, სასამართლომ დაადგინა ექსპერტიზის დასკვნით, რასაც მოსარჩელეებიც დაეთანხმნენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სს „თელასის” მიერ თ. კ-ავასათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 17 992,86 ლარს, ხოლო ც. ნ-ძისათვის – 12 879,71 ლარს. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის, „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მეექვსე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა აპელანტ სს „თელასის“ მიერ სადავო ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა და ასევე მიუთითა, რომ სს „თელასზე” გაცემული ელექტროენერგიის განაწილების ¹3/01 ლიცენზიის დანართის 26-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, რომლითაც წესრიგდება განაწილების ლიცენზიატის საქმიანობის ძირითადი წესი და პირობები, ლიცენზიატი ვალდებულია, შეასრულოს არსებული მომხმარებლის ქსელის მოვლასთან დაკავშირებული სამუშაოები, ამდენად, სს „თელასი“ ვალდებული იყო, ეზრუნა სადავო ქსელის გამართულ მუშაობაზე. მოპასუხე მხარემ აღნიშნული არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ ... ქუჩა ¹1-ში მდებარე სახლის სხვენში აღურიცხავ სადენები ელექტროენერგიით მარაგდებოდა სს „თელასის“ კუთვნილი ელექტროჯიხურიდან, რომელთა დაზიანების გამო აღნიშნული სახლის სხვენში გაჩნდა ხანძარი და შედეგად მოჰყვა მოსარჩელეთა საცხოვრებელი ბინების დაზიანება. პალატამ მიიჩნია, რომ სს „თელასი“ ვალდებულია, სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის მიხედვით, მოსარჩელეებს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

ც.ნ-ძემ და თ.კ-ავამ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე 2009 წლის 2 აპრილის განჩინება გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს მათი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლში მითითებულია იმ მონაცემების ამომწურავი ჩამონათვალი, რასაც უნდა შეიცავდეს სასამართლო უწყება. ამდენად, სასამართლო უწყებაში კანონით გაუთვალისწინებელი სხვა მონაცემის არარსებობა, როგორიცაა სასამართლო სხდომის სახე (მოსამზადებელი თუ მთავარი), არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ სს „თელასი“ მიჩნეულ იქნეს სადავო სასამართლო სხდომის შესახებ არასათანადოდ გაფრთხილებულად და საქმის განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობა ჩაითვალოს საპატიოდ. ამასთან, მოპასუხეს არ შეიძლება ჰქონოდა ვარაუდი, რომ იგი დაბარებული იყო მოსამზადებელ სხდომაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად და იმის გათვალისწინებით, რომ სს „თელასმა“ სააპელაციო საჩივარი ჩააბარა 2008 წლის 1 ოქტომბერს, გონივრული გაანგარიშებით აბსოლუტურად გამოირიცხება ვარაუდი, რომ 2008 წლის 18 დეკემბერს დანიშნული იყო მოსამზადებელი სხდომა. გაუგებარია, თუ რა გახდა სასამართლოს იმ მსჯელობის საფუძველი, რომ მხარეს სასამართლო უწყება საპროცესო ნორმებით დაწესებული ფორმით არ ჩაბარებია მაშინ, როდესაც სს „თელასს“ მტკიცებულების სახით მისთვის ჩაბარებული სასამართლო უწყება არ წარმოუდგენია. ის ფაქტი, რომ უწყების მეორე ნაწილზე, რომელიც უწყების ჩაბარების შემდეგ სასამართლოს უბრუნდება, არ არის მონიშნული სხდომის სამართლებრივი სტატუსი, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იგივე აღნიშვნა არ იყო სასამართლო უწყების იმ ნაწილზე,¸რომელიც სს „თელასს“ გადაეცა. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო, ზიანის ოდენობის დადგენისას, მთლიანად დაეყრდნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, ხოლო წარმოდგენილი შპს „პროექტის“ მიერ შესრულებული ხარჯთაღრიცხვა გაზიარებულ იქნა მხოლოდ იმ სამუშაოების ღირებულების დადგენის ნაწილში, რომელთა აუცილებლობა გამომდინარეობს ექსპერტის დასკვნის საინჟინრო-ტექნიკური ნაწილიდან, მაგრამ არ იყო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში გათვალისწინებული აღდგენითი სამუშაოების ჩამონათვალში. დასკვნის აღწერილობით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს დაზიანებებზე, რომელთა შეკეთების და აღდგენის ხარჯი არ არის მითითებული ზიანის ოდენობის გაანგარიშებისას. ექსპერტი აღნიშნავს, რომ კედლები და ჭერი არსებული დაზიანებების გამო საჭიროებს დემონტაჟს და არ მიუთითებს ელექტროგაყვანილობის ხარჯებზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 15 სახანძრო მანქანა, ანუ გამოყენებულ იქნა დაახლოებით 75 ტონა წყალი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული რაოდენობის წყლის ზემოქმედებით დაზიანდა პირველ სართულზე არსებული საცხოვრებელი ბინის ჭერი, ვიზუალური დათვალიერების გარეშეც ნათელია, რომ ამ რაოდენობის წყლის ზემოქმედება აუცილებლად გამოიწვევდა იატაკის დაზიანებას, რაც არ არის მითითებული ექსპერტის დასკვნაში. ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ კვლევა ჩატარებულია არასრულყოფილად და დასკვნა დაუსაბუთებელია, რაც გარკვეულწილად სასამართლომაც გაიზიარა, რადგან კონკრეტული სამუშაოების ღირებულების დასადგენად ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „პროექტის“ მიერ შესრულებული ხარჯთაღრიცხვის მონაცემებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნის ნაწილობრივი კორექტირება სასამართლოს მხრიდან არასწორია, ვინაიდან მას არ გააჩნია სპეციალური ცოდნა ზიანის ოდენობის დასადგენად. კასატორმა ვერ ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 162-ე მუხლით მინიჭებული უფლებებით, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთადერთ ოფიციალურ ალტერნატივას წარმოადგენს, ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ სასამართლოს განჩინებით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: 2002 წლის 30 იანვარს ქ.თბილისში, ... ქ¹1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა ც.ნ-ძისა და თ.კ-ავას საცხოვრებელი სახლები. სახლს ამ დროისათვის ელექტროენერგია მიეწოდებოდა სს “თელასის” კუთვნილი ელექტროჯიხურიდან. ხანძრის გაჩენის მიზეზი არის სახლის სხვენში შემავალი ე.წ. “მარცხენა” სადენების პირველადი მოკლე ჩართვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 18 ივნისის სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით აღურიცხავ ელექტროსადენზე მომხდარი მოკლე ჩართვა გამოიწვია ელექტროენერგიის მიწოდების წესების დაუცველობამ, კერძოდ, ელექტროგამანაწილებელი კარადის სალტებზე კუსტარულად იყო მიერთებული აღურიცხავი ელექტროსადენი, რომელიც გაყვანილი იყო სხვენის გადახურვის ხისა და თუნუქის კონსტრუქციაზე, ხოლო თავად ელექტროგამანაწილებელი ჯიხური ეკუთვნოდა სს “თელასს”.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ თ. კ-ავასა და ც. ნ-ძის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, რომელთა არსებობისას საკასაციო სასამართლო მხარეთა მიერ გასაჩივრებულ სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გააუქმებს და საქმეს დაუბრუნებს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმის ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა გამოკვლევა. კანონის დასახელებული დანაწესი მოიაზრებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საქმეზე დადგენილი გარემოებები არასრულად ან არასწორად შეფასებულ მტკიცებულებებს ეყრდნობა და აღნიშნულმა ასახვა ჰპოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე. დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საკასაციო სასამართლოს ბუნებიდან, რადგანაც ამ ინსტანციის სასამართლოსათვის დამახასიათებელია მხოლოდ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება და კასაცია მოკლებულია შესაძლებლობას თვითონ დაადგინოს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმის გარემოებები არასწორად ან არასრულადაა დადგენილი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას და საქმის განმხილველი სასამართლოსათვის დაბრუნებას სადავო გარემოების სწორად შეფასება-გაანალიზებისათვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე დადგენილად მიიჩნია ც.ნ-ძისა და თ.კ-ავასათვის ხანძრისა და მის ჩასაქრობად გამოყენებული წყლის ჭავლის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო შპს “პროექტის” ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე აღნიშნული ზიანის გამო აღდგენითი სამუშაოებისა და მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებას ექსპერტის დასკვნისა და შპს “პროექტის” ხარჯთაღრიცხვის, როგორც მტკიცებულებების, არასრულად გამოკვლევასთან დაკვშირებით, რადგანაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 16 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, კასატორთა საცხოვრებელი სახლების დაზიანების ფაქტის დადგენისას ექსპერტი უთითებს მხოლოდ ჭერისა და კედლების დაზიანებაზე, ხოლო 2008 წლის 16 მაისის სხდომაზე ამავე ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ გამოკვლევისას ექსპერტს იატაკის დაზიანება არ შეუფასებია, მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგანაც იატაკს ზემოდან დაზიანება არ ეტყობოდა, ასევე არ გამოუკვლევია ელექტროსადენების დაზიანების ფაქტი, თუმცა დაადასტურა, რომ დათვალიერებისას ელეტროსადენები გადამწვარი იყო და არ მუშაობდა. ექსპერტის განმარტებით, ასევე გამოსაკვლევია საცხოვრებელ ბინაში არსებული ბუხრის დაზიანების ფაქტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს ინიციატივით დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესაძლებლობას, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დანიშნავს დამატებით ექსპერტიზას იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული, მასში ამომწურავად არ არის განმარტებული ან სათანადოდ არაა გამოკვლეული ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები, ამასთან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

განსახილველ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა სადავოდ გახადეს სასამართლოს მიერ ხანძრისა და მისი ჩაქრობის შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრის სისწორე იმ საფუძვლით, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას დაირღვა კანონის მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებისას გამოტანისას მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევითა და შეფასებით კონკრეტულად დაესაბუთებინა, თუ რატომ არ გაიზიარა აპელანტთა მითითება თითოეული ნივთის და მისი ნაწილების(იატაკის, ელექტროგაყვანილობის და ა.შ) დაზიანების ფაქტზე. ამ მიმართებით სასამართლოს სხვა მტკიცებულებებთან ერთად ობიექტური შეფასება უნდა მიეცა ექსპერტის განმარტებისთვის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე ხანძრითა და მისი ჩაქრობის შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს დასკვნებზე, კერძოდ პირველი ინსტანციის სასამართლო უთითებს, რომ იზიარებს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის საინჟინრო-ტექნიკურ და სასაქონლო დასკვნებს და ნაწილობრივ, კონკრეტული სამუშაოების ღირებულების დასადგენად, ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს “პროექტის” შედგენილ ხარჯთაღრიცხვის მონაცემებს, ხოლო თავად ამ ხარჯთაღრიცხვის მონაცემებს, როგორც მტკიცებულებას, არ იზიარებს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოსათვის უცნობია მისი შემდგენის კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, საქმიანობის სტაჟი. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გაზიარებულ იქნა სააპელაციო პალატის მიერ. ამდენად, საქმის განმხილველი სასამართლო ეყრდნობა მის მიერვე არადამაჯერებლობის გამო უარყოფილ მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება საქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების წესში მოიაზრება, რომ მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის _ გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობა-არასებობის თაობაზე.

ამდენად, სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ესა თუ ის გარემოება უნდა დაადგინოს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელთაც შესწავლისა და შეფასების შედეგად დამაჯერებლად და უტყუარად მიიჩნევს. სასამართლოს შეფასება გამოკვლეული მტკიცებულების არადამაჯერებლობაზე საეჭვოდ წარმოაჩენს ამ მტკიცებულებით დადგენილ გარემოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. ნ-ძისა და თ. კ-ავას საკასაციო საჩივარი მტკიცებულებათა არასათანადოდ გამოკვლევის თაობაზე საფუძვლიანია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების არასწორად გაუქმების შესახებ, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილში იმპერატიულადაა მითითებული იმ პირობათა ჩამონათვალი, რომელთაც უნდა შეიცავდეს სასამართლო უწყება, დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის დანაწესი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ მითითების არსებობის სავალდებულობა, გულისხმობს დასაბარებელი პირის სათანადოდ ინფორმირებას იმის თაობაზე, რა სახის სხდომაზეა იგი გამოძახებული, რადგანაც სწორედ მთავარ და არა მოსამზადებელ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობაა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში, თუ მხარეს არ ეცნობება რა სახის სხდომაზეა იგი დაბარებული, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ რაიმე საპროცესო სანქციის გამოყენების თაობაზე მითითება სამართლებრივად გაუმართლებელი იქნება და ყოველგვარ აზრს დაკარგავს. მითითებულ მსჯელობაზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს არ ეცნობა, რომ იგი დაბარებულია სასამართლოს მთავარ სხდომაზე, უწყების ჩაბარება ვერ იქნება განხილული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მხარისათვის ჩაბარებულად და ასეთ პირობებში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმებას ექვემდებარება.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მტკიცებულებათა სრული და ყოველმხრივი გამოკვლევითა და ურთიერთშეჯერებით უნდა გამოარკვიოს:

არსებობდა თუ არა მხარეთა მიერ მითითებული თითოეული დაზიანების ფაქტი;

დადებით შემთხვევაში, სასამართლომ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, უტყუარად უნდა განსაზღვროს რა ღირებულებისაა მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. კ-ავასა და ც. ნ-ძის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.