Facebook Twitter

ას-690-1020-07 14 ნოემბერი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. გ-ო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება.

დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2006 წლის 4 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. კ-მ მოპასუხე შ. გ-ს მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხესთან კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა 1993 წლის თებერვლიდან 2000 წლის მარტამდე. ქორწინების პერიოდში შეიძინეს ბინა, მდებარე _ რუსთავში, ... ¹39-65-ში, სადაც ჩაწერილია შვილთან _ ა. კ-სთან ერთად. მოპასუხესთან უთანხმოების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ბინა, ამჟამად საცხოვრებელი არ გააჩნია, რის გამოც მოითხოვა სადავო ბინაზე შვილთან ერთად თანამესაკუთრედ ცნობა და ბინაში შესახლება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი თანამესაკუთრედ იქნა ცნობილი ქ. რუსთავში, ... ¹39-65-ში მდებარე ბინის 1/2 წილზე და შვილთან _ ა. კ-სთან ერთად შესახლებულ იქნა სადავო ბინაში, ხოლო სარჩელი შვილის ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შ. გ-ს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 5 თებერვალს 11:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2007 წლის 5 თებერვალს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდა აპელანტი შ. გ-ო. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ნ. კ-ის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, ავადმყოფობის გამო იწვა საავადმყოფოში, რადგან ფილტვებით არის დაავადებული და არ იცოდა, რომ ამის შესახებ სასამართლოსათვის უნდა ეცნობებინა. აღნიშნულის დასადასტურებლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სასამართლო სხდომაზე, შ. გ-მ წარმოადგინა ცნობა შპს “.. ..”, რომლითაც დგინდება, რომ იგი 2000 წლის 16 აგვისტოდან ირიცხება ...ში, ...ის დიაგნოზით და ხშირად დადის საკონსულტაციოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით შ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ შ. გ-ს სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დღის შესახებ (ს.ფ. 100), რომელსაც არც თავად უარყოფს. ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებული სხვა გარემოებები, რომელიც კასატორის გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივნის მიერ მითითებულ იქნეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში აღნიშნავს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. მის მიერ წარმოდგენილი ცნობა ავადმყოფობის თაობაზე (ს.ფ. 149) ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კასატორი შპს “.. ..” აღიცხვაზეა ... დიაგნოზით და იგი ხშირად დადის საკონსულტაციოდ ...ში. ავადმყოფობა უნდა დადასტურებულიყო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე (სსსკ 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი), კასატორის მიერ წარმოდგენილ ცნობაში კი არ არის მითითებული, რომ შ. გ-ო უშუალოდ 2007 წლის 5 თებერვალს (სასამართლო სხდომის დღეს) იმყოფებოდა საავადმყოფოში, რის გამოც ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შ. გ-ს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმის მასალებით, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.