ას-68-401-09 23 მარტი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. გ-ძე (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინება
ასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი _ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. გ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ და მოითხოვა აწ გარდაცვლილ მ. ლ-ძესთან მისი ქორწინებისა და მ.ლ-ძის პირველი რიგის მემკვიდრეობის დადგენა შემდეგი საფუძვლებით: 1997 წლიდან ლ. გ-ძე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ლ-ძესთან, რომელთანაც დაიწერა ჯვარი. ისინი ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და ცხოვრობდნენ ერთად მ.ლ-ძის გარდაცვალებამდე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ განმცხადებელმა მიმართა სანოტარო ბიუროს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, თუმცა ნოტარიუსმა უარი განუცხადა მის გაცემაზე და მოსთხოვა ქორწინების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის “გ” პუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით და მიუთითა, რომ განმცხადებელსა და აწ გარდაცვლილ მ. ლ-ძეს შორის ურთიერთობა წარმოიშვა ამჟამად არსებული სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, 1997 წლის ივლისში, თუმცა მაშინაც ქორწინება იურიდიულ ლიტერატურაში განმარტებული იყო, როგორც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფორმის დაცვით გატარებული ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, შესაბამისად, მეუღლეთა პირად და ქონებრივ უფლება-მოვალეობებს მხოლოდ მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობდა. აღნიშნული მსჯელობის დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა 1997 წლის 28 ნოემბრამდე მოქმედი საქართველოს სსრ-ის საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-13 მუხლზე და ჩათვალა, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც აწ გარდაცვლილ მ. ლ-ძესთან რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს ასახავდა, რისი მტკიცების ტვირთიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, ლ.გ-ძეს ეკისრებოდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. გ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1511-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების დადგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურებულა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. გ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 1997 წლიდან კასატორი და მ. ლ-ძე ფაქტობრივად დაქორწინდნენ, დაიწერეს ჯვარი და ერთად ცხოვრობდნენ, რაც მიზნად ოჯახის შექმნას ისახავდა. მეუღლეები ქორწინების სამოქალაქო წესით დარეგისტრირებას მომავალში აპირებდნენ, თუმცა მ.ლ-ძე მოულოდნელად გარდაიცვალა. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ.გ-ძე განცხადებით ითხოვდა ქორწინების ფაქტის დადგენას და არა ქორწინების რეგისტრაციას, რასაც საქმის განხილვის დროისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლი 2008 წლის 21 მარტიდან აღარ ითვალისწინებდა და გადაწვეტილება უნდა მიღებულიყო ამავე კოდექსის 435-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1151-ე მუხლები და არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. სასამართლომ საეკლესიო ქორწინება მეუღლეთა უფლება-მოვალეობის წარმომშობად არ ჩათვალა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საეკლესიო წესით ქორწინება ადასტურებს მეუღლეთა მიზანს, შექმნან ოჯახი, რაც ქორწინების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის განჩინებით ლ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ პირთა ქორწინების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.