საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №341აპ-16 ქ. თბილისი
წ. ხ., 341აპ-16 30 ნოემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. წ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ას, ასევე მსჯავრდებულების – დ. ნ-სა და ტ. ყ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: დ. ნ-ს, – დაბადებულს ---ს, ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 11 თვე, 28 დღე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა; ტ. ყ-ას, – დაბადებულს ----ს, ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 2 თვე, 27 დღე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 2 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა; ხ. წ-ს, – დაბადებულს ----ს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ქეთევან ყიფიანს, ბრალდებულ პანტე ნაყოფიასა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს შორის, რომლის თანახმად, პ. ნ., – დაბადებული ----ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით პ. ნ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულებს – დ. ნ-ს, ტ. ყ-სა და ხ. წ-ას სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2014 წლის 29 ნოემბრიდან, ხოლო პ. ნ-ს – 2014 წლის 28 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულების – დ. ნ-სა და ტ. ყ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო მსჯავრდებულ ხ. წ-თვის – სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ხ. წ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ას, ასევე მსჯავრდებულების – დ. ნ-სა და ტ. ყ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე