საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
№ას-681-902-08 23 დეკემბერი, 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
სხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე
კასატორი – სს “ა. ბ-ი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ი-ო” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 18 მარტს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ი-ომ” მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია “ა-ის” მიმართ.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სს “ა-ი” დაზღვეულ იქნა ავტომანქანა “ტოიოტა-ლენდკრუიზერი” (სახელმწიფო ნომერი ...) სადაზღვევო თანხით 27 000 აშშ დოლარი. სადაზღვევო პოლისის შესაბამისად, ავტომობილი დაზღვეულ იქნა სრულად, კერძოდ, ქურდობის, ძარცვისა და სხვა რისკისგან. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2003 წლის 15 აპრილიდან 2004 წლის 15 აპრილამდე. 2004 წლის 14 აპრილს მითითებული ავტომანქანა მოპარულ იქნა თბილისში, გ-ის ქ. №2-ის მიმდებარე ტერიტორიიდან. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების მიუხედავად ავტომანქანის პოვნა ვერ მოხერხდა. შემთხვევის დღესვე მოსარჩელემ განაცხადით მიმართა სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.
სს სადაზღვევო კომპანია “ა-ს” ზემოაღნიშნულ უარს მოსარჩელე ამ უკანასკნელის მხრიდან სახელშეკრულებო პირობათა დარღვევად აფასებდა, რის გამოც ითხოვდა მოპასუხისათვის სადაზღვევო თანხის – 22 950 აშშ დოლარის, იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული თანხის – 2 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1197 ლარის ანაზღაურებას (ს.ფ. 3-4).
მოპასუხე სს “ა-მა” სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში განმარტა:
დამზღვევმა სადაზღვევო კომპანიაში წარადგინა არასწორი და ყალბი პრეტენზია №25241, სადაც აღნიშნა, რომ ავტომობილი მძღოლმა გააჩერა გ-ის მოედნის №27-ში, სახლის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამსახურის 2004 წლის 5 მაისის №3915-29 ცნობის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია შპს “ი-ოს” ავტომანქანის გატაცების ფაქტზე და დადასტურებულია, რომ ავტომანქანას გატაცებამდე ფლობდა არაუფლებამოსილი პირი (მრეცხავი), რომელმაც დილის 9 საათზე ავტომანქანა გააჩერა სამრეცხაოს წინ, ხოლო გასაღები ჩამოკიდა კედელზე. 11 საათისთვის მისულ მძღოლს ავტომანქანა და გასაღები ადგილზე აღარ დახვდა.
დაზღვევის პირობების თანახმად, დამზღვევი ვალდებული იყო მიეღო ყველა ზომა ზარალის თავიდან ასაცილებლად. მან უხეში გაუფრთხილებლობით ავტომობილი გადასცა არაუფლებამოსილ პირს, გასაღები აღმოჩნდა მესამე პირთათვის ხელმისაწვდომ ადგილას, რაც გახდა ქურდობის მიზეზი. ამავე პირობების 7.2.7 პუნქტის თანახმად, დამზღვევმა სადაზღვევო კომპანიას ვერ მიაწოდა ყველა გასაღები, რადგან ავტომანქანა გატაცებულია გასაღებთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომანქანას გატაცებამდე მართავდა არაუფლებამოსილი პირი (მრეცხავი) და გატაცება განხორციელდა დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით, სადაზღვევო პირობების 7.2.5, 7.2.7, 7.3.7 და 10.3 პუნქტებიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია თავისუფლდებოდა სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სს “ა-ის” მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს ის გარემოებაც წარმოადგენდა, რომ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავდა (სამოქალაქო კოდექსის 809-ე მუხლი). ამავე კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ასევე ათავისუფლებდა თავისი მოვალეობების შესრულებისგან, თუ დამზღვევი დაზღვევით გათვალისწინებულ შემთხვევას გამოიწვევდა უხეში გაუფრთხილებლობით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა (ს.ფ. 43-44).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ი-ოს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ი-სა” და სს სადაზღვევო კომპანია “ა-ს” შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა “ტოიოტა ლენდ კრუიზერი”, სადაზღვევო თანხა შეადგენდა 27000 აშშ დოლარს.
ასევე უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადაზღვევო პერიოდში, რომელიც მოიცავდა 2003 წლის 15 აპრილიდან 2004 წლის 15 აპრილამდე დროის მონაკვეთს, 2004 წლის 14 აპრილს მოხდა დაზღვეული ავტომანქანის ქურდობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის 2004 წლის 5 მაისის №39/5-29 ცნობის თანახმად, საქმეზე წარმოებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა შემდეგი: შპს “ი-ოს” კუთვნილ ავტომანქანას (“ტოიოტა ლენდ კრუიზერი-100”, შავი ფერის, 2001 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომრით ...) მართავდა აღნიშნული შპს-ის მძღოლი მ. ა-ი, რომელიც ღამით ავტომანქანას აყენებდა მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე მისი ძმის, ა. ა-ის ავტოფარეხში, რომელშიც პარალელურად გახსნილია ავტოსამრეცხაო. ავტომანქანა დილით ავტოფარეხიდან გამოჰყავდა მრეცხავ ი. გ-ს, რომელიც მას აჩერებდა ავტოსამრეცხაოსთან, ხოლო გასაღებს უბრუნებდა მ. ა-ს ან ტოვებდა ავტოსამრეცხაოში. 2004 წლის 14 აპრილს დილის 09 საათზე ი. გ-მა მ. ა-ს გამოართვა გასაღები, გამოიყვანა ავტომანქანა ქუჩაში, რომ შემდეგ გასაღები ჩამოეკიდა კედელზე. თვითონ დაიწყო სხვა მანქანის რეცხვა. ამ დროს მასთან მივიდა უცნობი პირი, რომელმაც სთხოვა, ეთხოვებინა მისთვის ნაჭერი. დაახლოებით 11 საათისთვის მ. ა-ის მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ გასაღები და ავტომანქანა ადგილზე აღარ იყო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, დამნაშავე პირები დადგენილი ვერ იქნა.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომას ხელი შეუწყო დამზღვევის გაუფრთხილებელმა მოქმედებამ.
მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების 7.2.8 და 7.3.7 პუნქტებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამზღვევი ვალდებული იყო, განცხადებულ პრეტენზიასთან ერთად ქურდობის შემთხვევაში მზღვეველისათვის მიეწოდებინა დაზღვეული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა და ყველა არსებული გასაღები.
დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სიის მიხედვით უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენდა მხოლოდ მ. ა-ი. ამასთან, უდავოდ დგინდებოდა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ავტომანქანის ფლობდა მესამე პირი – მრეცხავი, რომელსაც გასაღები გადასცა მ. ა-ა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება დამზღვევს აკისრებდა განსაკუთრებულ ვალდებულებას, რათა მიეღო ყველა ზომა დანაკარგის ან ზიანის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად. ამგვარ დებულებას შეიცავდა ხელშეკრულების 7.2.7 პუნქტი.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მ. ა-ა, რომელიც დაზღვეული ავტომანქანის უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენდა, დაარღვია სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები და გასაღების სხვა პირისათვის გადაცემით მნიშვნელოვნად გაზარდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის რისკი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის 2004 წლის 5 მაისის №39/5-29 ცნობის მიხედვით, როგორც წინასწარი გამოძიებით იქნა დადგენილი, ავტოსამრეცხაოს მრეცხავი გასაღებს ავტომანქანის გაყვანის შემდეგ ინახავდა ავტოსამრეცხაოში და სადაზღვევო შემთხვევის დღეს იგი ჩამოკიდა კედელზე სხვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, სადაზღვევო პოლისის მიხედვით ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა ნებისმიერი სახის ზარალი ან დაზიანება, რომელიც დადგა იმ დროს, როდესაც დაზღვეულ ავტომობილს მართავდა ნებისმიერი პიროვნება უფლებამოსილი პირის გარდა. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ავტომობილის მართვას ადგილი არ ჰქონია და მისი გადაცემა განხორციელდა კონკრეტული მიზნით, დასუფთავებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სადაზღვევო ურთიერთობებში მართვად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ავტომანქანის მოძრაობა მხოლოდ გზის ძირითად სავალ ნაწილზე და გარკვეულ მანძილზე, არამედ მართვად უნდა განხილულიყო ავტომანქანის ნებისმიერი გადაადგილება, რის დროსაც სადაზღვევო შემთხვევა შეიძლებოდა დამდგარიყო.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შპს “ი-ოს” მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დაზღვევის პირობები დამზღვევის მიერ ხელმოწერილ პირობებს არ წარმოადგენდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ავტომობილის დაზღვევის განსხვავებული პირობები კი, რომლებზეც შეთანხმდნენ მხარეები, მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობების შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით (ს.ფ. 79-83).
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ი-ომ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომას ხელი შეუწყო დამზღვევის გაუფრთხილებელმა მოქმედებამ, ვინაიდან სინამდვილეში ასეთს ადგილი არ ჰქონია. მესამე პირისთვის ავტომანქანის გასაღების გადაცემა არ უნდა შეფასდეს ავტომანქანის სამართავად გადაცემად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების სწორად გამორკვევას საქმის შედეგთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია (ს.ფ. 88-89).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ი-ოს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ი-ოს” სარჩელი დაკმაყოფილდა, სს “ა-ს” შპს “ი-ოს” სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო თანხის გადახდა 22 950 აშშ დოლარის ოდენობით; სს “ა-ს” შპს “ი-ოს” სასარგებლოდ ასევე დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1197 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებას და მათ კვალიფიკაციას. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ თავისი გაუფრთხილებელი მოქმედებით სადაზღვევო შემთხვევის დადგომას შეუწყო ხელი.
მხარეთა შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების 10.3 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პოლისის მიხედვით არ ანაზღაურდება ნებისმიერი სახის ზარალი ან დაზიანება, რომელიც დადგა უფლებამოსილი პირის გარდა ნებისმიერი პირის მიერ დაზღვეული ავტომობილის მართვის დროს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ავტომანქანას მართავდა არაუფლებამოსილი პირი, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ უფლებამოსილი მძღოლის – მ. ა-ის მიერ ავტომანქანის გასაღები მესამე პირს – ი. გ-ს გადაეცა კონკრეტული მიზნით – ავტომანქანის გასარეცხად და არა სამართავად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და რომ დაუსაბუთებელია მოპასუხის მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელის გაუფრთხილებელმა მოქმედებამ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების 7.2.8 და 7.3.7 პუნქტების საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ არ მიაწოდა მზღვეველს დაზღვეული ავტომანქანის ყველა არსებული გასაღები, ვინაიდან აღნიშნული გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით – ავტომანქანის ქურდობით. ამასთან, დადგენილი არ იყო სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება (სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევა დამზღვევის ბრალით), რაც მზღვეველს უფლებამოსილს გახდიდა უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიას გააჩნდა მოსარჩელისათვის სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სადაზღვევო კომპანიას უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე (ს.ფ. 177-182).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ა.-ბ-იმ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ შპს “ი-სა” და სადაზღვევო კომპანია “ა-ს” შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა როგორც მხარეთა უფლება-მოვალეობები, ისე სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. ხელშეკრულების 7.2.8 და 7.3.7 პუნქტები ცალსახად ადგენს ქურდობის შემთხვევაში დამზღვევის მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობისა და ყველა არსებული გასაღების წარდგენის ვალდებულებას. ამავე ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, არ ანაზღაურდება ნებისმიერი სახის ზარალი ან დაზიანება, რომელიც დადგა უფლებამოსილი მძღოლის გარდა დაზღვეული ავტომობილის ნებისმიერი პიროვნების მიერ მართვის დროს. დაზღვევის ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმის არსებობა სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული. ერთი მხრივ, აღნიშნული წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას და უკავშირდება სადაზღვევო ბიზნეს-რისკის შემცირებას. მხოლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდა რომ წარმოშობდეს ანაზღაურების ვალდებულებას, ბუნებრივია, სადაზღვევო საქმიანობას, როგორც სამეწარმეო, მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობის არსებობას აზრი დაეკარგებოდა. მეორე მხრივ, ასეთი ვალდებულების არსებობა ზრდის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპარული ავტომობილის აღმოჩენის ალბათობას, რამდენადაც ზემოთ დასახელებული პირობების დაცვის შემთხვევაში საკმაოდ რთულია მოპარული ავტომობილით გადაადგილება, მით უფრო, მისი რეალიზაცია. გარდა ამისა, ამგვარი ვალდებულების არსებობა მიმართულია თავად დამზღვევის მიერ უშუალოდ ან სხვასთან ფარული შეთანხმებით ავტომობილზე მფლობელობის ცრუ დაკარგვის გამორიცხვისკენ, ვინაიდან გასაღების და სარეგისტრაციო მოწმობის წარდგენის ვალდებულების არსებობისას ასეთი განზრახვის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება.
რამდენადაც ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელისათვის ზემოაღნიშნული პირობები ცნობილი იყო, კასატორის აზრით, იგი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა. შპს “ი-ოს” მიერ წარდგენილ პრეტენზიაში განზრახ შეტანილ იქნა არასწორი ინფორმაცია, კერძოდ, მიეთითა, რომ ავტომობილის მძღოლმა (უფლებამოსილმა პირმა მ. ა-მა) ავტომობილი დააყენა გ-ის ქ. 27-ში, სახლის წინ და შემდგომ აღმოაჩინა იგი მოპარული, მაშინ როდესაც საგამოძიებო ორგანოების მიერ დადგენილია და აღნიშნულს არც სააპელაციო სასამართლო უარყოფს, რომ ქურდობის დღეს მ. ა-მა ავტომობილის გასაღები გადასცა მრეცხავ ი. გ-ს (არაუფლებამოსილი მძღოლი), რომელმაც ავტომობილი გამოიყვანა და დააყენა ქუჩაში, შემდეგ გასაღები ჩამოკიდა კედელზე.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება მზღვეველისათვის სწორედ იმ გარემოებით იყო განპირობებული, რომ დამზღვევს მოტყუებით მიეღო ანაზღაურება, რაც სინამდვილეში არ ეკუთვნოდა.
კასატორი მცდარად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ უფლებამოსილი მძღოლის მ. ა-ის მიერ ავტომანქანის გასაღები მესამე პირს (ი. გ-ი) გადაეცა კონკრეტული მიზნით – ავტომანქანის გასარეცხად და არა სამართავად. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ ავტომანქანის სამართავად გადაცემა გულისხმობს გასაღების გადაცემას მესამე პირისათვის ნებისმიერი, კონკრეტული თუ ზოგადი მიზნით, მაგალითად: გასარეცხად, საბურავის გამოსაცვლელად, შესაკეთებლად, აუდიო სისტემის მონტაჟისათვის და არავითარი მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონდეს ავტომობილის მიმღები პირის შემდგომ მოქმედებას, კერძოდ, გაივლის იგი ავტომანქანით 10 კილომეტრს თუ 10 მეტრს, გარეცხავს მას თუ გამოუცვლის საბურავს და ა.შ. შესაბამისად, მართვაში გადაცემა არ გულისხმობს მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით სამართავად (სატარებლად) გადაცემას.
კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მსჯელობა ადასტურებდა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეული იყო თავად დამზღვევის ბრალით, რაც სადაზღვევო ხელშეკრულებისა და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის საფუძველზე მზღვეველს სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებდა (ს.ფ. 187-195).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ა. ბ-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს “ი-სა” და სს სადაზღვევო კომპანია “ა-ს” შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა “ტოიოტა ლენდ კრუიზერი”, სადაზღვევო თანხა შეადგენდა 27000 აშშ დოლარს;
სადაზღვევო პერიოდი მოიცავდა დროის მონაკვეთს 2003 წლის 15 აპრილიდან 2004 წლის 15 აპრილამდე. ამ პერიოდში – 2004 წლის 14 აპრილს მოხდა დაზღვეული ავტომანქანის ქურდობა;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის 2004 წლის 5 მაისის №39/5-29 ცნობის თანახმად, საქმეზე წარმოებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა შემდეგი: შპს “ი-ოს” კუთვნილ ავტომანქანას (“ტოიოტა ლენდ კრუიზერი-100”, შავი ფერის, 2001 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომრით ...) მართავდა აღნიშნული შპს-ის მძღოლი მ. ა-ი, რომელიც ღამით ავტომანქანას აყენებდა მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე მისი ძმის, ა. ა-ის ავტოფარეხში, რომელშიც პარალელურად გახსნილია ავტოსამრეცხაო. ავტომანქანა დილით ავტოფარეხიდან გამოჰყავდა მრეცხავ ი. გ-ს, რომელიც მას აჩერებდა ავტოსამრეცხაოსთან, ხოლო გასაღებს უბრუნებდა მ. ა-ს ან ტოვებდა ავტოსამრეცხაოში. 2004 წლის 14 აპრილს დილის 09 საათზე ი. გ-მა მ. ა-ს გამოართვა გასაღები, გამოიყვანა ავტომანქანა ქუჩაში, რომ შემდეგ გასაღები ჩამოეკიდა კედელზე. თვითონ დაიწყო სხვა მანქანის რეცხვა. ამ დროს მასთან მივიდა უცნობი პირი, რომელმაც სთხოვა, ეთხოვებინა მისთვის ნაჭერი. დაახლოებით 11 საათისთვის მ. ა-ის მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ გასაღები და ავტომანქანა ადგილზე აღარ იყო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, დამნაშავე პირები დადგენილი ვერ იქნა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე სადავო არ არის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მათ დამტკიცებულად მიიჩნევს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას იმგვარად, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მრეცხავი ი. გ-ი ჩაითვლება სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ავტომანქანის მართვაზე უფლებამოსილ პირად და რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში დამზღვევის გაუფრთხილებელი მოქმედება გამოირიცხება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ უფლებამოსილი მძღოლის – მ. ა-ის მიერ ავტომანქანის გასაღები მესამე პირს – ი. გ-ს გადაეცა კონკრეტული მიზნით – ავტომანქანის გასარეცხად და არა სამართავად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მრეცხავი ი. გ-ი იყო ის პირი, რომელსაც შპს “ი-ოს” კუთვნილი დაზღვეული ავტომანქანა ყოველ დილით გამოჰყავდა ავტოფარეხიდან და მიჰყავდა ავტოსამრეცხაოში, რაც სცილდება მხოლოდ ავტომანქანის გასარეცხად გადაცემის ფარგლებს. გარდა ამისა, მხარეთა შორის დადებული ავტომანქანის დაზღვევის პირობებში (“ტერმინთა განმარტება”) პირდაპირ განსაზღვრულია, რომ უფლებამოსილი მძღოლი ნიშნავს სადაზღვევო პოლისში მითითებული დაზღვეული ავტომობილის მართვის უფლების მქონე მძღოლს. დაზღვევის პირობების 7.2.5 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილ მძღოლმა უნდა იქონიოს ძალაში მყოფი, ავტომობილის შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა. ამავე პირობების 10.3 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პოლისის მიხედვით არ ანაზღაურდება ნებისმიერი სახის ზარალი ან დაზიანება, რომელიც დადგა უფლებამოსილი მძღოლის გარდა ნებისმიერი პიროვნების მიერ დაზღვეული ავტომობილის მართვის დროს. მძღოლი მ. ა-ის მიერ ყოველ დილით, მათ შორის, სადავო შემთხვევის დადგომის დღეს მრეცხავისთვის ავტოფარეხიდან ავტომობილის გამოყვანისა და ავტოსამრეცხაოში მიყვანის უფლების მინდობა ვერ ჩაითვლება სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისათვის ავტომანქანის გადაცემად.
მრეცხავი ი. გ-ი უფლებამოსილ პირსაც რომ წარმოადგენდეს, გარეშე პირთათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მის მიერ ავტომანქანის გასაღების დადება, ამ გასაღებისა და ავტომანქანის უყურადღებოდ მიტოვება, მესამე პირის წასვლის შემდეგ (რომელსაც ათხოვა ნაჭერი) დილის 11 საათამდე, მ. ა-ის მოსვლამდე, ავტომაქანისა და გასაღების მოუკითხველობა ასევე წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით კი მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დამზღვევისათვის სადაზღვევო თანხის ანაზღაურების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იზიარებს იმ ნაწილში, რომელიც ეხება შპს “ი-ოს” მიერ ავტომანქანის ყველა არსებული გასაღების მზღვეველისათვის მიწოდების ვალდებულების დაცვას. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანის ყველა არსებული გასაღების მზღვეველისათვის მიწოდების ვალდებულება ვერ გავრცელდება ავტომანქანის იმ გასაღებზე, რომელიც ავტომანქანასთან ერთადაა გატაცებული, რის გამოც მხოლოდ ამ გასაღების წარუდგენლობა ვერ იქნება სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის საკითხი (შეჯამებისა და განაწილების საკითხი) უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე შპს “ი-ოს” სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს, სააპელაციო სასამართლოში შპს “ი-ოს” თავდაპირველად გადაუვადდა საპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის – 918 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო სააპელაციო წარმოების დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ბაჟის გადახდა დაეკისრა სს “ა. ბ-ის”. საკასაციო საჩივარზე სს “ა. ბ-ის” გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 1622,57 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, შპს “ი-ოს” უნდა დაეკისროს სს “ა. ბ-ის” მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი –1622,57 ლარი სს “ა. ბ-ის” სასარგებლოდ, ასევე სააპელაციო წარმოებისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი – 918 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
სს “ა. ბ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
შპს “ი-ოს” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
შპს “ი-ოს” დაეკისროს სს “ა. ბ-ის” მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 1622,57 ლარი სს “ა. ბ-ის” სასარგებლოდ;
შპს “ი-ოს” დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი – 918 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.