საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №320აპ-16 ქ. თბილისი
გ-ე გ, 320აპ-16 4 ოქტომბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით გ. გ-ე, ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნაწილში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ახ. რედაქცია) – 2 წლით, ხოლო 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. გ-ის მიმართ განაჩენის აღსრულება გადავადდა მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 3 აპრილიდან იმავე წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ. გ-ეს დაევალა, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ჩატარება მისივე ხარჯით წელიწადში სულ მცირე ერთხელ და არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 სექტემბრისა, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
ამავე განაჩენით დ. მ-ე, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ახ. რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 3 აპრილიდან.
მსჯავრდებულებს – გ. გ-ესა და დ. მ-ეს 10 წლით ჩამოერთვათ საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განაჩენით შეიცვალა: დ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 1 წლითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 3 აპრილიდან. დ. მ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ გ. გ-ისათვის შერაცხული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე