Facebook Twitter

ას-634-858-08 8 დეკემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ... სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ს-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ « .. ..» სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ს-ისა და სს «ტ...ის» მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უსაფუძვლოდ ცნობა და მოსარჩელის სასარგებლოდ ზედმეტად გაცემული თანხის ანაზღაურება.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ « .. ..» სარჩელი დაკმაყოფილდა, უსაფუძვლოდ იქნა აღიარებული სს «ტ...ის» მიერ ვ. ს-ისათვის, მარჩენალის გარდაცვალების გამო, ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დანიშვნა, მოპასუხეებს სს «ტ...სა» და ვ. ს-ს სოლიდარულად დაეკისრათ უსაფუძვლოდ დარიცხული და მიღებული თანხის სსიპ « .. ..» სასარგებლოდ ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ... სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით ... სააგენტოს წარმომადგენელ შ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მთავარი სხდომა დაინიშნა 2008 წლის 21 მარტს, რის შესახებ სასამართლო უწყება ... სააგენტოს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, თუმცა მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ... სააგენტომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: ვ. ს-მ სააპელაციო საჩივარში არასწორად მიუთითა კასატორის ცენტრალური ქ.თბილისის ოფისის მისამართი, ფაქტობრივად კი მან იცოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მისამართი იყო ქ.ქუთაისი, ... ქ.¹21. აღნიშნულის გამო სასამართლო უწყება კასატორმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ შეიტყო მხოლოდ 2007 წლის 24 მარტს და სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ მოახერხა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. ს-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2008 წლის 21 მარტს. აღნიშნულის შესახებ როგორც ვ.ს-ს, ისე ... სააგენტოს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე ეცნობათ.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ დროს მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დარჩა უცვლელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა ... სააგენტოს კანონით დადგენილი წესით არ დაუსაბუთებია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვებისას სავსებით სწორად განმარტა და გამოიყენა ამავე კოდექსის 241-ე მუხლი, რომელის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებულ სასამართლოში საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზად კასატორი მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მას სასამართლო უწყება 2008 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე გაეგზავნა ვ.ს-ის მიერ სააპელაციო საჩივარში არასწორად დაფიქსირებულ ... სააგენტოს ქ.თბილისის ცენტრალური ოფისის მისამართზე, კერძოდ, ქ.თბილისში, ... ქ.¹56-ში, ფაქტობრივად, ვ. ს-ისათვის ცნობილი იყო კასატორის რეალური მისამართი _ ქ.ქუთაისი, ... ქ.¹21. აღნიშნულის გამო მხარეს სასამართლო უწყება ჩაბარდა დაგვიანებით _ 2008 წლის 24 მარტს და სასამართლოში დროულად გამოცხადება ვერ შეძლო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის აღნიშნულ არგუმენტს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ... სააგენტოს სავსებით სწორად გაუგზავნა სასამართლო უწყება ქ.თბილისში, ... ქ.¹51-ში, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოსარჩელეს სასამართლო უწყებები ეგზავნებოდა და ბარდებოდა სწორედ სასარჩელო განცხადებაში კასატორის მიერვე მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ... ქ.¹51), რის გამოც ... სააგენტოს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს და სასამართლოს მიერ დადგენილ დროს იგი სასამართლოში დაუბრკოლებლივ ცხადდებოდა.

ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია ვ. ს-ის მიერ სააპელაციო საჩივარში არასწორი მისამართის მითითების შესახებაც, რადგან მოსარჩელეს ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შეეძლო, მოეთხოვა სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედებების შეტყობინება მისთვის სასურველ მისამართზე, რაც მას არ განუხორციელებია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 21 მარტს სადავო სასამართლო სხდომის დანიშნის შესახებ კასატორის ცენტრალურ ოფისს ქ.თბილისში, ... ქ.¹51-ში გაგზავნილი სასამართლო უწყება ჩაბარდა 2008 წლის 30 იანვარს და მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა საქმის განხილვის თარიღი ეცნობებინა სააგენტოს ქ.ქუთაისის ოფისისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

... სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.