Facebook Twitter

ას-696-1070-06 19 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ჯ-ე (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში _ მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

დავის საგანი:

სარჩელში _ ბინიდან გამოსახლება

შეგებებულ სარჩელში _ ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად

ცნობა და საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-მ 2005 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ჯ-ის მიმათ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ბინიდან, მდებარე ქ.ბათუმში, ... ქ. ¹23-ში, მოპასუხის მის შვილთან ერთად გამოსახლება და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1995 წლის 30 იანვარს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, რაზეც გაიცა ტექნიკური პასპორტი და მოსარჩელე აღირიცხა საჯარო რეესტრში ბინის მესაკუთრედ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ცხოვრობს მის საცხოვრებელ ბინაში და მისი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს მას.

ნ. ჯ-მ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა მისი ქ.ბათუმში, ... ქ. ¹23-ში მდებარე ბინის კეთლსინდისიერ მფლობელად ცნობა და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მისი აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თანხის ანაზღაურება და ბინის რემონტის ხარჯების ანაზღაურება. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, 1995 წელს ნ. ჯ-მ მ. ს-ს სესხის სახით გადასცა 1600 აშშ დოლარი პროცენტების დარიცხვით. მისგან კი მიიღო ბინა 1000 აშშ დოლარად ერთი წლის ვადით, რაც დადასტურებულია მ. ს-ის 1995 წლის 19 ოქტომბრის ხელწერილით, საბინაო წიგნითა და ბინათმფლობლის ბეჭედით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ს-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ნ. ჯ-ე მის არასრულწლოვან შვილთან ერთად გამოსახლდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹23-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს; ნ. ჯ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. ჯ-ე გამოსახლდა ქ.ბათუმში, .... ქ. ¹23-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მ. ს-ს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹23-ში არსებული 23,9 კვ.მ ფართი 1995 წლის 30 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ირიცხება მ. ს-ის სახელზე; საქმეზე წარმოდგენილი 1995 წლის 19 ოქტომბრის ხელწერილით ირკვევა, რომ მ. ს-მ ნ. ჯ-საგან 6 თვის ვადით ისესხა 1600 აშშ დოლარი სარგებლით, ხოლო 1000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით უპროცენტოდ, რის სანაცვლოდ ნ. ჯ-ს გადასცა ბინა სარგებლობაში და ამ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მას უტოვებდა საცხოვრებელ ბინას. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ 1995 წლის 19 ოქტომბრის ხელწერილი თავისი შინაარსით წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფილი იქნა მ. ს-ის უძრავი ქონებით. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლზე და 129-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ასევე ამავე კოდექსის 286-ე და 289-ე მუხლებზე მითითებით ჩათვალა, რომ ნ. ჯ-ე წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მფლობელად და მ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა მ. ჯ-ის ბინიდან გამოსახლების თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად საფუძვლიანად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ჯ-ის არასრულწლოვანი შვილის გამოსახლების ნაწილში, რადგან დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. ჯ-ს სარჩელის წარდგენის დროისათვის არასრულწლოვანი შვილი არ ჰყავდა. ამდენად, სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოება, რის შედეგად არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნის ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოცემული ურთიერთობის დროს გამოყენებული უნდა იქნას “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონი, ვინაიდან ამ კანონის მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად სადავო საცხოვრებელ სახლში ნ. ჯ-ე რეგისტრირებული არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტის მოთხოვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და ქ. ბათუმში, ... ქ. ¹23-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, რადგან არ არსებობს ამ ქონებაზე სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლით გათვალისწინებული სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჯ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ შეისწავლა და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ აღიარებული გარემოება, რასაც ადასტურებს ხელწერილი ვალის აღების თაობაზე და თანხის მიღებით ბინის მფლობელობის დათმობა, კასატორის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად და სრულად, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 153-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არასწორია სასამართლოს მითითება ხანდაზმულობაზე, რადგან ერთმა მხარემ შეასრულა ვალდებულება, რაც გამოიხატა მისი მხრიდან თანხის გადაცემით, ხოლო მეორე მხარე დღემდე არ ასრულებს მას, რაც სასამართლოს მსჯელობის და შეფასების საგანი საერთოდ არ ყოფილა. მითუმეტეს, რომ ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ავალდებულებს მეორე მხარეს დააბრუნოს ის რაც მიიღო, ე.ი. სასამართლომ ვერ დაასაბუთა კანონის შესაბამისად თავისი მსჯელობა. ასევე სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ბინაში ცხოვრობს 1995 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ, ე.ი. მას შემდეგ რაც შეასრულა მისი ვალდებულება თანხის გადაცემის თაობაზე, ხოლო ამის შემდეგ მ. ს-ე საქართველოში არ იმყოფებოდა. ამდენად, შეუძლებელი იყო გაევლო რეგისტრაცია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 286-289-ე მუხლები, რადგან ხელწერილის დადების დროისათვის აღნიშნული კოდექსი არ მოქმედებდა. სასამართლომ არ შეაფასა მ.ს-ის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის იყო ქირავნობის ხელშეკრულება. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა ხანდაზმულობის დარღვევაზე, რადგან ხანდაზმულობა უნდა ათვლილიყო მხარისათვის შეუსრულებელი ვალდებულების შესახებ ცნობიდან. იგი როგორც კეთილსინდისიერი შემძენი 1995 წლის 19 ოქტომბრიდან ცხოვრობდა სადავო ბინაში და ყოფილ მესაკუთრეს ამ პერიოდის განმავლობაში პრეტენზია მის მიმართ არ გამოუთქვამს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე მ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ჯ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.

კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.