ას-686-1016-07 26 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 13 სექტემბერს ი. პ-მა სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების თ. ბ-ისა და ვ. წ-ს წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობს თბილისში, ... ¹41-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომლის სარდაფშიც პრივატიზებული აქვს 40კვ.მ ფართი. აღნიშნული ფართი, როგორც საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრს, გამოყოფილი ჰქონდა შემოქმედებითი სახელოსნოსთვის.
2003 წლის ნოემბერში, მის მეზობლად მცხოვრებმა დედა-შვილმა თ. ბ-მ და ვ. წ-მა თავიანთი სარდაფიდან თვითნებურად გაანგრიეს კედელი და მიითვისეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართიდან 8კვ.მ და უარს აცხადებენ მის განთავისუფლებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. პ-მა მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა მოპასუხეთა მხრიდან.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. პ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ თ. ბ-სა და ვ. წ-ს დაევალათ თანხმლებ პირებთან ერთად ი. პ-ს კუთვნილი, ქ. თბილისში, ... ¹41-ში მდებარე შემოქმედებითი სახელოსნოს 8კვ.მ ფართობის გამონთავისუფლება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ბ-მ და ვ. წ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით თ. ბ-ისა და ვ. წ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 დეკემბრის 27.29.1554 დადგენილებით, არქიტექტორთა კავშირის თხოვნით, ი. პ-ს გამოეყო თბილისში, ... ¹41-ში მდებარე შენობის სარდაფის სართულში 40 კვ.მ ფართობის შემოქმედებითი სახელოსნოსათვის, რომლის მესაკუთრე გახდა ი. პ-ი.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი მოპასუხეებს არ გააჩნიათ და ისინი არამართლზომიერად ფლობენ მას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მ მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.