განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-684-1014-07 31 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს. მ-ნ კზი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინება
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება კასატორის მშობლების გარდაცვალების ფაქტის დადგენის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 10 აპრილს ს. მ-ნ კზიმ განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა უდავო წარმოების წესით მშობლების _ მამის, მ. მ-მ ოღლისა და დედის - ბ. ა-ნ კზი ჯ-ვას გარკვეულ დროს გარდაცვალების ფაქტის დადგენა. განმცხადებელმა მოთხოვნის მიზნად სამკვიდროს მიღება დაასახელა.
განმცხადებლის მითითებით, მამა - მ. მ-მ ოღლი გარდაიცვალა 1996 წლის 2 მაისს, ხოლო დედა - ბ. ა-ნ კზი ჯ-ვა იმავე წლის 27 ნოემბერს. აზერბაიჯანული ადათ-წესების მიხედვით, ისინი მეორე დღესვე დაკრძალეს, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებებიდან გარდაცვალების შესახებ ცნობები ვერ აიღეს.
2006 წლის 31 მარტს განმცხადებელმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რუსთავის სამსახურს მიმართა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა მოითხოვა. ხსენებულმა სამსახურმა განმცხადებელს მოწმობების გაცემაზე უარი უთხრა, ვინაიდან განმცხადებელმა მშობლების გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა ვერ წარადგინა.
აღნიშნულის გათვალისწინებით ს. მ-ნ კზიმ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მშობლების გარდაცვალების ფაქტის დადგენა მოითხოვა. განმცხადებელმა წარადგინა შემდეგი წერილობითი მტკიცებულებები: 1) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი; 2) თავისი დაბადების მოწმობის ასლი; 3) გარდაბნის რაიონის სოფელ .-ის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა მ. მ-მ ოღლისა და მისი მეუღლის ბ. ა-ნ კზის სოფ. .-ის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ; 4) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რუსთავის სამსახურის ცნობა მშობლების გარდაცვალების რეგისტრაციაზე უარის შესახებ; 5) პირადობის მოწმობის ასლი; 6) სანოტარო აქტები მშობელთა ქორწინების მოწმობისა და მისი (განმცხადებლის) დაბადების მოწმობის ქართული ენის თარგმანზე თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის შესახებ; 7) რუსთავის გორგასლის სახელობის მართვის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული აქტი, განმცხადებლის მშობლების გარდაცვალების ფაქტის მოწმეების მიერ დადასტურების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ს. მ-ნ კზის უარი ეთქვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ს. მ-ნ კზიმ სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მშობლების გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარს აპელანტმა მშობელთა საფლავების ფოტოსურათები დაურთო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2007 წლის 8 მაისის განჩინებით ს. მ-ნ კზის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. სასამართლოს მითითებით, განმცხადებელ ს. მ-ნ კზის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ჯაფაროვი მახარამ ოღლისა და ჯაფაროვა ბ. ა-ნ კზის განმცხადებლის მიერ მითითებულ დროს გარდაცვალების ფაქტი, რის გამოც ს. მ-ნ კზის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინება ს. მ-ნ კზიმ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მშობლების გარკვეულ დროს გარდაცვალების ფაქტის დადგენა მოითხოვა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა და მტკიცებულების ძალა არ მიანიჭა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს, კერძოდ: ა) სოფ. .-ის გამგეობის მიერ გაცემულ ცნობას მშობლების ამ სოფლის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ; ბ)საფლავზე არსებული მშობლების ძეგლების ფოტოსურათებს; გ)პროცესზე მოწმედ დაკითხული პირების ბალახანუმ ბაირამოვისა და მახარამ ჯანგირ ოღლი ჯაფაროვის ახსნა-განმარტებებს; დ)კასატორის ახსნა-განმარტებებს.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ამ პირთა გარკვეულ დროსა და გარკვეულ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს. მ-ნ კზიმ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მშობლების გარკვეულ დროს გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, ს. მ-ნ კზის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ს. მ-ნ კზის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა არსებითად განსახილეველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ს. მ-ნ კზის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.
დადგენილია, რომ განმცხადებელმა სასამართლოს იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე მემკვიდრეობის მიღების მიზნით მიმართა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2006 წლის 31 მარტს განმცხადებელმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რუსთავის სამსახურს მიმართა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა მოითხოვა. ხსენებულმა სამსახურმა განმცხადებელს მოწმობების გაცემაზე უარი უთხრა მშობლების გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის წარუდგენლობის გამო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ “განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას”, განმცხადებლის მერ შესრულებულ იქნა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული სახის საქმის განხილვისას, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მხარეებს არ გააჩნიათ წერილობითი მტკიცებულებები, სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს განმცხადებელთა და მოწმეთა ჩვენებებს, ამასთან, მტკიცებულების სახით შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ფოტოსურათები და სხვა შესაბამისი ინფორმაციის შემცველი მასალები.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, განმცხადებელმა სააპელაციო პალატას საფლავზე არსებული მშობლების ძეგლების ფოტოსურათები წარუდგინა, თუმცა აღნიშნულ მტკიცებულებებს სააპელაციო პალატამ სამართლებრივი შეფასება არ მისცა, ასევე სასამართლომ სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა საქმეში წარმოდგენილ დაბადებისა და ქორწინების მოწმობების ასლებს, 2006 წლის 17 მარტის აქტს, გარდაბნის რაიონოს სოფ. .-ის გამგეობის ცნობასა და მოწმეთა ჩვენებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პიველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს და სამარლებრივი შეფასება მისცეს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს და ისე გადაწყვიტოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. მ-ნ კზის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.