Facebook Twitter

#334აპ.-16 ქ. თბილისი

ე. ვ.,-334ap.-16 7 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ე-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით ვ. ე., - დაბადებული ---ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 118–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

2. ვ. ე-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 5 აგვისტოს, დღის საათებში, ---ის რაიონის სოფელ - --ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ა. ა-ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთში, ა. ა-სა და მის თანასოფლელ ვ. ე-ს შორის მოხდა შეკამათება მიწის ნაკვეთის საზღვრის გამო. კამათისას ვ. ე-მა მის ხელთ არსებული ცელი დასარტყმელად მოუქნია ა. ა-ს, რაც მას მოხვდა მარცხენა ხელის არეში და მიიღო მეოთხე და მეხუთე თითების ჭრილობა მყესების დაზიანებით.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ. პროკურორმა მოითხოვა ვ. ე-თვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით. მსჯავრდებულმა ვ. ე-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ე-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ---ის რაიონული პროკურორის მოადგილის - ვ. ო-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება: ვ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ვ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2016 წლის 15 აპრილიდან. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ვ. ე-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას მის საკუთრებაში არსებულ 50 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, საცხოვრებელ სახლს მასზე დამაგრებულ მიწის ფართთან ერთად, რომლის საერთო ფართია 2008მ2 და მდებარეობს ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ --- (სარეგისტრაციო ზონა - ---, სექტორი - ---, კვარტალი - --, ნაკვეთი – --). ნივთიერი მტკიცებულება - ცელი, რომელიც ინახება ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, უნდა განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

5. კასატორი - მსჯავრდებული ვ. ე. საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ იგი ,,შეცდომაში შეიყვანეს“, თითქოს იყო უდანაშაულო და გაასაჩივრებინეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი; იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს მისთვის შეფარდებული სასჯელის პირობით ჩათვლას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს:

2. წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მოწმეების: ა. ა-ის, ე. ა-ის, მ. პ-ის, გ. მ-ის ჩვენებები, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ვ. ე-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ. ე-თვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ვ. ე-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების აღიარებასა და მონანიებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და თავად წარუდგინა დანაშაულის იარაღი; აღნიშნულისა და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ე-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ამასთანავე, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებები, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამ მუხლით დადგენილი შეღავათი.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ე-ის მოთხოვნა მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ე-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2. მსჯავრდებულ ვ. ე-ს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. მსჯავრდებულ ვ. ე-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.

4. მსჯავრდებული ვ. ე. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.

5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განაჩენი ყადაღის მოხსნისა და ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე