საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-689-910-08 9 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” ლიკვიდატორი ბ. პ-იძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. რ-აძე, ზ. უ-შვილი, ნ. ა-იძე, რ. ბ-იძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-იძის, ზ. უ-შვილის, ა. რ-აძისა და რ. ბ-იძის მიმართ მოპასუხეებისათვის 2189 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 12 დეკემბერს სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკმა” ტარიელ მეგრელიძის სასარგებლოდ გასცა საბანკო კრედიტი _ 2800 აშშ დოლარი 18 თვის ვადით, ყოველთვიურად 2,2%-ის დარიცხვით. ასევე დადგინდა პროცენტის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით დაუფარავი კრედიტის 0,2%-ის გადახდა. სესხის უზრუნველსაყოფად ტარიელ მეგრელიძეს თავდებად დაუდგნენ ნ. ა-იძე, ზ. უ-შვილი, ა. რ-აძე და რ. ბ-იძე. 2006 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით დავალიანებამ შეადგინა სულ 2189 აშშ დოლარი, საიდანაც 2176 აშშ დოლარი იყო დარჩენილი სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 13 აშშ დოლარი _ ვადიანი პროცენტი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელემ ვერ წარადგინა სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, ტ.მეგრელიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება კრედიტის გაცემის შესახებ, ტ.მეგრელიძის მიერ ბანკში შეტანილი თანხის ქვითრები (რა ოდენობის თანხა იქნა შეტანილი და როდის), ასევე ტ.მეგრელიძის მიმართ, ბანკის მიერ კრედიტის დაფარვის მიზნით, გატარებული ღონისძიებები. ამასთან, მოსარჩელეს სესხის დასაბრუნებლად იძულებითი ღონისძიებები თავად მოვალის _ ტ.მეგრელაძის მიმართ არ განუხორციელებია. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 894-ე და 902-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეები სესხის დაფარვის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლდნენ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2003 წლის 9 დეკემბრის ¹2/147 თავდებობის ხელშეკრულება ყალბია, რადგან იგი ნ. ა-იძისა და ზ. უ-შვილის მიერ ხელმოწერილი არ არის. ამასთან, სადავო გარიგებაზე არსებული ხელმოწერები დამოწმებულია ინსპექციის სამმართველოს უფროს თ.აბუსერიძის მიერ, რომელსაც აღნიშნული უფლება არ გააჩნდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ა-იძეს, ზ. უ-შვილს, ა. რ-აძესა და რ. ბ-იძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2189 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ნ. ა-იძეს, ზ. უ-შვილს, ა. რ-აძესა და რ. ბ-იძეს სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” სასარგებლოდ 176 აშშ დოლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2003 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკმა” ტარიელ მეგრელიძის სახელზე გასცა საბანკო კრედიტი 2800 აშშ დოლარის ოდენობით, 18 თვის ვადით, ყოველთვიურად 2,2%-ის დანამატით, ხოლო კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაუფარავი კრედიტის 0,2%-ის ყოველთვიურად დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად ტარიელ მეგრელიძეს თავდებობის ხელშეკრულებით თავდებად დაუდგნენ ნ. ა-იძე, ზ. უ-შვილი, ა. რ-აძე და რ. ბ-იძე. 2006 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით ტარიელ მეგრელიძის მიმართ საბანკო დავალიანებამ დარიცხული პროცენტებით შეადგინა 2189 აშშ დოლარი, მათ შორის, 2176 აშშ დოლარი ძირითადი სესხიდან იყო დარჩენილი, ხოლო 13 აშშ დოლარი კი _ ვადიანი პროცენტიდან. 2003 წლის 12 დეკემბრის გირავნობის ხელშეკრულებით სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” მოთხოვნა მოვალე ტარიელ მეგრელიძის მიმართ უზრუნველყოფილ იქნა ამ უკანასკნელის მიერ დაგირავებული ,,მერსედეს ბენცის” მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ¹606-002. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის განხილვისას სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” წარმომადგენელ გ.გორაძის განმარტებაზე, რომ მოვალის მიერ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად შეთავაზებულ მოძრავ ნივთზე _ ავტომანქანაზე მათ არც მფლობელობითი და არც რეგისტრირებული გირავნობა არ განუხორციელებიათ და ხსენებული ავტომანქანა გასხვისებულია. სამოქალაქო კოდექსის 901-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ თავდებთა _ ნ. ა-იძის, ზ. უ-შვილის, ა. რ-აძისა და რ. ბ-იძის პასუხისმგებლობა, სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” მიმართ თავდებობით ნაკისრი ვალდებულების გამო, 2000 აშშ დოლარით უნდა შემცირდეს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლით და მიიჩნია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ტ.მეგრელიშვილის მიერ ვადიანი პროცენტის გადახდის ვადის გადაცილების შესახებ თავდებთათვის შეტყობინების ფაქტს, რაც სადავო ვადიანი პროცენტის _ 13 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტებს სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 176 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” ლიკვიდატორმა ბ. პ-იძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 901-ე მუხლი, რადგან მოცემულ შემთხვევაში კრედიტორს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ საგირავნო უფლება არ შეუმცირებია. სადავო კრედიტი უზრუნველყოფილი იყო რა მოძრავ ნივთზე _ ავტომანქანაზე გირავნობით, ფაქტობრივად დაგირავებულ ნივთზე არც მფლობელობითი და არც რეგისტრირებული გირავნობა არ განხორციელებულა, რის გამოც 2000 აშშ დოლარით სასამართლომ მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხა არასწორად შეამცირა. სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლი, როდესაც ძირითადი თანხის პროცენტის _ 13 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა. გაურკვეველია, რატომ არ გაიზიარა სასამართლომ პროცენტის ნაწილში თავდებთა გაფრთხილება მოვალის მიერ ვალდებულების ვადის გადაცილების თაობაზე, მაშინ, როცა ძირითადი თანხის ნაწილში გაფრთხილების ნამდვილობა სარწმუნოდ ჩათვალა. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლი, როდესაც თავდებ პირებს კასატორის სასარგებლოდ დააკისრათ 176 აშშ დოლარის გადახდა და არ გაითვალისწინა, რომ დასახელებული ნორმა არეგულირებს როგორც ძირითადი თანხის, ასევე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდევინების ვალდებულებასაც.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკმა” ტარიელ მეგრელიძის სახელზე გასცა საბანკო კრედიტი 2800 აშშ დოლარის ოდენობით, 18 თვის ვადით, ყოველთვიურად 2,2%-ის დანამატით, ხოლო კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაუფარავი კრედიტის 0,2%-ის ყოველთვიურად დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად ტარიელ მეგრელიძეს თავდებობის ხელშეკრულებით თავდებად დაუდგნენ ნ. ა-იძე, ზ. უ-შვილი, ა. რ-აძე და რ. ბ-იძე. 2006 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით ტარიელ მეგრელიძის მიმართ საბანკო დავალიანებამ დარიცხული პროცენტებით შეადგინა 2189 აშშ დოლარი, მათ შორის, 2176 აშშ დოლარი ძირითადი სესხიდან იყო დარჩენილი, ხოლო 13 აშშ დოლარი კი _ ვადიანი პროცენტიდან. 2003 წლის 12 დეკემბრის გირავნობის ხელშეკრულებით სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” მოთხოვნა მოვალე ტარიელ მეგრელიძის მიმართ უზრუნველყოფილ იქნა ამ უკანასკნელის მიერ დაგირავებული ,,მერსედეს ბენცის” მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ¹606-002.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწვალისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” ლიკვიდატორ ბ. პაპიძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 901-ე მუხლის საფუძველზე შეამცირა თავდებთა პასუხისმგებლობა იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ბანკს მოვალე ტარიელ მეგრელიძის მიმართ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ მოძრავ ნივთზე _ ავტომანქანაზე მფლობელობითი ან რეგისტრირებული გირავნობა არ გამოუყენებია და აღნიშნული ავტომანქანა გასხვისებულია.
სამოქალაქო კოდექსის 901-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი თავდების საზიანოდ ამცირებს საგირავნო უფლებებს ან უზრუნველყოფის სხვა საშუალებებსა და შეღავათებს, მაშინ თავდების პასუხისმგებლობა მცირდება ზემოაღნიშნული შემცირების შესაბამისი თანხით.
აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია დადგინდეს შემდეგი წინაპირობები, ანუ კანონით დადგენილი ნორმის შემადგენლობის შემდეგი ნიშნები: 1. მოთხოვნა უზრუნველყოფილია როგორც თავდებობით, ასევე მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებით; 2. კრედიტორი ამცირებს სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს თავდების პასუხისმგებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის _ ბანკის მოთხოვნა მოვალის ტ.მეგრელაძის მიმართ უზრუნველყოფილი იყო როგორც გირავნობით, ასევე თავდებობით. სასამართლომ ისე გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 901-ე მუხლი, რომ არ დაუსაბუთებია, თუ რაში გამოიხატა კრედიტორის მიერ თავდების საზიანოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებათა შემცირება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას კრედიტორის არაკანონიერ მოქმედებაზე იმ მოტივით, რომ მან არ გამოიყენა მფლობელობითი ან რეგისტრირებული გირავნობა. მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა უზრუნველყოფილია 2003 წლის 12 დეკემბრის გირავნობის ხელშეკრულებით. ამ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსი იმპერატიულად არ ითვალისწინებდა გირავნობის მფლობელობით ან რეგისტრირებული სახით გამოყენებას. ამავდროულად არც ამგვარი აკრძალვა იყო კანონით დადგენილი და კრედიტორს შეეძლო, გირავნობის საგანზე გამოეყენებინა გირავნობის ერთ-ერთი სახე. ამდენად, გირავნობის საგნის მფლობელობითი ან რეგისტრირებული გირავნობის განუხორციელებლობა კრედიტორის ბრალეულ მოქმედებაზე არ მეტყველებს. მით უმეტეს, ამგვარი მოქმედება არ ნიშნავს სამოქალაქო კოდექსის 901-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორის მიერ თავდების საზიანოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების შემცირებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეემოწმებინა იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც ცალსახად გამორიცხავენ გირავნობის საგნის მიმართ მფლობელობითი გირავნობის გამოყენებას (ამ ფაქტის არსებობაზე უთითებს მოწინააღმდეგე მხარე და არც კასატორი უარყოფს კატეგორიულად ამგვარ გარემოებას).
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად უნდა გამოარკვიოს და დაადგინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გირავნობის საგნის _ ავტომანქანის მიმართ ხომ არ იყო გამოყენებული მფლობელობითი გირავნობა და ეცნობათ თუ არა დროულად თავმდებებს მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” ლიკვიდატორ ბ. პ-იძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.