¹ას-694-1024-07 1 თებერვალი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. ი-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სასაზღვრო მიჯნის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-მა სარჩელი აღძრა ყვარლის რაიონულ სასამართლოში შ. ი-ის მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხე მისი კარის მეზობელია და მისი საცხოვრებელი ბინა მდებარეობს სასაზღვრო მიჯნაზე. მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა როგორც სასაზღვრო მიჯნის, ასევე ეზოს მხარეს არსებული ფანჯრების გამო. მიჯნის კედელზე მდებარე ფანჯრები უნებართვოდ, სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევითაა გაკეთებული, რითაც ილახება მისი უფლებები, ვინაიდან იგი თავისუფლად ვერ სარგებლობს ეზოთი. უნებართვოდ აშენებულ ფანჯრებზე დამაგრებული კონდიციონერი და მოპასუხის სასაზღვრო მიჯნაზე მდებარე 4 კვ.ტ-იანი გენერატორი იწვევს ხმაურს და ზიანს აყენებს მას. მოპასუხემ 2000 წლის თებერვალში თვითნებურად დაანგრია ქვის გალავანი, რის გამოც ქუჩის მხრიდან დაუცველი გახდა მისი ეზო, ასევე მოპასუხემ მიითვისა 179 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს მისი ეზოს მხარეს არსებული ფანჯრიდან კონდიციონერის გზის მხარეს, სხვა ფანჯარაზე გადატანა, ყრუ კედელზე არსებული ფანჯრების ამოშენება, სასაზღვრო მიჯნიდან გენერატორის სხვა ადგილზე გადატანა, დანგრეული კედლის აღდგენა და მისგან მიტაცებული 179 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი აშენებულია 1936 წელს და სახლს ფანჯრის ღიობებიც ამ დროიდან აქვს. კონდიციონერს და გენერატორს კი ხმა საერთოდ არა აქვს და გამორიცხულია რაიმე მავნე ზემოქმედება გამოიწვიოს. საკუთარი ღობის დანგრევა კი გამოწვეულია აუცილებლობით.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შ. ი-ს დაევალა ჩადგას გენერატორი 0,5 მეტრით მიწაში თავისივე სამყოფელ ადგილას ხმაურის აღკვეთის მიზნით, დაევალა აღადგინოს დანგრეული კედელი. მოსარჩელეს მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. ი-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმა.
გ. მ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივარი აღძრა რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, კონდიციონერის სახლის სხვა ფანჯარაში, გზის მხარეს, ხოლო გენერატორის ეზოს მხარეს გადატანა, ყრუ კედლებში არსებული ფანჯრების ამოშენება ან მინების შეცვლა-შეღებვა, მოპასუხის მიერ დანგრეული კედლის აღდგენა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც შ. ი-ს დაევალა გენერატორის 0,5 მეტრით მიწაში ჩადგმა და დანგრეული კედლის აღდგენა. ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. მ-ის სარჩელი, გენერატორის გადატანისა და დანგრეული კედლის აღდგენის ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. მ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 16 იანვრის განჩინებით გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სასაზღვრო მიჯნის დანიშნულებით არსებული დანგრეული კედლის აღდგენის შესახებ მოთხოვნის უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ. ი-ის სააპელაციო საჩივარი და ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება შ. ი-სათვის დანგრეული კედლის აღდგენის დავალების ნაწილში შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. მ-ის სარჩელს შ. ი-სათვის დანგრეული კედლის აღდგენის დავალების ნაწილში ეთქვა უარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არ უნდა იქნეს გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლით მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მყარი კედლის აღმართვა სასაზღვრო მიჯნაზე. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო ის გარემოება, რომ კედლის გასწვრივ სახლის გაყოლებაზე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შ. ი-ის საკუთრებას, იგი უფლებამოსილია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით. სააპელაციო პალატამ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ღობით დაცულია შ. ი-ის საკუთრება მიწაზე, ასევე არანაირი ხელყოფა არ ემუქრება გ. მ-ის საკუთრებას. ამასთან მიიჩნია, რომ მყარი კედლის აღმართვა მიზანშეუწონელია მით უფრო, რომ ასეთი კედლის არსებობის შემთხვევაში შ. ი-ს ესპობა მის საკუთრებაში სახლის გასწვრივ არსებული მიწით სარგებლობის უფლება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება, კერძოდ, არ გაითვალისწინა ჩანაწერი საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, სადაც მითითებულია, რომ სადავო მოშლილი მყარი კედელი საერთოდ არ არის შ. ი-ის მხარეზე. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე ის გარემოება, რომ ღობის მყარი კედელი აშენებულია მის (კასატორის) მიერ 1940 წელს და შ. ი-ს მისი დანგრევის უფლება არ ჰქონდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე შ. ი-მა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას გ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.