Facebook Twitter

ას-696-998-09 19 ოქტომბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ პ. ჯ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 22 სექტემბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე პ. ჯ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 14 000 ლარის ოდენობით ჯარიმის, 2 307.71 ლარის ოდენობით ზიანისა და 14 000 ლარის 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2005 წლის 14 ნოემბრიდან.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 25 მაისის ¹1430 ბრძანებით პ. ჯ-ძე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად 2005 წლის 5 მაისიდან დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის გასაიდუმლოებული და რადიოსარელეო კავშირგაბმულობის ოცეულის რადიოათეულის რადიოტელეფონისტად, სამხედრო წოდება “კაპრალის” მინიჭებით. მოპასუხე შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის დღიდან იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს;

2005 წლის 2 დეკემბრის ¹3128 ბრძანებით პ. ჯ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2005 წლის 3 ნოემბრიდან;

მოპასუხის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადამ შეადგინა ხუთი თვე;

პ. ჯ-ძემ 2005 წლის 5 მაისიდან 2005 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ხელფასის სახით მიიღო 2 307.71 ლარი.

სამხედრო მოსამსახურესთან დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ვალდებულება, აანაზღაუროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც, მოსარჩელის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში 14 000 ლარს შეადგენს. კონტრაქტის 7.4 მუხლით სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მათ დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. რამდენადაც მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2005 წლის 14 ნოემბრამდე, რაც არ გადაუხდია, კონტრაქტის 7.4 მუხლიდან გამომდინარე, მას უნდა დაკისრებოდა 0.2%-ის ოდენობის პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 2005 წლის 14 ნოემბრიდან მოთხოვნილი თანხის გადახდამდე.

რაც Aშეეხებოდა ზიანის სახით გადასახდელ 2 307.71 ლარს, ეს იყო თანხა, რაც დაიხარჯა სამხედრო მოსამსახურის _ პ. ჯ-ძის მომზადებაზე და რომლის ხელახლა გაღება სამინისტროს მოუწია მის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნის გამო, ვინაიდან ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნა დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დასახელებულ მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 394.1, 407-ე, 414-ე მუხლებზე და მათზე დაყრდნობით მოპასუხისაგან ზემომითითებული ოდენობით ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა (ტომი I, ს.ფ. 4-15).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 73-79).

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 84-94).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 მარტის განჩინებით აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა პ. ჯ-ძის მიმართ ზიანის _ 2 307.71 ლარის დაკისრების შესახებ; მითითებული სასარჩელო მოთხოვნა განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე შესამოწმებელი იყო მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა, რაც სამოქალაქო საქმეთა პალატის კომპეტენციას წარმოადგენდა. ასეთ დასკვნას განაპირობებდა სასამართლო წესით დასაცავი უფლების მატერიალური შინაარსი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და უფლებები, რომელთა დასაცავადაც აღიძრა სარჩელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ ნაწილში დავა სამოქალაქო ხასიათის იყო, რის შესაბამისადაც არ არსებობდა დავის გადაწყვეტისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენების საჭიროება.

საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლებს, რომელთა განმარტების შედეგადაც ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა განსახილველად ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაუქვემდებარა (ტომი I, ს.ფ. 109-113).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დამქირავებლის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის გადახდილი ხელფასის უკან დაბრუნების შესაძლებლობას, არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ აღნიშნული თანხა იყო იმ თანხის ეკვივალენტური, რაც დაიხარჯა პ. ჯ-ძის მომზადებასა და ამ კონტრაქტის დარღვევის გამო ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს არ განუმარტავს, თუ რაში გამოიხატა პ. ჯ-ძის მომზადება და გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასისა, რა თანხა გადაიხადა ამისათვის. მისი აზრით, ზოგადი განმარტება იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის მოსამზადებლად დახარჯულ თანხას, არ იყო საკმარისი სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსზე, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულების, ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქმეზე დგინდებოდა, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.

სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, იმისათვის, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, აუცილებელია არსებობდეს ზიანის ფაქტი. აპელანტის განმარტებიდან აღნიშნული არ დასტურდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის მოთხოვნა არ გამომდინარეობდა არც კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობებიდან, რამდენადაც აპელანტი მოითხოვდა მოწინააღმდეგე მხარისათვის სამართლებრივი საფუძვლით გადაცემული თანხის უკან დაბრუნების დაკისრებას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. ჯულაყაძის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლიდან. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

რაც შეეხებოდა აპელანტის შუამდგომლობას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მისი დაუკმაყოფილებლობა დაასაბუთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ, თუ დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები იურიდიულად გაამართლებს მოთხოვნას. ასეთს კი მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა (ტომი II, ს.ფ. 34-38).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივებით:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოცემული საქმე გადასცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ე.ი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციით საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად გაეუქმებინა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, რამდენადაც მოვალისათვის წინასწარ იყო ცნობილი სავარაუდო ზიანი, კერძოდ, პ. ჯ-ძე გაცნობილი იყო კონტრაქტის 8.3 და 8.4 მუხლების შინაარსს, რომლებიც კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში პირდაპირ მიუთითებენ სავარაუდო ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობაზე.

საგულისხმოა, რომ კონტრაქტის დადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა. მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევით ვერ იქნა მიღწეული დასახული მიზანი. კონტრაქტის დარღვევით ზიანი მიადგა არა მარტო თავდაცვის სამინისტროს, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ინტერესებს, რადგან კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო მიიღებდა ჩამოყალიბებულ სამხედრო მოსამსახურეს.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ, ხოლო შეიარაღებული ძალების ყოველგვარი უზრუნველყოფისათვის გამოიყოფა შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებები. როდესაც სამხედრო მოსამსახურე ვადაზე ადრე შეწყვეტს კონტრაქტს, აუცილებელია გათავისუფლებული ადგილის შევსება. ყოველივე ამას დამატებითი თანხები ესაჭიროება, თუნდაც ეს იყოს ხელფასი და სხვა სახის დანამატი.

ამდენად, ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნა საქართველოს კანონმდებლობით ახალი ხარჯების, მათ შორის, ხელფასის გაცემასთანაა დაკავშირებული. სწორედ აქედან გამომდინარეობს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანი და მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ექვემდებარება უპირობო გაუქმებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ანალოგიური დავების განხილვა საგნობრივად ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადია, რაც დადგინდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით (ს.ფ. 46-55).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია პ. ჯ-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და პ. ჯ-ძეს შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულია, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურით და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 2 დეკემბრის ¹3128 ბრძანებით თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის გასაიდუმლოებული და რადიოსარელეო კავშირგაბმულობის ოცეულის რადიოათეულის რადიოტელეფონისტი, “კაპრალი” პ. ჯ-ძე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი მოპასუხის სურვილით შეწყდა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანია.

ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი (“ადმინისტრაციული ხელშეკრულება”) სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინება;

საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.