ას-689-1019-07 24 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. მ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ გ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ჩ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. მ-ს წარმომადგენელმა გ. ხ-მ მოპასუხე ჟ. ჩ-ს მიმართ სესხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 31 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. მ-ს რწმუნებულ გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ჟ. ჩ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა ძირითადი თანხის - 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარისა და ზიანის ანაზღაურების სახით აღნიშნული თანხის 3%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე. 2002 წლის 18 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, პროცენტებმა შეადგინა 1800 (ათას რვაასი) აშშ დოლარი.
2005 წლის 6 ოქტომბერს ჟ. ჩ-მ საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 31 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სასამართლო სხდომის თარიღი, არც მას და არც მის მეუღლეს სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებიათ. იგი შემთხვევით მივიდა სასამართლოში და შეიტყო, რომ პროცესი დანიშნული იყო იმავე დღეს 1630 სთ-ზე. მან სასამართლოს განუცხადა, რომ არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, უმძიმესი ავადმყოფი, ამასთან, ადვოკატის გარეშე ვერ შეძლებდა თავისი კანონიერი ინტერესების დაცვას და ითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟ. ჩ-მ საქართველოს სსკ-ის 233-ე და 236-ე მუხლებზე მითითებით, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 31 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ჟ. ჩ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 31 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ს წარმოამდგენელმა გ. ხ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 190 აშშ დოლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ნ. მ-ს წარმომადგენელ გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის
განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 190 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (ს.ფ. 314-315). განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორსა და მის წარმომადგენელს გ. ხ-ს გაეგზავნა 2007 წლის 26 სექტემბერს (ს.ფ. 316-317); კასატორს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 5 ოქტომბერს, ხოლო მის წარმომადგენელს გ. ხ-ს 2007 წლის 28 სექტემბერს (ს.ფ. 318-319); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ს წარმომადგენელ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ს წარმომადგენელ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.