Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №329აპ-16 ქ. თბილისი

დ-ა ვ- ნ, 329აპ-16 26 ოქტომბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ვ. დ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე ვ. დ-ა გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

გაუქმდა ვ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ვ. დ-ს სასარგებლოდ გირაოს შემტან ნ. მ-ეს (პ/ნ…..) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს 2015 წლის 31 აგვისტოს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 7000 ლარი (დასტური №….., სალაროს შემოსვლის ორდერი №….., სს ”….. ბანკი”).

ნივთიერი მტკიცებულება - ვ. დ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 5.855 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“, რომელიც ინახება …..საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-…..განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი