¹ას-693-1023-07 19 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ინდმეწარმე “ე. ქ-ე” (მოპასუხე; მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “თ...ი” (მოსარჩელე; მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
დავის საგანი:
სარჩელში – იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, მიწის
ნაკვეთიდან ნაგებობის გადატანა, საიჯარო დავალიანების გადახდა
შეგებებულ სარჩელში _ სს “თ...თან” დადებული საიჯარო
ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „თ...მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ინდმეწარმე „ე. ქ-სა“ და შპს „მ...ს“ მიმართ და მოითხოვა სს „თ...სა“ და ინდმეწარმე „ე. ქ-ს“ შორის 2000 წლის 1 თებერვალსა და 2001 წლის 22 მარტს დადებული ხელშეკრულებების შეწყვეტა, მოპასუხეების დავალდებულება გადაიტანონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ნაგებობა, ასევე მან მოითხოვა მიწის ნაკვეთის გამონთავისუფლება და ინდმეწარმე „ე. ქ-სათვის“ საიჯარო დავალიანების _ 3097,36 ლარისა და ადვოკატის ხარჯების - 1000 ლარის დაკისრება.
შპს „მ...მ“ და ინდმეწარმე „ე. ქ-მ“ შეგებებული სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს სს “თ...თან” დადებული საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. მათ მიუთითეს, რომ სს “თ...ს” იჯარის ხელშეკრულებების დადების მომენტში საიჯარო მიწის ნაკვეთზე არ გააჩნდა სანოტარო წესით დადასტურებული საბუთი საკუთრების შესახებ და იგი არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ნაკვეთის მესაკუთრედ, ამიტომ სს “თ...ს” არ გააჩნდა ნაკვეთის იჯარით გაცემის უფლებამოსილება.
სასამართლოს აღიარებითი სარჩელით მიმართა შპს “მ...მ”, მოპასუხეების სს ,,თ...სა” და თბილისის ... დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა აღიარებულ იქნეს, რომ სს “თ...ს" არ გამოუსყიდია სადავო 43 კვ.მ. მიწის ფართი და შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრში. კონკრეტულად კი დაფიქსირდეს, რომ ... ქუჩაზე მდებარე მიწის ფართი არ წარმოადგენს სს “თ...ს” საკუთრებას.
სასამართლომ ეს სარჩელები ერთ წარმოებად გააერთიანა.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სს “თ...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა სს “თ...სა” და შპს “მ...ს”, ასევე ინდმეწარმე “ე. ქ-ს” შორის 1998 წლის 25 დეკემბერს, 2000 წლის 1 თებერვალსა და 2001 წლის 22 მარტს დადებული იჯარის ხელშეკრულებები; მოპასუხე შპს “მ...სა” და ინდმეწარმე “ე. ქ-ს” დაევალათ სს “თ...ს” ტერიტორიაზე მდებარე მინიავტოსერვისის შენობის დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანა, ამასთან ინდმეწარმე “ე. ქ-ს” დაეკისრათ საიჯარო ქირის დავალიანების – 3097,36 ლარის გადახდა, შპს მ...სა და ინდმეწარმე “ე. ქ-ს” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს “მ...ს” სარჩელი ... ქუჩაზე მდებარე 43 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს შპს “მ...მ” და ინდმეწარმე “ე. ქ-მ”.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 აპრილის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო სააპელაციო საჩივარი საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 ივნისის განჩინებით შეჩერებულ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება და საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ინდმეწარმე “ე. ქ-ის” სააპელაციო საჩივარი და ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “თ...ს” სარჩელი იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების შესახებ და ინდმეწარმე “ე. ქ-ს” დაეკისრა სს “თ...ს” სასარგებლოდ დავალიანების 319 ლარისა და 408,5 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ინდმეწარმე “ე. ქ-მ”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ინდმეწარმე “ე. ქ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კასატორ ინდმეწარმე “ე. ქ-ს” განესაზღვრა 7 დღიანი ვადა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 553-554). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ე. ქ-ს და მის წარმომადგენელს (ს.ფ. 555-561), რაც პირადად ჩაბარდა ე. ქ-ს 2007 წლის 6 ნოემბერს (ს.ფ. 562).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით; მაგრამ მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ვინაიდან ინდმეწარმე “ე. ქ-მ” სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზები და არ წარმოადგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ინდმეწარმე “ე. ქ-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.