Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-693-970-05 24 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი

სარჩელის საგანი: საზღვრის გასწორების, უნებართვო ნაგებობის აღების, გზისა და სასმელი წყლის აღდგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 9 ივლისს ე. ქ-ემ სარჩელი აღძრა ნ. ა-ისა და თ. მ-ის წინააღმდეგ საზღვრის გასწორების, უნებართვო ნაგებობის აღების, გზისა და სასმელი წყლის მიღების აღდგენის, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეები არიან მისი მოსაზღვრე მეზობლები, 1987 წელს ნ. ა-ემ გადაკეტა მათ შორის ოდითგანვე არსებული საუბნო გზა 22 მეტრ სიგრძეზე, ნახევარი მეტრით შეიჭრა მოსარჩელის ეზოში, აღმართა რკინის ღიობი და მიიტაცა მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი, მოშალა ნახმარი და საწრეტი წყლების ღვარსადენი არხი, რის გამოც იტბორება მოსარჩელის ეზო და ხელი ეშლება აღნიშნული ღვარსადენით სარგებლობაში. ამასთან, ნ. ა-ეს სადავო გზის მხრიდან სახლის სამივე მხარეს მიშენებული აქვს უნებართვო, უპროექტო აივნები, რითაც შეუზღუდა საუბნო გზით სარგებლობის უფლება.

ე. ქ-ის განმარტებით, მოპასუხე თ. მ-ემ თვითნებურად აიღო მისი მავთულბადის ღობე, შეიჭრა მის ეზოში, უკანონოდ დაიკავა 68 კვ.მ, ააშენა ავტოფარეხი და სხვა დამხმარე სათავსები, რაც უნდა დანგრეულიყო აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ მიუხედავად ამ ნაგებობათა დანგრევისა, საძირკველი არ დაუნგრევია და თვითნებურად კვლავ ააგო ახალი ნაგებობა მოსარჩელის მიწის ნაკვეთში, ოჯახის წევრებთან ერთად 1989 წელს გადაუჭრა სასმელი წყლის მილი. ამასთან, არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოსარჩელის ოჯახის წევრებს.

ე. ქ-ემ ნ. ა-ისგან მოითხოვა 1987წ. მდგომარეობით საზღვრის გასწორება, კერძოდ, ღობის თავდაპირველ მდგომარეობაში გადატანა, ღვარსადენისა და გზის აღდგენა, ხოლო მოპასუხე თ. მ-ისაგან _ საზღვრის გასწორება, უნებართვო ნაგებობის აღება, სასმელი წყლის მილების აღდგენა, 1990 წელს აღებული უნებართვო ნაგებობის საძირკვლებისა და „ზეძირკვლების“ ამოღება, ასევე, ორივე მოპასუხისათვის მორალური ზიანის კომპენსირებისათვის ბოდიშის მოხდის დაკისრება.

მოპასუხე თ. მ-ემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ნაგებობა, რომლის დანგრევასაც ე. ქ-ე მოითხოვდა, კანონის სრული დაცვით იყო აგებული, ასევე, ეზოებს შორის არსებული საზღვარი თერჯოლის რაიონული საბჭოს აღმასკომის 1990წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა მიჩნეული და იმ დროიდან დღემდე უცვლელადაა შენარჩუნებული. ამასთან, მიუთითა, რომ ე. ქ-ეს საკუთარი სახსრებით უკვე გამოყვანილი ჰქონდა სასმელი წყლის მილები და მისი ოჯახის მიერ გამოყვანილი წყლის მილებით სარგებლობის აუცილებლობა აღარ არსებობდა. თ. მ-ემ იმ საფუძვლით, რომ ე. ქ-ისათვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია, ასევე, არ ცნო სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა 1990 წელს აგებული უნებართვო ნაგებობის საძირკვლებისა და ზეძირკვლების ამოღების, აგრეთვე, ნაგებობის აღების, სასმელი წყლის მილების აღდგენისა და მორალური ზიანისათვის ბოდიშის მოხდის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო, ხოლო ე. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე ნ. ა-ის მიმართ 1987წ. მდგომარეობით საზღვრის გასწორების, ღობის გადატანისა და ღვარსადენის აღდგენის თაობაზე საქმის წარმოება შეწყდა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 15 მარტის განჩინებით ე. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის სადავო ურთიერთობები წარმოიშვა 1987-90 წლებში, ე.ი. 1964წ. სსკ-ის მოქმედების დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 1507-ე მუხლის მიხედვით, იმ სადავო საკითხების გადაწყვეტისას, რომელთანაც დაკავშირებულია ე. ქ-ის მოთხოვნა ნ. ა-ისა და თ. მ-ის მიმართ უძრავი ქონებიდან გამომდინარე სადავო საკითხებზე, გამოყენებულ უნდა იქნეს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომლის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს, ხოლო იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომელიც შეეხება სასმელი წყლის მილების აღდგენას, გამოყენებულ იქნა 1964წ. საქართველოს სამოქალაქო სამართლის ნორმები, რომლის 75-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 3 წელს. ვინაიდან აპელანტისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1987-90 წლებში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია, ხოლო მოთხოვნა 1987 წლიდან დღემდე მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია და იმავდროულად უსაფუძვლოც.

ე. ქ-ემ უზენაეს სასამართლოს მიმართა საკასაციო საჩივრით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 15 მარტის განჩინების გაუქმების მოთხოვნით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ კასატორი თავისი უფლების ხელყოფიდან დღემდე არ წყვეტდა დავას, თავისი უფლებების დასაცავად სხვადასხვა ორგანოს მიმართავდა განცხადებების, დეპეშებით, ტელეფონის საშუალებით. სასამართლომ სწორედ განსაზღვრა ხანდაზმულობის საკითხი, მაგრამ მტკიცებულებათა არასწორი შეფასების შედეგად არ გამოიყენა სსკ-ის 138-ე მუხლი და ამავე კოდექსის 141-ე მუხლი. მისი შეურაცხყოფის ფაქტი დასტურდება მოპასუხეთა ხელით შედგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მათ რამოდენიმეჯერ სცემეს კასატორის ქალიშვილი ლ. მ-ეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მხარეთა შორის სადავო ურთიერთობები წარმოიშვა 1987-1990 წლებში. მოსარჩელე მხარისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1987-1990 წლებში, სარჩელი კი სასამართლოში აღძრა 2002 წელს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მისი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ გზის აღდგენის, უნებართვო ნაგებობის საძირკვლებისა და „ზეძირკველების“ ამოღების, საზღვრის გასწორების, აგრეთვე, თვითნებური ნაგებობის აღების, სასმელი წყლის მილების აღდგენის ნაწილში ხანდაზმულია.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულა სასამართლოსათვის. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.

კასატორის მტკიცება, რომ იგი გამუდმებით მიმართავდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს თავისი დარღვეული უფლების დარღვევის შესახებ, რაც ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის საფუძველია, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქმის მასალებით ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის საფუძველი არ დასტურდება. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის მორალური ზიანის კომპენსირებისათვის ბოდიშის მოხდის დაკისრებას, ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 15 მარტის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.