Facebook Twitter

ას-693-996-09 8 დეკემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე

კასატორები – ლ. თ.-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ მ.გ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. და ლ. ც.-ეები (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ნ.ო.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. თ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. და ლ. ც.-ების მიმართ 2005 წლის 5 სექტემბერს მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიუღებელი შემოსავლის _ 5920 აშშ დოლარის, აუდიტის მომსახურების _ 135 ლარისა და ადვოკატის ხარჯების _ 352 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: ლ. ც.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. თ.-ის მიმართ სარდაფში ტუალეტისა და სამზარეულოს მოწყობის აკრძალვის მოთხოვნით. ვინაიდან მოსარჩელე არ იყო ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹58/10 მდებარე მრავალბინიანი სახლის მესაკუთრე, მოგვიანებით სათანადო მოსარჩელედ საქმეში ჩაება თ. ც.-ე. თბილისის სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ც.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სადავო ფართზე სასამართლოში მიმდინარე დავის გამო, მოსარჩელემ ვერ გაარემონტა იგი, რა შემთხვევაშიც შეეძლო მოგება მიეღო ფართის ექსპლუატაციის შედეგად. ამდენად, თ. ც.-ს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2002 წლის 1 ნოემბრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი შემოსავლის სულ _ 5920 აშშ დოლარის ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 2005 წლის 5 სექტემბერს თ. ც.-მ თავისი ქონება აჩუქა მეუღლეს, ლ. ც.-ს. ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითია, დადებულია იმ მიზნით, რომ მშენებლობის აკრძალვის შესახებ თ.ც.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, იგი თავს აარიდებდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა გამოწვეული იყო ლ. თ.-ის მიერ სახლის საყრდენი კედლის მოშლით, რომელიც მან ნაწილობრივ აღადგინა. მოსარჩელემ სველი წერტილები მოაწყო საერთო სარგებლობის სარდაფში, რომელიც ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. ამასთან, ლ.თ.-ს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლება არ აქვს, რადგანაც აღნიშნული დავა უნდა წარმოშობილიყო ხელშეკრულების დამდებ პირებს შორის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.თ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ.ც.-ს დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის _ 5920 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, აუდიტის მომსახურების _ 135 ლარისა და ადვოკატის მომსახურების _ 352 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება, ლ.თ.-ის სარჩელი 2005 წლის 5 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც ამ ნაწილში ლ.თ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ლ. ც.-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით ლ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი თ.ც.-სათვის თანხის დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველად ლ.ც.-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო და ასევე იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ იყო მის მიმართ გამოტანილი. ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით კი, როგორც თ.ც.-ის, ისე ლ.თ.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებით თ. ც.-მ მის საკუთრებაში არსებული ...-ის ქუჩა ¹58/10-ში მდებარე ბინა აჩუქა ლ. ც.-ს. პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ლ.თ.-ის მოსაზრება, რომ ჩუქების ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან იგი გაფორმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.თ.-ისა და ნ.ბ.-ის ნეგატორული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო უძრავი ქონებით აღსრულების თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შემდგენლობას ქმნის არ დასტურდება და დაადგინა, რომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹58/10-ში მდებარე უძრავ ქოვნებაზე 2005 წლის 9 სექტემბერს დარეგისტრირდა ლ. ც.-ის საკუთრების უფლება. ლ. ც.-ე ორ შვილთან ერთად ცხოვრობს და სარგებლობს ნაჩუქარი ნივთით, გამჩუქებელი თ. ც.-ე კი იქ არ ცხოვრობს. ამდენად, სადავო ჩუქების ხელშეკრულებას მოჰყვა შესაბამისი იურიდიული შედეგი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობით დავის საგნის ან იმ საგნის გასხვისება, რომელზეც შესაძლებელია აღსრულების მიქცევა, აკრძალული არ არის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 524-ე მუხლსა და 56-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებით თ. ც.-მ, როგორც მესაკუთრემ, განახორციელა კანონით გათვალისწინებული მესაკუთრის უფლება და განკარგა მისი კუთვნილი უძრავი ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ლ. თ.-ის მიერ შემოსავლის მიუღებლობის მიზეზი გახდა თ. ც.-ის მოთხოვნით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რის გამოც თ.ც.-ს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, რომლის ოდენობაც, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 5 920 აშშ დოლარს შეადგენს. პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში თ. ც.-ს სადავოდ არ გაუხდია ლ. თ.-ის მიერ შემოსავლის მიუღებლობის პერიოდი და არც მისი ოდენობა, ხოლო მის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოირიცხება მხარის ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ თ.ც.-ს მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება დასაბუთებულად დაეკისრა. თ.ც.-ის სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, რამაც არამართლზომიერად შეზღუდა ლ.თ.-ის მიერ ნივთის სარგებლობით შემოსავლის უფლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. თ.-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან 2005 წლის 5 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება დადებულია კანონსაწინააღმდეგო მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შესაშლელად. სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ ჩუქების ხელშეკრულების იურიდიულ შედეგად არასწორად მიიჩნია ის გარემოება, რომ ჩუქების შემდგომ ლ.ც.-ე ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ნაჩუქარ ბინაში, ხოლო გამჩუქებელმა თ.ც.-მ დატოვა უძრავი ნივთი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ლ.ც.-ე შვილებთან ერთად ნაჩუქარ ბინაში ჩუქებამდეც ცხოვრობდა და ჩუქების შემდგომაც განაგრძობს ცხოვრებას, ხოლო მისი მეუღლე თ.ც.-ე დაახლოებით 10 წელია საზღვარგარეთაა, მას არც ჩუქებამდე რამდენიმე წლით ადრე და არც შემდეგ ნაჩუქარ ბინაში არ უცხოვრია. ამდენად, ლ.ც.-ის მხრიდან უძრავ ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობა თავისთავად არ ნიშნავს ჩუქების ნამდვილობას. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ჩუქების მოჩვენებითად მიჩნევისათვის მას საფუძვლიანი ეჭვი არ გაუჩნდა მაშინ, როცა ლ.ც.-მ თავად განმარტა, რომ მას თ.ც.-მ სადავო უძრავი ნივთი მას შემდეგ აჩუქა, რაც ერთმანეთში უსიამოვნება და ჩხუბი მოუვიდათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. თ.-ის საკასაციო საჩივარი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად დააბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სადავო ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებით გარიგებად არ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ ვერ დადასტურდა ხელშეკრულების თვალთმაქცურად და მოჩვენებითად დადების ფაქტობრივი წანამძღვრები. ამ დასკვნის საფუძვლად მითითებულია საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის 5 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹58/10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 2005 წლის 9 სექტემბერს დარეგისტრირდა ლ. ც.-ის საკუთრების უფლება. ლ. ც.-ე ორ შვილთან ერთად ცხოვრობს და სარგებლობს ნაჩუქარი ნივთით, გამჩუქებელი თ. ც.-ე კი იქ არ ცხოვრობს. ამდენად, სადავო ჩუქების ხელშეკრულებას მოჰყვა შესაბამისი იურიდიული შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში ლ.თ.-ის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). აღნიშნული ნორმის გამოყენებით გარიგების ბათილობაზე უარის თქმის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სადავო გარიგების მონაწილეთა ნამდვილი ნება და გარიგების თანამდევი იურიდიული შედეგის რეალურად არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ სადავო გარიგება ნამდვილად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ გამჩუქებელი თ. ც.-ე ამ ბინაში არ ცხოვრობს, ხოლო დასაჩუქრებული ლ. ც.-ე ცხოვრობს და სარგებლობს ნაჩუქარი ნივთით. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორი სააპელაციო სასამართლოში და საკასაციო სასამართლოშიც უთითებდა, რომ თ. ც.-ე ჩუქებამდე 10 წლით ადრე არ ცხოვრობდა, ხოლო ლ. ც.-ე კი შვილებთან ერთად სადავო გარიგებამდე ცხოვრობდა და სარგებლობდა აღნიშნული ბინით. მითითებული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა კასატორის მოწინააღმდეგე მხარემაც. შესაბამისად, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ჩუქების ხელშეკრულებას მოჰყვა იურიდიული შედეგი და სასამართლოს არ გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ თ. ც.-მ გარიგება დადო მოჩვენებითად. უდავოა, რომ სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება სადავო გარიგებამდეც არსებობდა და იგი დავასთან დაკავშირებით მყარი დასკვნის საფუძველს არ იძლევა.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოქმედი კანონმდებლობით დავის საგნის ან იმ საგნის გასხვისება, რომელზედაც შესაძლებელია აღსრულების მიქცევა, აკრძალული არ არის. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს ვალდებული პირის მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით ქონების გასხვისებას. შესაბამისად, მითითებული არგუმენტი მოცემულ დავაში გარიგების მოჩვენებითობის უარყოფის საფუძვლად ვერ გამოდგება.

სააპელაციო სასამართლოს, საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, არ შეუფასებია სადავო გარიგების მხარეთა ნების ნამდვილობა, ამ მიმართებით ერთობლიობაში უნდა შეფასდეს გარიგებამდე და მის შემდეგ ამ გარიგების მხარეთა ურთიერთობა, მათი განმარტებები სადავო ნივთის ჩუქებასთან დაკავშირებით, ასევე უნდა დადგინდეს მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების არსებობა-არარსებობა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობაზე ფაქტობრივად დასაბუთებული არ არის, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს:

_ მხარეთა შორის არსებული დავის რა ეტაპზე მოხდა სადავო ნივთის გასხვისება (გაჩუქება);

_ გარიგების დადების დროისათვის რა ურთიერთობაში იმყოფებოდნენ გარიგების მხარეები _ თ. და ლ. ც.-ები;

_ რა იურიდიული შედეგი მოჰყვა ჩუქების ხელშეკრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.