Facebook Twitter

ას-69-415-07 14 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. და ვ. ლ-ები (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. და ვ. ლ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ნ. კ-ის მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ.

გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. კ-ს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ 4900 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოცემული დავა განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ლ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. კ-ს დაეკისრა მის სასარგებლოდ 2300 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.კ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედნისა და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის წარმოსადგენად. მითითებული განჩინება მხარეს არა ერთხელ გაეგზავნა და საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების მიხედვით, 2007 წლის 20 აპრილს ჩაბარდა მის მეუღლე მ.კ-ს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და კასატორს მიეცა ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა მის გამოსასწორებლად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, საკასაციო სასამართლოს გზავნილი 2007 წლის 20 აპრილს ჩაბარდა კასატორის მეუღლე მ.კ-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით კი, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ნ.კ-ის საცხოვრებელ ადგილზე არყოფნისას ხარვეზის განჩინება მისთვის ჩაბარებულად ითვლება, ვინაიდან იგი ჩაიბარა კასატორთან ერთად მცხოვრებმა მეუღლემ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში ნ. კ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.