Facebook Twitter

¹ას-695-1069-06 31 იანვარი 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ვ. ს-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ქონებიდან წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ს-მ ი. და კ. დ-ების მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, .... ქ.¹2-ში მდებარე, კ. დ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ი. დ-ის იდეალური წილის განსაზღვრა, ამ წილის რეალურად გამოყოფა და საჯარო რეესტრში ი. დ-ის საკუთრებაში აღრიცხვა, რათა ვ. ს-ს შემდგომში მოეხდინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ ი. დ-სათვის დაკისრებული 1708 აშშ დოლარის აღსრულება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო ბინა კ. დ-ის საკუთრებაა, რომელსაც ვ. ს-ს წინაშე არანაირი ვალდებულება არ გააჩნია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ქ. ბათუმში, ... ქ.¹2-ში მდებარე, კ. დ-ის საკუთრებაში არსებული ბინა ¹2-დან განისაზღვრა ი. დ-ის კუთვნილი იდეალური წილი და ბინის საერთო 57,66 კვ.მ ფართიდან რეალურად გამოეყო 1/4 წილი, ¹29 ოთახი ფართით 9,78 მ, დამხმარე ფართი დარჩა თანამესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში. ასევე შევიდა ცვლილებები საჯარო რეესტრში, კერძოდ ქ. ბათუმში, ... ქ.¹2-ში მდებარე ბინა ¹2-ის¼1/4 წილი აღირიცხა ი. დ-ის საკუთრებაში, რათა მომხდარიყო ვ. ს-ს სესხის უზრუნველყოფა.

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, .... ქ.¹2, ბინა 2, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა კ. დ-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი და 961-ე მუხლის პირველი ნაწილი და განმარტა, რომ დასახელებულ ნორმათა საფუძველზე თანამესაკუთრედ ცნობისა და საზიარო საგნიდან წილის გამოყოფის მოთხოვნის უფლება გააჩნდა მხოლოდ ი. დ-ს და არა ვ. ს-ს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ი. დ-სათვის დაკისრებული სესხის თანხა 1708 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ს-ს სარჩელი, ი. დ-ის მიერ ნებაყოფლობით იყო ანაზღაურებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-მ.

ვ. ს-ს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი და 961-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან ი. დ-ე ნებაყოფლობით არ უხდიდა მას სასამართლოს მიერ მის დაკისრებულ თანხებს, შესაბამისად ვერ ხერხდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და ი. დ-ის ბინის წილის აუქციონზე გაყიდვას სესხის უხრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო ბიურო ვერ ახდენდა, რადგანაც ი. დ-ის წილი რეალურად არ იყო გამოყოფილი მისი შვილის, კ. დ-ის საკუთრებაში არსებული ბინიდან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.