Facebook Twitter

¹ას-682-1012-07 7დეკემბერი,2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ბ-ე, ნ. ბ-ე და ქ. ვ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2006 წლის 6 იანვარს. სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. ა-ს წარმომადგენელმა გ. ნ-მ მოპასუხე გ. ბ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

მოსარჩაელე აღნიშნავს, რომ 21.6.2003 წ. დ. ა-მა და გ. ბ-მ სანოტარო წესით გააფორმეს უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹14, ბინა ¹39) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს. გამყიდველ გ. ბ-ს უფლება ჰქონდა ნასყიდობის საგანი გამოესყიდა 21.9.2003წ. ჩათვლით, რაც არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ განხორციელდა, რის შედეგადაც აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინაზე შეუზღუდავი საკუთრების უფლება გადაეცა მყიდველს დ. ა-ს. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველმა გ. ბ-მ ხელიდან გაუშვა ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის უფლება, მყიდველი და მესაკუთრე დ. ა-ი 2005 წლის ივლისის ჩათვლით ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეწყო მოპასუხე გ. ბ-ისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, რათა გამოსყიდვის ვადის გასვლის მიუხედავად მათ მოეხდინათ ნასყიდობის საგნის გამოსყიდვა. აღნიშნულს შედეგი არ მოჰყოლია. ამასთან, მას შემდეგ, რაც ბინის მესაკუთრემ დ. ა-მა პირადი პრობლემების მოზღვავების გამო მოისურვა ესარგებლა თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინით, რომელშიც დღემდე გამყიდველი გ. ბ-ე და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, მას ამის საშუალება არ მიეცა.

19.7.2006წ. დ. ა-ს წარმომადგენელმა გ. ნ-მ სასამართლოს მიმართა დაზუსტებული სარჩელით.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოპასუხეების გ. ბ-ის, ნ. ბ-ის და ქ. ვ-ს უკანონო მფლობელობითა და მოქმედებით მოსარჩელე დ. ა-ს დღემდე ხელი ეშლება გამოიყენოს თავისი საკუთარი საცხოვრებელი ბინა, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას.

მოპასუხე გ. ბ-მ სარჩელს არ ცნო შემდეგ გარემოებათა გამო: სარჩელის საფუძვლად არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია მხარეთა ვალდებულებები. გამყიდველს ეკისრება ბინის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მყიდველს ნასყიდობის ფასის გადახდის. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ასეთ ვითარებაში გამყიდველს გააჩნია უფლება არ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასეთ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლი. მოპასუხემ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით სადავო ბინის ფლობისა და სარგებლობის უფლება აქვს, რის გამოც მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს გამოსახლება.

12.6.2006 წ. გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა და მხარეებს განესაზღვრათ ვადა მორიგებისათვის. აღნიშნული შუამდგომლობის საფუძვლად მათ მიუთითეს ის გარემოება, რომ გამოსყიდვის თანხა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უნდა გადაეხადა სხვა ფიზიკურ პირს, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე არ ყოფილა, რაც მას არ განუხორციელებია. მათ სჭირდებოდათ დრო, რომ მოლაპარაკებოდნენ როგორც მოსარჩელე დ. ა-ს, ისე იმ მესამე პირს, რადგან ამ უკანასკნელის მიერ თანხის გადახდა გახდებოდა საფუძველი წარმოდგენილ სამოქალაქო დავაზე მხარეთა შორის მორიგების მიღწევისა, მორიგება არ შედგა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოსახლებული იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹14, ბინა ¹39-დან მოპასუხეები გ. ბ-ე, ნ. ბ-ე, ქ. ვ-ი და აღნიშნული ბინა მოსარჩელე დ. ა-ს ჩაბარდა უფლებრივად უნაკლო, თავისუფალ მდგომარეობაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მ გ. ბ-მ და ქ. ვ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინებით გ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ქ. ვ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 21 ივნისს გ. ბ-სა და დ. ა-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹14, ბინა ¹39, ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. განისაზღვრა, რომ გამყიდველს უფლება ჰქონდა 2003 წლის 21 სექტემბრამდე გამოესყიდა ნასყიდობის საგანი. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹14, ბინა ¹39, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მყიდველ დ. ა-ს სახელზე.

ასევე პალატამ მიიჩნია, რომ დ. ა-ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს უძრავი ქონება მოპასუხეების გ. ბ-ის, ნ. ბ-ის და ქ. ვ-ს მფლობელობაშია. მოპასუხეებს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მათ ჰქონდათ ნივთის ფლობის უფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად არ წარმოუდგენიათ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა.

პალატა აღნიშნავს, რომ 2003 წლის 21 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით შეიცავს მე-3 მუხლს, რომლის თანახმადაც, მყიდველი ვალდებული იყო გამყიდველისათვის ფასი სრულად გადაეხადა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო გამყიდველი ვალდებული იყო მიეღო ნასყიდობის ფასი, ასევე ვალდებული იყო მყიდველისათვის გადაეცა ნასყიდობის საგანი, რომლის მიღების ვალდებულება მყიდველს ეკისრებოდა. პალატამ მიიჩნია, რომ უძრავი ქონების სყიდვის ფასი გ. ბ-ისათვის გადახდილი აქვს სრულად აღნიშნულ პუნქტში მითითებულ დროს, ანუ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. ამასთან, გ. ბ-ს უფლება ჰქონდა 2003 წლის 21 სექტემბრამდე გამოესყიდა ნასყიდობის საგანი.

პალატამ მიიჩნია, რომ დ. ა-ს მიერ გ. ბ-ისათვის ხელშეკრულების გაფორმებისას სყიდვის ფასის სრულად გადახდა ადასტურებს 2006 წლის 12 ივნისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა მორიგების ვადის განსაზღვრა, რომლის საფუძვლად უთითებს ის გარემოება, რომ გამოსყიდვის თანხა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უნდა გადაეხადა სხვა ფიზიკურ პირს, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე არ ყოფილა, რაც მას არ განუხორციელებია. მათ ჭირდებოდათ დრო, რათა მოლაპარაკებოდნენ როგორც მოსარჩელე დ. ა-ს, ისე იმ მესამე პირს, რათა ამ უკანასკნელის მიერ თანხის გადახდა გახდებოდა საფუძველი წარმოდგენილ სამოქალაქო დავაზე მხარეთა შორის მორიგების მიღწევის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მ, ნ. ბ-მ და ქ. ვ-მა.

კასატორების აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ მოსარჩელე დ. ა-ს მიერ არ იყო შესრულებული ვალდებულება, რაც გათვალისწინებული იყო ერთ-ერთი კასატორის გ. ბ-სა და დ. ა-ს შორის დადებული ხელშეკრულებით, კერძოდ არ იყო გადახდილი ნასყიდობის ფასი. შესაბამისად სსკ-ის 369-ე მუხლზე დაყრდნობით მათ გააჩნიათ უფლება არ გადაცენ სადავო ბინა მოსარჩელე დ. ა-ს. მიუხედავად ამისა, როგორც პირველმა ინსტანციამ ასევე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მათი არგუმენტები და გამოიტანა დაუსაბუთებელი განჩინება, რადგან განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მაგრამ თუ რატომ ეთანხმება არ ასაბუთებს ამას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დარღვევაა, რომლის თანახმადაც სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უნდა იყოს დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ არც სსკ-ის 369-ე მუხლი გამოიყენა, შესაბამისად ეს ყოველივე სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის და სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის, ნ. ბ-ის და ქ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ბ-ის, ნ. ბ-ის და ქ. ვ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ბ-ის, ნ. ბ-ის და ქ. ვ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.