Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-678-1008-07 22 აპრილი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

სხდომის მდივანი _ ეკა ხაჩიძე

კასატორი _ შპს “საქართველოს რკინიგზა”, წარმომადგენელი თ. ა-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ თ. ს-აძე, წარმომადგენელი თ. გ-შვილი, ა. მ-შვილი, ა. მ-შვილი, გ., ნ., ვ. და ნ. მ-შვილები (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 19 ნოემბერს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ვახტანგ, ალექსანდრა, გ., ნ., ვ. და ნ. მ-შვილებმა მოპასუხე შპს “საქართველოს რკინიგზის” მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის საგარანტიო წერილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დაკისრება, მოსარჩელეებისათვის იმავე დასახლებულ ტერიტორიაზე საგარანტიო წერილით გათვალისწინებული ბინების ყიდვა ან მათთვის ბინების შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება.

მოსარჩელეებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ არიან ერთი ოჯახის წევრები. მთელი ოჯახი ცხოვრობდა ქ. თბილისში, სამხრეთ ფარეხის ქ. ¹84-ში მდებარე სახლში. 1991-1994 წლებში საქართველოს რკინიგზის საუწყებო სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ იქნა მათი საცხოვრებელი სახლი. 1993 წელს მოპასუხე ორგანიზაციის რკინიგზის თბილისის ტერიტორიულმა სამმართველომ და აღნიშნული საწარმოს რაიპროფკომიტეტმა გასცეს ¹57 და ¹58 საგარანტიო წერილები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეებს _ ვახტანგ და ა. მ-შვილებს უნდა მისცემოდათ იმავე ადგილზე აშენებულ სახლში ¹4 ოთახნახევრიანი ბინა ფართით 29.1 კვ.მ ¹1 ბლოკში პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე, ხოლო გიორგი მურდალაშვილს, ნანა მურდალაშვილს, ვახტანგ და ნინო მურდალაშვილებს უნდა მისცემოდა იმავე სახლში ¹3 სამოთახიანი ბინა ფართით 42.75 კვ.მ ¹1 ბლოკში პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე. მოპასუხე ორგანიზაციამ 1994 წელს ააშენა მხოლოდ ორი სართული, რაც ამ დრომდე დაკონსერვებულია. მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს მოპასუხე ორგანიზაციას და მოითხოვეს საგარანტიო წერილის შესაბამისად ბინების გაცემა ან კომპენსაციის ანაზღაურება, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ მათი მოთხოვნა მშენებლობის დამთავრებამდე ვერ დაკმაყოფილდებოდა. პასუხში არ მიუთითებიათ, თუ როდის განახლდებოდა ან როდის დამთავრდებოდა მშენებლობა. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითეს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 328-ე და 361-ე მუხლებზე (ს.ფ. 4-5).

2004 წლის 27 ოქტომბერს იმავე სასამართლოში სარჩელი აღძრა თ. ს-აძემ მოპასუხე შპს “საქართველოს რკინიგზის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ოთხოთახიანი ბინის საფასურის _ 34 428 აშშ დოლარის, ასევე 1993 წლიდან 2004 ოქტომბრამდე გადახდილი ბინის ქირის _ 5 000 აშშ დოლარის დაკისრება.

სარჩელში აღნიშნულია, რომ თ. სირაძე 1993 წლამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში, სამხრეთ ფარეხის ქ. ¹84-ში მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად. 1993 წელს რკინიგზის დეპარტამენტმა, რომლის უფლებამონაცვლეა შპს “საქართველოს რკინიგზა”, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გასცა საგარანტიო წერილი, რომლითაც იკისრა მისი ბინის სანაცვლოდ იმავე ტერიტორიაზე დეპარტამენტის მიერ აშენებულ სახლში ოთხოთახიანი ბინის გამოყოფის ვალდებულება. საგარანტიო წერილის გაცემიდან გასულია 11 წელი, მაგრამ საცხოვრებელი სახლი არ აშენებულა და მოპასუხისადმი გაგზავნილ წერილებს დაპირების გარდა სხვა შედეგი არ მოჰყოლია. მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლზე (ს.ფ. 28-29).

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებით ვახტანგ, ალექსანდრა, გიორგი, ნანა, ნინო და ვახტანგ მურდალაშვილებისა და თ. სირაძის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ს.ფ. 21-23).

მოპასუხე შპს “საქართველოს რკინიგზამ” სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 1993 წელს მოსარჩელეების სახელზე გაიცა საგარანტიო წერილები, რომლითაც მათ მიეცათ ქ. თბილისში, სამხრეთ ფარეხის ქ. ¹84-ში აშენებულ რკინიგზის საუწყებო სახლში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის გარანტია. საგარანტიო წერილებში არ არის მითითებული, თუ როდის დასრულდებოდა სახლის მშენებლობა, ანუ არ განსაზღვრულა ვალდებულების შესრულების დრო, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, დადებულია პირობითი გარიგება, რომლის შესრულების პირობა ჯერ არ დამდგარა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება საცხოვრებელ სახლებზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც საგარანტიო წერილიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებს საცხოვრებელი ფართი უნდა გამოეყოთ საკუთრების უფლებით (ს.ფ. 47-48).

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხისათვის თ. სირაძის სასარგებლოდ 71372 ლარის დაკისრება. მურდალაშვილების მოთხოვნა სამ ოთახიან ბინაზე განისაზღვრა 53529 ლარის ოდენობით, ხოლო ოთახნახევრიან ბინაზე 26764 ლარით (ს.ფ. 68).

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ს-აძის, ვახტანგ, ალექსანდრა, გ., ნ., ვ. და ნ. მ-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “საქართველოს რკინიგზას” თ. ს-აძის სასარგებლოდ დაეკისრა 63 004 ლარის, ხოლო ვახტანგ, ალექსანდრა, გ., ნ., ვ. და ნ. მ-შვილების სასარგებლოდ _ 23626 ლარისა და 47253 ლარის (სულ 70879) გადახდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტმა, რომლის უფლებამონაცვლესაც შპს “საქართველოს რკინიგზა” წარმოადგენდა, 1993 წლის 3 ნოემბერს ქ. თბილისში, სამხრეთ ფარეხის ქ. ¹84-ში მრავალბინიანი რკინიგზის საუწყებო სახლის ასაშენებლად აღებული საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ოთხოთახიანი ბინის მიღების თაობაზე თ. სირაძეს (ხუთსულიანი ოჯახზე) მისცა საგარანტიო წერილი. 1993 წლის 3 ნოემბერს მოპასუხე ორგანიზაციის მიერ ასევე გაიცა საგარანტიო წერილი თბილისში, სამხრეთ ფარეხის ¹84-ში გ. მურდალაშვილის ოთხსულიან ოჯახზე სამოთახიანი ბინის, ხოლო ვ. მურდალაშვილისათვის (ორსულიან ოჯახზე), იმავე სახლში ოთახნახევრიანი ბინის მიღებაზე. მითითებული საგარანტიო წერილებით მოსარჩელეები ვალდებულებას იღებდნენ, სასწრაფოდ გაეთავისუფლებინათ მათ მიერ დაკავებული ბინები.

მოსარჩელეებმა შეასრულეს საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულება და გაათავისუფლეს ნგრევაში მოყოლილი მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართი.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საგარანტიო წერილში მითითებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ დასრულებულა. მართალია, დაწყებითი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა, თუმცა მრავალი წელია, რაც მშენებლობა შეჩერებულია. შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილნი არიან, მოსთხოვონ მოპასუხეს საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობით გარიგებას და რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რკინიგზის საუწყებო სახლის აშენებაზე.

სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ თავის წერილობით პასუხებში არაერთხელ დაადასტურა მის მიერ მოსარჩელეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა 1993 წლიდან დღემდე მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, მოსარჩელეები არც საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდნენ და არც საკომპენსაციო თანხები მიუღიათ. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეებს საკუთარი სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები უფლებამოსილნი იყვნენ, უარი განეცხადებინათ მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე, რასაც უკავშირდებოდა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები. ვინაიდან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მიღებული შესრულებისა და სარგებლის მხარეებისათვის დაბრუნება შეუძლებელი იყო, მოსარჩელეებს უნდა მისცემოდათ ფულადი ანაზღაურება.

საქმეში არსებული სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილის მიხედვით, ქ. თბილისში 2004 წლის სექტემბერს ერთოთახიანი ბინის საშუალო საცალო საბაზრო ფასი შეადგენდა 15751 ლარს. აქედან გამომდინარე, შპს “საქართველოს რკინიგზას” უნდა დაკისრებოდა თ. სირაძის სასარგებლოდ საგარანტიო წერილში მითითებული ოთხოთახიანი ბინის ღირებულების ფულადი კომპენსაცია (4X15751) 63 004 ლარი, ხოლო მურდალაშვილების სასარგებლოდ კი საგარანტიო წერილით განსაზღვრული ოთახნახევრიანი და ერთოთახიანი ბინების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის 70 879 ლარის (23626 + 47 253) გადახდა (ს.ფ. 82-86).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “საქართველოს რკინიგზამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 90-92).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “საქართველოს რკინიგზის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ს-აძის, ვახტანგ და ა. მ-შვილების, გ., ნ., ვ. და ნ. მ-შვილების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “საქართველოს რკინიგზას” თ. სირაძის სასარგებლოდ დაეკისრა 63004 ლარის, ვახტანგ და ა. მ-შვილების სასარგებლოდ _ 23 626 ლარის, ხოლო გ., ნ., ვ. და ნ. მ-შვილების სასარგებლოდ 47253 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 178-184).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “საქართველოს რკინიგზამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ს.ფ. 191-194).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შპს “საქართველოს რკინიგზის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 238-246).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა სასამართლო საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (ს.ფ. 292-294).

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 25 მაისის დასკვნის მიხედვით, თბილისში, წერეთლის გამზირზე, გამოფენამდე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მრავალსართულიან კორპუსებში მე-2 სართულზე მდებარე ოთახნახევრიანი ბინის ღირებულება შეადგენს 35000 აშშ დოლარს, ეროვნულ ვალუტაში 59000 ლარს; მე-2 სართულზე მდებარე სამოთახიანი ბინის ღირებულება შეადგენს _ 55000 აშშ დოლარს, ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 92700 ლარს; მე-3 სართულზე მდებარე ოთხოთახიანი ბინის ღირებულება შეადგენს _ 75000 აშშ დოლარს, ეროვნულ ვალუტაში _ 126 500 ლარს (ს.ფ. 199-202).

სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში გარდაიცვალა ვახტანგ მურდალაშვილი და 2007 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინებით მის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა მეუღლე _ ა. მ-შვილი (ს.ფ. 224-227).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ს-აძის, ვახტანგ მურდალაშვილის უფლებამონაცვლე ა. მ-შვილის, ა. მ-შვილის, გ., ნ., ვ. და ნ. მ-შვილების გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; შპს “საქართველოს რკინიგზას” თ. სირაძის სასარგებლოდ დაეკისრა 75000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა; შპს “საქართველოს რკინიგზას” ა. მ-შვილისა და ვახტანგ მურდალაშვილის უფლებამონაცვლე ა. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა; შპს “საქართველოს რკინიგზას” გ., ნ., ვ. და ნ. მ-შვილების სასარგებლოდ დაეკისრა 55000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწინააღმდეგე მხარის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ წლების განმავლობაში არ სრულდება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ნაკისრი ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად დამატებითი ვადის დაწესების გარეშე შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე და სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად მოითხოვოს ფულადი ანაზღაურება, რადგან გამორიცხულია მოსარჩელეების კუთვნილი დანგრეული ბინების დაბრუნება. იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს საგარანტიო წერილში მითითებული გარკვეული ფართის ბინების საფასურის აპელანტისათვის დაკისრება, სააპელაციო სასასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბინების გარკვეული საფასური განსაზღვრულ უნდა იქნეს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 25 მაისის დასკვნის მიხედვით და შპს “საქართველოს რკინიგზას” თ. სირაძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ოთხოთახიანი ბინის საფასური 75000 აშშ დოლარის ოდენობით, ა. მ-შვილისა და ვახტანგ მურდალაშვილის უფლებამონაცვლის ა. მ-შვილის სასარგებლოდ ოთახნახევრიანი ბინის ღირებულების 35000 აშშ დოლარის ოდენობით და გ., ნ., ვ. და ნ. მ-შვილების სასარგებლოდ სამოთახიანი ბინის საფასურის 55000 აშშ დოლარის გადახდა (ს.ფ. 240-243).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “საქართველოს რკინიგზამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო საგარანტიო წერილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა. კერძოდ, 1993 წლის 3 ნოემბერს საქართველოს რკინიგზის ტერიტორიული სამმართველოს უფროსისა და რაიპროფკავშირების თავმჯდომარის თანხმობით გაიცა საგარანტიო წერილები, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს მიეცა გარანტია იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისში, სამხრეთ ფარეხის ¹84-ში მშენებარე 97 ბინიან რკინიგზის საუწყებო სახლში გამოეყოფოდათ საცხოვრებელი ფართი. შპს “საქართველოს რკინიგზის” მიერ გაცემული საგარანტიო წერილები თავისი ბუნებით წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობით გარიგებას, როდესაც გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე სამომავლო პირობის დადგომაზე. კონკრეტულ შემთხვევაში სამომავლო პირობაა რკინიგზის საუწყებო სახლის აშენება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამთავრდება საუწყებო სახლის მშენებლობა, მოსარჩელეებს წარმოეშობათ მოთხოვნის უფლება შპს “საქართველოს რკინიგზის” მიმართ საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. საგარანტიო წერილში არ არის მითითებული ვალდებულების შესრულების დრო, თუ როდის დასრულდება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადა. მითითებულ წერილში ნათლადაა აღნიშნული, რომ საცხოვრებელი ფართი მოქალაქეებს გამოეყოფოდათ საკუთრების უფლებით. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რკინიგზის საუწყებო სახლის მშენებლობის დაწყებამდე არსებულ სახლზე მოსარჩელეთა საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება.

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო ბრუნვაში არსებული საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომ კრედიტორის უფლება შეზღუდულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებებით, მიაკუთვნა რა მოწინააღმდეგე მხარეს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე გათვალისწინებული იყო საგარანტიო წერილში. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობები გამომდინარეობს საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებებისაგან და არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან, შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლები, რომლებიც მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა კანონის ნორმები, რომლებიც გამოიყენა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

უკანონოა აგრეთვე ის, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეების გაზრდილი მოთხოვნა და შპს “საქართველოს რკინიგზას” თ. სირაძის სასარგებლოდ დააკისრა 75000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა, რაც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხებზე გაცილებით მეტია. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი, რითაც არ დაკმაყოფილდებოდა მოსარჩელეთა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა. გაურკვეველია ასევე, სამოქალაქო საპროცესო კანონის რომელი ნორმის თანახმად დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა გაზრდილი მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტს წარმოადგენდა შპს “საქართველოს რკინიგზა”, ხოლო თ. ს-აძე, ალექსანდრა, ნანა, გიორგი მურდალაშვილები წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგე მხარეს, სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის საფუძველზე თ. ს-აძის, გიორგი მურდალაშვილის შეგებებული სარჩელი გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე დატოვა განუხილველი. ეს განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს უარი ეთქვა გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებული არ ყოფილა (ს.ფ. 254-256).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,საქართველოს რკინიგზის’’ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წლის 24 ოქტომბერს მოცემულ საქმეზე მიღებულ განჩინებაში მითითებულია:

“საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მოდავე მხარეთა ურთიერთობა უნდა შეეფასებინა სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობით გარიგებად. აღნიშნული ნორმით, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობაზე. სამოქალაქო კოდექსი, აწესრიგებს რა პირობითი გარიგების საკითხს, მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პირობითი გარიგება დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ე.ი პირობითი გარიგების შესრულების გადავადება ხდება მხარეთა შორის შეთანხმებული ამ პირობის დადგომამდე ან ამ პირობის დადგომით გარიგება წყდება. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგება რაიმე პირობის დადგომას არ უკავშირდება და კასატორის ვალდებულება _ საცხოვრებელი სახლის აშენება სამომავლო და უცნობ პირობად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით არ უნდა იქნეს გამოყენებული. ასევე ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან საგარანტიო წერილში არ არის მითითებული ვალდებულების შესრულების დრო და საცხოვრებელი ფართის მოწინააღმდეგე მხარისათვის საკუთრების უფლებით გადაცემა. სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა კანონიერია.

მიზანშეუწონელია კასატორის იმ მოსაზრების გაზიარება, რომ ვინაიდან სადავო სახლის მშენებლობის დაწყებამდე არსებულ სახლზე მოსარჩელეებს საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნიათ, სასამართლომ კანონდარღვევით მათ იმაზე მეტი უფლება მიანიჭა, ვიდრე გათვალისწინებული იყო საგარანტიო წერილით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგარანტიო წერილით კასატორმა ნამდვილი ნების გამოვლენით იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი ფართების გადაცემის თაობაზე და მის მიერ ზემოხსენებული სადავო მტკიცებულების წარმოდგენა გარიგების დადებისას აუცილებლად არ მიუჩნევია.

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის არგუმენტის საწინააღმდეგოდ თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის დავის გადასაწყვეტად მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებზე.”

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აღნიშნული სამართლებრივი მოსაზრებები და ამ თვალსაზრისით რაიმე დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლები, რომლებიც მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს წარმოადგენს, არ უნდა იქნეს გაზიარებული. ასევე ვერ იქნება გაზიარებული პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი, რითაც არ დაკმაყოფილდებოდა მოსარჩელეთა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა და გაურკვეველია სამოქალაქო საპროცესო კანონის რომელი ნორმის თანახმად დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა გაზრდილი მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წლის 24 ოქტომბერს მოცემულ საქმეზე მიღებულ განჩინებაში ასევე მითითებულია: საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სასამართლოს, ვინაიდან სადავო ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოსაკვლევია ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულება, რომლითაც განისაზღვრა მხარისთვის დასაკისრებელი თანხა. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს მტკიცებულებას, მან უნდა იმსჯელოს ამ მტკიცებულების უტყუარობაზე. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს გარკვეული ფართის ბინების საფასურის მხარისთვის გადახდის დაკისრება და არა რაიმე კონკრეტული თანხა, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც იმსჯელოს მოცემულ საკითხთან მიმართებით საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური ცოდნის გამოყენების თაობაზე.

381-ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

სარჩელის საგანი არის მოსარჩელის კონკრეტული მოთხოვნა მოპასუხის მიმართ. სარჩელის საგანი იცვლება იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე თავდაპირველი მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის ნაცვლად მოპასუხის მიმართ წარადგენს სხვა მოთხოვნას. სარჩელის საგნის რაოდენობრივ შეცვლაში იგულისხმება მოთხოვნის რაოდენობრივი გაზრდა-შემცირება. დავის საგნის გადიდება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც თავდაპირველი მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას ემატება სხვა მოთხოვნა. რაც შეეხება სარჩელის საგნის დაზუსტებას, აღნიშნული შეიძლება მოხდეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სარჩელის საგანი იყო ბინების გადაცემა ან გადასაცემი ბინის საფასურის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი და მიუთითა, რომ ვინაიდან ამ მუხლით გათვალისწინებული შესრულების და სარგებლის მხარეებისათვის დაბრუნება შეუძლებელია, მოსარჩელეებს უნდა მიეცეთ ფულადი ანაზღაურება.

მოპასუხე მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარში უთითებდა, რომ ბინების საკომპენსაციო ანაზღაურება არასწორად იქნა დადგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. მოპასუხე სადავოდ ხდიდა მეთოდს, რომლითაც გამოანგარიშებული იქნა საკომპენსაციო თანხა.

შპს „საქართველოს რკინიგზა“ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარში მუითითებდა რომ სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემით, რომელიც საცხოვრებელი ფართის ღირებულების ოდენობას განსაზღვრავდა ოთახების ოდენობაზე დაყრდნობით და არა საცხოვრებელი ფართის ფართობზე მითითებით, რაც მითითებული გახლდათ საგარანტიო წერილში.

აღნიშნული გარემოებებიდან იკვეთება, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის საგანი იყო ბინების ღირებულების ანაზღაურება გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის.

პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მოპასუხემ გაასაჩივრა. მისი პრეტენზიები კომპენსაციის ოდენობის გამოთვლის მეთოდთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა, თუმცა ბაზარზე დავის ობიექტის ღირებულების გათვალისწინებით, სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნა მისი უფლების შესაბამისად ნივთის რეალური ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საამართლოში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება არ განხორციელებულა. დავის საგანი – ბინების ღირებულების ანაზაღაურება, უცვლელი დარჩა. აპელანტის მოთხოვნისა და საკასაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა დასაკისრებელი კომპენსაციის გამოთვლის მეთოდი. დავის გადაჭრის პრინციპის ან კონკრეტული ურთიერთობისადმი სასამართლოს მიდგომის შეცვლა დავის საგნის შეცვლად ვერ ჩაითვლება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად აპელანტი ამტკიცებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებული გამოთვლის მცდარობას. სააპელაციო სასამართლომ საკომპენსაციო თანხის გამოთვლის ის პრინციპი დაადგინა, რომელსაც მოპასუხე ითხოვდა, შესაბამისად, ვერ იქნება გათვალისწინებული მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მდგომარეობა გააუარესა. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოყენებული მეთოდით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, მოპასუხეს გაცილებით მეტი თანხის გადახდა დაეკისრებოდა, ვიდრე გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა გათვალისწინებული. საბაზრო ფასის გათვალისწინებით მოსარჩელის კანონიერი უფლების რეალიზაცია განხორციელდა, რაც კანონის დარღვევად ვერ ჩაითვლება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “საქართველოს რკინიგზის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება